ამბები

19:15 | 31.03.2012 | ნანახია 2239 - ჯერ

“არმიამ” “ბაგრატთან” წაივარჯიშა

რა უნდა ითქვას შეხვედრაზე, რომელშიც ერთი გუნდი მეორეს 14 ლელოს გაუტანს, ის მეორე კი, მეტოქის ჩათვლის მოედანთან მიახლოებას მხოლოდ ერთხელ, მცველების შეცდომის ხარჯზე ახერხებს? ეს ის შემთხვევაა, როდესაც ანგარიში ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს და ახლა არჩევანის თავიდან გაკეთების საშუალება რომ იყოს, უპირატესობა აუცილებლად მეორე თამაშს ექნებოდა.

მაგრამ მატჩის დაწყებამდე იყო მიზეზები, რის გამოც “ავჭალის” სტადიონზე გასამართ შეხვედრაზე დასწრება გადავწყვიტე: ის მეორეზე ერთი საათით ადრე იწყებოდა, ანუ, საგაზაფხულო ტურნირის (უმაღლესლიგელების ჩართვით) გახსნითი თამაში იყო, საინტერესო იყო, რას წარმოადგენდა პირველი ლიგის მომგები მეორე ქუთაისური გუნდი, “არმიას” საქართველოს “ა” ნაკრებში მივლინებული 10 მორაგბე აკლდა და ეს, ერთი შეხედვით, მეტოქეს გამარჯვებაზე თუ არა, ბრძოლაზე ფიქრის საშუალებას აძლევდა...
სამწუხაროდ, ბრძოლა პრაქტიკულად არ შედგა. არმიელთა განახავრებულ შემადგენლობაშიც კი, მრავლად იყვნენ ისეთი მოთამაშეები, რომელთაც უკვე გაითქვეს სახელი სხვადასხვა დონეზე წარმატებული გამოსვლით (ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრები, 7-კაცა ნაკრები) და მათ უპრობლემოდ აჯობეს უმაღლეს ლიგაში დარჩენაზე მეოცნებე “ბაგრატს”. ქუთაისელებს მონდომება არ აკლდათ, მაგრამ კლასში და საშემსრულებლო ოსტატობაში იმდენად დიდი იყო სხვაობა, რომ ჩემპიონი თუ მოინდომებდა, 100-ქულიან ზღვარსაც უპრობლემოდ გადაცდებოდა.
პირველი ლელო მე-8 წუთზე გავიდა, როდესაც სტუმრებმა ცენტრალურ ხაზთან დაკარგეს ბურთი, მას ფეხი ლევან გოგოლაძემ წაკრა, მიყვა, სისწრაფეში ყველა უკან მოიტოვა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. მალე “ბაგრატმა” ჯემალ ვასაძის ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მერე თამაზ მჭედლიძე გაიჭრა მარჯვენა ფლანგზე, ქუთაისელებმა პირველ მიძალებას გაუძლეს, მაგრამ ბურთის ხეირიანად გამოტანა ვერ შეძლეს და კვლავ მჭედლიძემ ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა. 3 წუთში თბილსელებმა იოლად გაშალეს ბურთი მეტოქის 22-ში და ამჯერად ლელო ბახვა კობახიძემ მიითვალა, რომელმაც აქამდე სამივე რეალიზაცია გამოიყენა.
ვასაძემ ჯერ 55 მეტრიდან სცადა ჯარიმის გატანა, მისი დარტყმა არაზუსტი იყო, ცოტა ხანში კი, უფრო ხელსაყრელი სიტუაციიდან უშეცდომოდ დაარტყა. ამას “არმიამ” დასკვნით 10 წუთში კიდევ სამი ლელოთი უპასუხა, ჯერ უდესიანმა იყოჩაღა, მერე მჭედლიძემ კიდევ ერთხელ კარგად გაჭრა ხაზი, ბოლოს კი, თავი დარასელიამ გამოიჩინა. კობახიძემ სამიდან ერთი გარდასახვა გამოიყანა და რადგან ბოლო წამზე ვასაძის ჯარიმა არაზუსტი იყო, ტაიმი 38:6 დასრულდა.
განახლდა თამაში და “არმიამ” ნაირნაირი ლელოების გატანა გააგრძელა. შესვნებისას შეცვლაზე შესულმა ჟღენტმა თავისი წილი ლელო 2 წუთში გაიტანა, მერე ბუჯიაშვილის ჯერი დადგა, 52-ე წუთზე დარასელიამ მეტოქის ჩათვლის მოედნამდე საკუთარი ნახევრიდან ისე ირბინა, რომ ვერავინ შეაჩერა, ხოლო 56-ე წუთზე გოგოლაძის წამოწყებული იერიში კაკოვინმა დააგვირგვინა. კობახიძემ მხოლოდ ერთი რეალიზაცია გამოიყენა - 60:6. “ბაგრატმა” თავისი აუტი წააგო, მაგრამ არმიელებმა ბურთი ვერ დაიმორჩილეს და ხუციშვილმა პრესტიჟის ლელო გაიტანა, თუმცა, ეს თბილისელებმა არ აპატიეს და დარჩენილ 10 წუთში დარასელიამ, მჭედლიძემ, ბუჯიაშვილმა და ელიზბარაშვილმა ქუთაისელთა ჩათვლის მოედანში კიდევ ოთხჯერ შეაღწიეს.
“არმაზისა” და უმაღლეს ლიგაში აღზევებული “ბათუმი XV”-ის შეხვედრა “შევარდენზე” ერთი საათის შემდეგ დაიწყო და იქ მისულმა გულშემატკივარმა ბრძოლა იხილა. თბილისელებმა ზღვისპირელებს 20:18 აჯობეს და “ბათუმმა” მცირე სხვაობით მარცხისთვის ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა. ხვალ ბრძოლაში მეორე ჯგუფის ექვსეული ჩაერთვება. თბილისში ორი თამაშია დანიშნული, ქუთაისის “აია” კი, “თიბისის” მალთაყვაში უმასპინძლებს.
 
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
I რაუნდი. 31 მარტი
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 100 მაყურებელი
არმია (თბილისი) - ბაგრატი (ქუთაისი) 82:13 (38:6)
არმია: 15. ბ. კობახიძე, 14. ლევან გოგოლაძე, 13. თამაზ მჭედლიძე, 12. მამუკა ნინიძე, 11. ვანო გაბროშვილი, 10. გიორგი ელიზბარაშვილი, 9. ალეკო ზაბახიძე; 1. ირაკლი ქორიძე (თორნიკე ჯიბლაძე 41), 2. გიორგი კაკოვინი, 3. გიორგი ხოსიტაშვილი (ტარიელ დონაძე 41), 4. მიხეილ არჩუაშვილი, 5. ხვიჩა ბუჯიაშვილი, 6. ლევან დარასელია (მამუკა ცხადაძე 68), 7. ლაშა თავართქილაძე, 8. ბესიკ უდესიანი (გიორგი ჟღენტი 41).
14 ლელო: გოგოლაძე, მჭედლიძე (2, 5, 11), კობახიძე, უდესიანი, დარასელია (6, 10, 12), ჟღენტი, ბუჯიაშვილი (8, 13), კაკოვინი, ელიზბარაშვილი
6 გარდასახვა: კობახიძე
მწვრთნელი: ნიკოლოზ ჭავჭავაძე
ბაგრატი: 15. ბექა ტორაძე (გიორგი შავგულიძე 57), 14. გიორგი ზიბზიბაძე, 13. გიორგი თუთბერიძე, 12. ჟორჟ სალდაძე, 11. ჯუმბერ ბალანჩივაძე, 10. ჯემალ ვასაძე, 9. თორნიკე ლეკვეიშვილი (გიორგი ლომინაძე 41); 1. მიხეილ რატიშვილი, 2. ბექა გიგაშვილი (ნუგზარ ბალანჩივაძე 50), 3. ირაკლი ულუმბელაშვილი (ოთარ ხუციშვილი 45), 4. ელდარ ბოჭორიშვილი, 5. ამირან ჩიტეიშვილი (ბუხუტი მატარაძე 41), 6. ნოდარ ნუცუბიძე, 7. ზვიად გუდაძე (მირიან ქარჩხაძე 48), 8. ნიკა ჯანელიძე (გოგიტა დარსაველიძე 16).
1 ლელო: ხუციშვილი
1 გარდასახვა: ვასაძე
2 ჯარიმა: ვასაძე
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი) 20:18
 
1. არმია       1 1 0 0 82-13 5
2. არმაზი    1 1 0 0 20-18 4
3. ბათუმი    XV 1 0 0 1 18-20 1
4. ლელო      0 0 0 0 0-0 0
5. აკადემია  0 0 0 0 0-0 0
6. ბაგრატი   1 0 0 1 13-82 0
 
II რაუნდი. 7-8 აპრილი
ლელო - ბაგრატი 
აკადემია - ბათუმი XV
არმია - არმაზი 
12 აპრილი. I რაუნდის გადადებული მატჩი
ლელო - აკადემია 
III რაუნდი. 21-22 აპრილი
ბათუმი XV - ლელო 
აკადემია - არმია 
ბაგრატი - არმაზი 
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
არმაზი - ლელო 
ბათუმი XV - არმია 
ბაგრატი - აკადემია 
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
არმია - ლელო 
ბათუმი - ბაგრატი 
არმაზი - აკადემია 
 
II ჯგუფი
I რაუნდი. 1 აპრილი
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
თბილისი. შევარდენი”. 16:00 საათი
ხარები (რუსთავი) - ჯიქები (თბილისი)
ფოთი (მალთაყვა). 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - თიბისი (თბილისი)
 
II რაუნდი. 7-8 აპრილი
თიბისი - ლოკომოტივი 
ყოჩები - ჯიქები 
ხარები - აია 
III რაუნდი. 21-22 აპრილი
ჯიქები - ლოკომოტივი 
აია - ყოჩები 
თიბისი - ხარები 
IV რაუნდი. 28-29 აპრილი
ლოკომოტივი - ხარები 
ჯიქები - აია 
ყოჩები - თიბისი 
V რაუნდი. 5-6 მაისი. (მასპინძელს გამოავლენს წილისყრა)
აია - ლოკომოტივი 
თიბისი - ჯიქები 
ყოჩები - რუსთავი 
 
12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
I ჯგუფის გამარჯვებული - II ჯგუფის მეორეადგილოსანი 
II ჯგუფის გამარჯვებული - I ჯგუფის მეორეადგილოსანი 
26 ან 27 მაისს ფინალი
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102783