ინტერვიუ

10:52 | 2.03.2016 | ნანახია 2709 - ჯერ

ხვიჩა ბუჯიაშვილი: „უფრო სწრაფი და ტექნიკური გავხდი“

23 წლის შერკინების შემკვრელ ხვიჩა ბუჯიაშვილს უმძიმესი ტრავმის გამო ფაქტობრივად მთელი წელიწადი გაუცდა. შედეგად, მიმდინარე სეზონის წინ ის პრო დ2-იდან ფედერალ 1-ში დაქვეითებულ „მასიში“ გადავიდა და ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდება.

ბუჯიაშვილი ქართველმა ქომაგმა თბილისში გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიო თასის „ალაფიდან“ გაიცნო, რის შემდეგაც იყო თბილისის „არმია“ და მერე პრო დ2-ის „ალბის“ ესპუართა გუნდი. ერთხელ ხვიჩამ „ალბის“ პირველ გუნდშიც ითამაშა, მაგრამ მერე ტრავმის გამო რადარებიდან გაქრა. „მასიში“ მისვლის შემდეგ ბუჯიაშვილი ნელ-ნელა ზრდიდა სათამაშო დროს, ბოლო ორი თამაშია კი, სასტარტო შემადგენლობის მორაგბედ იქცა. სასიამოვნოა, რომ „მასი“ ფედერალ 1-ის რიგითი არა, პრო დ2-ში აღზევებისთვის მებრძოლი გუნდია და დიდია ალბათობა, მომავალ სეზონს ქართველების გუნდი კვლავ მეორე ელიტარულ დივიზიონში აღზევდეს.

იყო დრო, როდესაც საქართველოს ნაკრების ძირითად ბირთვს ფედერალ 1-ში მოთამაშე მორაგბეები შეადგენდნენ. საბედნიეროდ, ახლა ეს შეიცვალა და ამ დივიზონიდან მორაგბეთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. ალბათ, ხვიჩას შემთხვევაში ეროვნულ ნაკრებზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ რადგან ასაკიც უწყობს ხელს, შესაძლოა, ამ ეტაპზე ის „მზარდი საქართველოსთვის“ საინტერესო მოთამაშე აღმოჩნდეს.

- დიდი ხანია თქვენს შესახებ არაფერი გვსმენია, რა გზა გაიარეთ საფრანგეთში, „ალბისესპუართა გუნდიდანმასიმდე“?

- მესამე წელია რაც საფრანგეთში ვარ და პირველი 2 წელი „ალბის“ ესპუართა გუნდში გავატარე. კონტრაქტი რომ დამიმთავრდა „მასიდან“ მივიღე შეთავაზება და მასთან პროფესიონალურ კონტრაქტს მოვაწერე ხელი.

- დიდია განსხვავება საქართველოს, „ალბისესპუართა გუნდისა დამასისმოსამზადებელ პროცესებს შორის?

- საქართველოში გავიარე და ვითამაშე ყველა ასაკობრივ ნაკრებში, შემართება არ მაკლდა და დიდი მონდომებით ვემზადებოდი. საქართველოსა და საფრანგეთის შედარება გამიჭირდება, რაც შეეხება „ალბისა“ და „მასის“ მოსამზადებელ პროცესებს, უწინარესი განსხვავება ისაა, რომ „ალბიში“ ესპუარი ვიყავი, ახლა კი, პროფესიონალი ვარ.

- და რაში გამოიხატებოდა ეს სხვაობა?

- მიუხედავად იმისა, რომ „ალბი“ პრო დ2-ის გუნდია, ხოლო „მასი“ ფედერალ 1-ის, ესპუართა და პროფესიონალურ კონტრაქტებს შორის მაინც დიდი სხვაობაა. რა თქმა უნდა, მზადება „ალბიშიც“ სრული დატვირთვით მიმდინარეობდა, თუმცა ეს იყო პროფესიონალობისთვის მომზადება. იმ ასაკში „ალბის“ ესპუარებში გატარებულმა წლებმა დიდი გამოცდილება შემძინა, რის შემდეგაც „მასიში“ ადაპტაციის გავლა გამიადვილდა. ახლა პროფესიონალი მოთამაშე ვარ, სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და მეტ პასუხისმგებლობას ვგრძონ. შემართება და მონდომებაც იმაზე ბევრად მეტი მაქვს, ვიდრე აქამდე მქონდა.

- ალბისპირველ გუნდში, პრო 2-ში ერთხელ შეცვლაზე ითამაშეთ. რა იყო მიზეზი იმისა, რომ პროფესიული კონტრაქტი არა პრო 2-ის, არამედ ფედერალ 1-ის გუნდთან გააფორმეთ?

- „ალბიში“ ყოფნის მეორე წელიწადს სერიოზული ტრავმა მივიღე და მუხლზე ჯვარედინის ოპერაცია გავიკეთე, რის გამოც სრული 9 თვე გამიცდა და სწორედ ამ დროს ამომეწურა კონტრაქტის ვადა. „მასი“ პრო დ2-ში გასულ სეზონში დაქვეითდა და წელსვე უნდა იქ დაბრუნება. ამიტომ, შეთავაზება რომ მივიღე ბევრი აღარ მიფიქრია. რამდენიმე შემოთავაზება იყო და ვფიქრობ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. ტრავმის მიღებიდან უკვე დიდი დრო გავიდა და ჩვეული ფორმა დავიბრუნე.

- მასიზეარჩევნის გაკეთებაზე იმანაც ხომ არ იმოქმედა, რომ ეს გუნდიპატარა საქართველობა“?

- „პატარა საქართველო“ ნამდვილად კარგი შედარებაა. ქართველი მწვრთნელი გვყავს - ვიქტორ დიდებულიძე და გუნდში 4 ქართველი მორაგბე ვართ. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლო სასიამოვნო ფაქტია და არა გავლენა. ჩემთვის მთავარი კარიერული წინსვლაა და დიდი რაგბისკენ. „მასისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით შემიძლია და იმედია, გაისად უფრო მაღალ დონეზე ვითამაშებ.

- ქართული რაგბის გულშემატკივარს ემახსოვრება თქვენი თამაში თბილისისალაფაზედა საქართველოს ჩემპიონატში, რა კომპონენტებში მოუმატე ბოლო 3 წლის განმავლობაში?

- შეიძლება ითქვას, 3 წელიწადია მოსამზადებელ შეკრებაზე ვარ. ვფიქრობ, ამ პერიოდში დავიხვეწე და განვვითარდი, ჩამომიყალიბდა უკეთესი სათამაშო ტექნიკა და უფრო დიდი გამოცდილება მივიღე. აქტიური ფიზიკური მომზადების წყალობით, უფრო სწრაფი და ტექნიკური მოთამაშე გავხდი.

- უკვე ვთქვით, რომმასისმიზანი პრო 2 ში დაბრუნებაა. ჯგუფში ლიდერობთ, მაგრამ რამდენად რეალურია ამ მიზნის შესრულება და რა არის მიზეზი იმისა, რომმასი“, რომელიც რამდენიმეჯერ აღზევდა პრო 2-ში, იქ დამკვიდრებას ვერ ახერხებს?

- მე პირველი წელია რაც აქ ვთამაშობ და წარსულზე ვერაფერს ვიტყვი. წელს ფედერალ განსხვავებული სისტემით ტარდება. უწინდელივით, პლეი ოფში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული კი არა, ოთხი ჯგუფის გამარჯვებული და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის. პლეი ოფში გასასვლელად და იქ წარმატების მისაღწევად, ახლა უწინდელზე დიდი ბრძოლების გადატანა მოგვიწევს და ვფიქრობ, ეს გამოცდილება პრო დ2-შიც დაგვეხმარება.

ნინუცა კაპანაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088755