საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ქართველი ლეგიონერების ორმა გუნდმა საჩემპიონო პლეი ოფში თამაში გაინაღდა, სამს იქ მოხვედრის კარგი შანსი აქვს, ორი სატურნირო ცხრილის შუაშია, ერთი კი, უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ Top 14-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი Pro D2-ში ვარდება, ხოლო ექვსი მოწინავე ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფში აგრძელებს. სატურნირო ცხრილის პირველ ორ ადგილზე გასული გუნდი პირველი ეტაპისგან თავისუფალია, ერთი კვირა ისვენებს, მეტოქეებს ნახევარფინალში ელოდება და ამასთან, ერთმატჩიან დუელში საკუთარი მოედნის უპირატესობით სარგებლობს. პლეი ოფის პირველ ეტაპზე ერთრაუნდიან ჯახში მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხე - მეხუთე გუნდს მასპინძლობს და მათ შორის გამარჯვებული ორი გუნდი ნახევარფინალში გადის. ერთმატჩიანი ნახევარფინალის გამარჯვებულები ჩემპიონს ფინალურ მატჩში გამოავლენენ.
რეგულარული პირველობის ლიდერმა, აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ” XXII რაუნდში პარიზში “სტად ფრანსე” 22:18 დაამარცხა, 78 ქულა დააგროვა, მე-7 ადგილზე მყოფ “სტად ფრანსესთან” უპირატესობა 25 ქულამდე გაზარდა და პლეი ოფში თამაში გაინაღდა, ოღონდ, ჯერ კიდევ მოუწევს ბრძოლა “შეღავათიანი” პირველ-მეორე ადგილის დასაკავებლად.
განვლილ შეხვედრას 75 ათასი მაყურებელი დაესწრო, მაგრამ სამწუხაროდ, მასში მონაწილეობა ქართველ ლეგიონერებს არ მიუღიათ. გიორგაძე ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე ვერც ითამაშებს, ბრეგვაძე კი, განაცხადში ვერ მოხვდა. “ტულუზამ” ტაიმი 13:9 მოიგო, მეორე ნახევარში მასპინძლებმა ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანა ორჯერ შეძლეს, მაგრამ სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს 4-ქულიანი უპირატესობის აღდგენა. ტულუზელები მესამეადგილოსან “ტულონს” 15 ქულით უსწრებენ და ალბათ, პირველ-მეორე ადგილის შენარჩუნება არც გაუჭირდებათ, აი, მე-2 საფეხურზე მყოფ “კლერმონს” კი, მხოლოდ 4 ქულით უსწრებენ და რეგულარული პირველობის მოსაგებად ბრძოლა ჯერ კიდევ მოუწევთ.
დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” “ბიარიცთან” სტუმრად 14:15 დამარცხდა, მაგრამ ამით მხოლოდ ლიდერს ჩამორჩა, თორემ 74 ქულით მე-2 ადგილზე დარჩა და მე-7 ადგილს 21 ქულით უსწრებს, რისი აღმოფხვრაც პრაქტიკულად შეუძლებელია. სამაგიეროდ, “ტულონთან” სხვაობა 11 ქულაა და მეორე საფეხურის შესანარჩუნებლად “კლერმონს” მინიმუმ ორი თამაშის მოგება მართებს. დავით ზირაქაშვილს, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა, მატჩში, რომელსაც 12 ათასი მაყურებელი დაესწრო, მონაწილეობა არ მიუღია. “კლერმონმა” მეტოქეს თამაშით აჯობა და ორი ლელოც გაიტანა, მაგრამ დიმიტრი იაშვილისგან ხუთი ჯარიმა მიიღო, 14:15 დამარცხდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დაყაბულდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა ტაიმი 14:6 მოიგეს, მეორე ნახევარში კი, ქულაც ვერ აიღეს.
მე-3 ადგილზე დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონია”, რომელიც ქართულ დერბიში დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივთან” 9:14 დამარცხდა. “ბრივის” ამოცანა უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება და სატურნირო ცხრილის შუაგულში ადგილის დამკვიდრებაა. თამაშს 10 ათასი გულშემატკივარი დაესწრო და მასში მასპინძელთა მხრიდან ნატრიაშვილს, ხოლო სტუმართაგან - ჩილაჩავასა და მიქაუტაძეს არ უთამაშიათ. დანარჩენი სამი ქართველი მოედანზე პირველივე წუთიდან გავიდა - ხინჩაგიშვილმა 57 წუთი ითამაშა, კაკოვინმა - 72, ხოლო ქუბრიაშვილმა მოედანზე 61 წუთი გაატარა.
