საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის XX ტურში, თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის აუტსაიდერი კლუბი “პერიგო” ლიდერ გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლის” დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ უდისციპლინობის გამო სამჯერ დაისაჯა ყვითელი ბარათით, 20 წუთი კაცნაკლულმა ითამაშა და საბოლოოდ, მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა.
პერიგოელები ლიგაში დასარჩენად იბრძვიან და მათთვის ყოველი ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ასეთი, თითქმის მოგებული მატჩების წაგება გააგრძელეს, შორს ნამდვილად ვერ წავლენ. 20 თამაშიდან, მხოლოდ 3 მოიგეს, 17 წაგებულ თამაშში კი, 10 მცირე სხვაობით დათმეს და პრემიალური ქულები ჩაიწერეს, მაგრამ ჯამში 22 ქულით ისინი მაინც ბოლო ადგილზე რჩებიან და ჯერ კიდევ მიიჩნევიან გავარდნის უპირველეს კანდიდატებად. ერთი თამაში ნაკლები და 22 ქულა აქვს “ბეზიესაც”, აი, მე-14 ადგილს კი, რომელიც Pro D2-ში დარჩენის გარანტიაა, ეს გუნდები 7-7 ქულით ჩამორჩებიან.
“გრენობლთან” მატჩში სტუმართა განაცხადში კვლავ არ იყო მენაბდიშვილი, სამაგიეროდ, მასპინძელთა სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იდგა. პირველხაზელმა დავით დადუნაშვილმა მე-15 წუთზე მეტოქის პირველხაზელთან ურთიერთობის კაცურად გარკვევა გადაწყვიტა და ორივე მათგანი სინბინით დაისაჯა. მთლიანობაში, მან მოედანზე 61 წუთი გაატარა. ასევე პირველხაზელი მარგველაშვილი მწვრთნელმა შესვენების შემდეგ შეცვალა, ხოლო შუამარბმა ზიბზიბაძემ სრულად ითამაშა.
სტუმრები ორი ჯარიმით მე-15 წუთისთვის 6:0 დაწინაურდნენ, მასპინძლებმა ერთი საპასუხო დარტყმა 2 წუთში, მეორე კი, ტაიმის მიწურულს შეასრულეს და პირველი ნახევარი 6:6 დასრულდა. “პერიგო” სინბინით 57-ე წუთზე დაისაჯა, მაგრამ გაძლო და 68-ე წუთზე ჯარიმითაც დაწინაურდა, თუმცა, ერთ წუთში რეფერიმ მათი კიდევ ერთი მორაგბე გაასინბინა, ამჯერად მეტობით “გრენობლმა” კარგად ისარგებლა, 73-ე წუთზე ლელო გაიტანა და 11:9 იმარჯვა. “გრენობლს” 19 თამაშის შემდეგ 68 ქულა აქვს, სატურნირი ცხრილის პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ “დაქსს” სამი ქულით უსწრებს. შეგახსენებთ, რომ Pro D2-ის პირველადგილოსანი Top 14-ის საგზურს პირდაპირ იღებს, ხოლო მეორე-მეხუთეადგილოსნები მეორე საგზურისთვის ბრძოლას პლეი ოფში აგრძელებენ.
მეორე “ქართულმა” გუნდმა, ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილის და კარლენ ასეიშვილის “ორიაკმა”, რომელიც ასევე ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, საკუთარი შეხვედრა “ექს-ან-პროვანსთან” სტუმრად ფრედ, 18:18 დაასრულა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა მეორეხაზელმა დათუნაშვილმა, პირველხაზელი ასეიშვილი მოედანზე 52-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ნაცარაშვილი განაცხადში ვერ მოხვდა. ორივე გუნდმა ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 15:12 მოიგეს, მერე “ორიაკი” დაწინაურდა სამი ქულით, მაგრამ 62-ე წუთზე წონასწორობა აღდგა და მატჩიც ასე დასრულდა. “ორიაკს” 36 ქულა აქვს, მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მთელი 14 ქულა აშორებს.
დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა Top 14-ის საგზურისთვის მებრძოლმა დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პომ” მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბთან”. სამწუხაროდ, ამ მატჩში მონაწილეობა ქართველ ლეგიონერებს არ მიუღიათ. “ტარბმა” პირველი ტაიმი 17:9 მოიგო, 72-ე წუთისთვის კი, 27:18 დაწინაურდა, მაგრამ დარჩენილ დროში ვეღარ გაძლო, 77-ე წუთზე ჯარიმა გაუშვა, ბოლო წუთზე ლელო მიიღო და რადგან რეალიზაციაც ზუსტი იყო, “პომ” 28:27 იმარჯვა. “პო” 59 ქულით მესამე ადგილზეა (20 თამაში), ხოლო “ტარბმა” 42 ქულა დააგროვა (19 თამაშიდან) და მე-11 ადგილს იკავებს.
საუკეთესო ხუთეულში მოსახვედრად იბრძვის კახა კობერიძეს “ალბი”, რომელმაც “ოშს” 14:12 აჯობა, მაგრამ ქართველ ლეგიონერს ამ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 78-ე წუთზე გატანილი არეკნით12:9 დაწინაურდნენ, მაგრამ “ალბომ” ბოლო შეტევა ლელოთი დააგვირგვინა და ამის ხარჯზე იმარჯვა. “ალბის” 19 თამაშიდან 51 ქულა აქვს და “ლა როშელთან” ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილს იყოფს. Pro D2-ის მომდევნო ტური 25-26 თებერვალს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია