საქართველოს მორაგბეთა “ა” ნაკრები, რომელიც 18 მარტიდან ბრიტანულ ტურნეზე იმყოფება, დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე თავის ბოლო, მესამე ტესტ-მატჩს გამართავს.
ლევან მაისაშვილის შეგირდებმა წლევანდელ ტურნეზე უკვე დაამარცხეს ინგლისური კლუბი “ეშერი” (25:8) და ცოტა ხნის წინ დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს უელსის პრემიერლიგის ნაკრებს (36:32). აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩში ქართველმა მორაგბეებმა 5-5 ლელო გაიტანეს, ჯარიმა კი, მხოლოდ ერთხელ, უელსელებთან მატჩის ბოლო წუთზე დაარტყეს კარში, რითაც ნერვები დაიმშვიდეს და გამარჯვება დაიბევეს.
ამჯერად ქართველთა მეტოქე RGC 1404 იქნება, რომელსაც ჩრდილოეთ უელსის ნაკრებიც შეგვიძლია ვუწოდოთ. მეტოქე გუნდში მრავლად არიან ახალგაზრდა მორაგბეები, 11 მათგანი 18-20 წლისაა, თუმცა, საქართველოს “ა” ნაკრებიც, რომლის მიზანიც ეროვნული გუნდისთვის ნიჭიერი მორაგბეების შერჩევაა, ძირითადად ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს “ა” ნაკრებს, რომელიც ქართული რაგბის 50 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით 2009 წელს შეიქმნა, ჯერ თამაში არ წაუგია და იმედია, ეს ტრადიცია ამჯერადაც შენარჩუნდება.
დაარსების წელს ეროვნული გუნდის რეზერვმა პოლონეთისა და უკრაინის ნაკრებებს თბილისში სძლია, მომდევნო წელს სამხრეთ აფრიკა, შარშან კი ბრიტანეთი გამარჯვებით მოიარა და წლეულს იმავე ბრიტანეთში წარმატებით ასპარეზობს. დღევანდელი თამაში კონვის საგრაფოში, “ეირიას პარკზე” გაიმართება, სადაც უელსის ახალგაზრდული და “ა” ნაკრებები ხშირად ოფიციალურ შეხვედრებს ატარებენ. აღსანიშნავია, რომ “ეირიას პარკი” რეგიონში უდიდეს სარაგბო ცენტრად კეთდება, მშნებლობები მიმდინარე წელს დასრულდება და მისი ღირებულება 6,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება.
მომავალი სეზონიდან (2012-2013), RGC 1404 უელსის პრემიერლიის პირველ დივიზიონში, რეგიონალურ გათამაშებაში გეგმავს ჩაბმას, რამაც ჩრდილოეთ უელსში რაგბის პოპულარიზაციას უნდა შეუწყოს ხელი. გუნდის ხელმძღვანელობამ გულშემატკივრებს სტადიონის შევსებისკენ მოუწოდა, რათა მათი მხარდაჭერით ქართველების დამარცხება შეძლონ და ამით საკუთარ აღმასვლას საფუძველი ჩაუყარონ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია