ამბები

2:26 | 8.03.2012 | ნანახია 5865 - ჯერ

გარდაიცვალა გურამ მოდებაძე (“ბურძგლა”)

ქართული რაგბის თემი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 7 მარტს, 65 წლისა, უეცრად გარდაიცვალა გამოჩენილი მწვრთნელი და მოთამაშე, “ბურძგლად” ცნობილი გურამ მოდებაძე.
იგი ჭიათურაში დაიბადა. 9 წლის ასაკიდან ცხოვრობდა ვაკეში, რიგის 9-ში. დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი და დიდ ხანს ექიმად მუშაობდა რკინიგზის სისტემაში.
სპორტში ჭაბუკობიდან ჩაება. რაგბში 22 წლისა მოვიდა. მალევე აიყვანეს საქართველოს საუკეთესო გუნდ “ლოკომოტივში”. თამაშობდა ჰუქერად (იმხანად 1 ნომერი).
1972 წელს რკინიგზის გუნდმა საკავშირო პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. გურამმა უმაღლეს ლიგაში თამაშს თავი 1977 წელს მიანება და ხელი მწვრთნელობას მოჰკიდა.
“ბურძგლა” სხვადასხვა დროს ავარჯიშებდა საკლუბო გუნდებს (სპი, თსუ, სამხატვრო აკადემია, ლოკომოტივი, ასკ, რუსთავი, გუმარი, დევები) და ბევრი ცნობილი ოსტატი აღზარდა.
1995-99 წლებში იყო საქართველოს “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით, ორჯერ ვძლიეთ რუსეთი და შევედით მსოფლიოს მოწინავე 25-ეულში, რითაც 2000 წლიდან, დაფუძნებისთანავე, მოვხვდით “ერთა თასის” ელიტაში.
ამ საუკუნეში რამდენიმე ვადით მუშაობდა აზერბაიჯანში და დიდი წვლილი დასდო იქ რაგბის აღორძინებას.
დაოჯახდა 1973 წელს. ორივე ვაჟი – შოთა და ირაკლი მამის კვალს გაჰყვა და “ბორჯღალოსანი” გახდა.
“ბურძგლას” ხსოვნა მარად იცოცხლებს რაგბის თემში.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081891