ამბები

14:07 | 30.03.2012 | ნანახია 3955 - ჯერ

ქართველი ჭაბუკები ინგლისელებთან დამარცხდნენ

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ესპანეთში მიმდინარე ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში, ინგლისელ თანატოლებთან 8:58 განადგურდა.
ინგლისელებმა საწყის 35 წუთში (18-წლამდელებში ტაიმის ხანგრძლივობა 35 წუთია) სამი ლელო გაიტანეს, სამივე გარდასახვა გამოიყენეს და ორჯერ ჯარიმიდან იხეირეს, რაზეც ქართველებმა მხოლოდ ერთი ჯარიმით უპასუხეს, მეორე დარტყმა კი, არაზუსტი აღმოჩნდა. ამასთან, რეფერიმ ორი ქართველი მორაგბე გაასინბინა.
მეორე ნახევრის დასაწყისში, ინგლისელებმა უპირატესობა გაზარდეს, მერე ქართველებმა პრესტიჟის ლელოს გატანა სცადეს, მაგრამ კონტრშეტევაზე ლელო აქეთ მიიღეს. პატარა “ბორჯღალოსნების” ერთ-ერთი მიძალება, ინგლისელებმა წესების დარღვევით შეაჩერეს და უკვე ისინი დაისაჯნენ სინბინით, მაგრამ კაცნაკლულებმა კონტრშეტევით მე-6 ლელო მიითვალეს და 48:3 დაწინაურდნენ. ქართველი ჭაბუკების მონდომებამ შედეგი გამოიღო და თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, მათ პრესტიჟის ლელო გაიტანეს, მაგრამ საფინალო სასტვენამდე ორი ლელო თავად მიიღეს და ინგლისმა 50 ქულიანი უპირატესობით იმარჯვა - 58:8.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 3 აპრილს გამართავს და V ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას, რომლის ნახევარფინალშიც უელსისა და იტალიის წყვილს შორის დამარცხებულ გუნდს შეხვდება. მეტოქეთა თამაში თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085403