საწყის 15 წუთში, ანგარიშის გარეკნით გახსნა ჯერ “ბრივმა” სცადა, მერე “ტულონმა”, მაგრამ ორივე დარტყმა არაზუსტი იყო. შეხვედრის ერთადერთი ლელო მე-19 წუთზე მასპინძლებმა გაიტანეს, ოღონდ რეალიზაცია არაზუსტი იყო, მაგრამ 30-ე წუთზე მათ ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს. სტუმრებმა შესვენებამდე ორიდან ერთი ჯარიმა გამოიყენეს და ტაიმი 8:3 დასრულდა. უილკინსონმა ჩამორჩენა 2 ქულამდე 58-ე წუთზე გატანილი ჯარიმით დაიყვანა, რაზეც “ბრივმა” ჯერ არაზუსტი არეკნით, ხოლო 65-ე წუთზე გატანილი ჯარიმით უპასუხა. მასპინძლებმა მორიგი ჯარიმა 72-ე წუთზე გაიტანეს და “ტულონმა” ისღა მოახერხა, რომ მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ჯარიმა გაიტანა და გუნდს 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის ერთი პრემიალური ქულა მოუტანა.
“ტულონმა” 63 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილს 11 ქულით ჩამორჩება, მაგრამ უახლოეს მდევარს 6-თ, ხოლო მე-7 ადგილს 10 ქულით უსწრებს და პლეი ოფში ისე გასვლა, რომ საწყის ეტაპზე მასპინლის უფლებით ისარგებლოს, თავისუფლად შეუძლია. “ბრივი” 42 ქულით მე-9 ადგილამდე აღზევდა. მისთვის პლეი ოფში მოხვედრა მიუღწეველი იქნება, რადგან მე-6 საფეხურს 12 ქულით ჩამორჩება, გასავარდნ ზონას კი, 8 ქულით უსწრებს და მთავარი ამოცანა თოპ 14-ში ადგილის შენარჩუნებაა.
57 ქულით მე-4 ადგილზეა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის “მონპელიე”, რომელმაც XXII ტურში ბექა შეყლაშვილის “აჟენი” 44:18 გაანადგურა და პრემიალური ქულის აღებაც მოახერხა. შეყლაშვილი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 56 წუთი ითამაშა, ძირითადში მოთამაშე გორგოძე შეუცვლელად გაისარჯა, მოედანზე პირველიდან 69-ე წუთამდე იყო ჟღენტი, ნარიაშვილმა შეცვლაზე დასკვნითი 5 წუთი გაატარა, ხოლო შველიძე განაცხადში ვერ მოხვდა.
მასპინძლები მე-14 წუთისთვის 13:0 იგებდნენ, 10 წუთში სხვაობა 3 ქულამდე დავიდა, ტაიმი კი, “მონპელიემ” 16:10 მოიგო. “აჟენმა” თამაშის განახლებიდან 5 წუთში ლელო გაიტანა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. დასკვნით 20 წუთში “მონპელიემ” სტუმრები საბოლოოდ გატეხა, ერთი ჯარიმის საპასუხოდ ოთხი ლელო გაიტანა, ოთხივე რეალიზაცია გამოიყენა და 44:18 იმარჯვა. “მონპელიე” უახლოეს მდევარს ორით, ხოლო მე-7 ადგილზე მყოფ “სტად ფრანსეს” 4 ქულით უსწრებს და მთელი ბრძოლები წინ აქვს. “აჟენს” 44 ქულა აქვს, მე-8 ადგილი უკავია და როგორც საპლეიოფო მე-6, ასევე, გასავარდნ მე-13 ადგილს 10 ქულა აშორებს.
ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” ბოლო ხუთი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და სამჯერ დამარცხდა, რითაც სიტუაცია გაირთულა. ამ ჯერზე მას უშუალო კონკურენტმა “რასინგ მეტრომ” 27:16 სძლია. ქართველი პირველხაზელი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა და ამის შემდეგ ანგარიში აღარც შეცვლილა. ტაიმის 6:8 წაგების შემდეგ, სტუმრებმა ლელო გაუშვეს, 47-ედან 51-ე წუთამდე “რასინგ მეტროს” ორი მორაგბე გაუსინბინეს და სტუმრებმა ჯარიმით სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ 13-კაციანი მეტოქისგან კონტრშეტავაზე ლელო მიიღეს. 59-ე წუთზე მათ ლელო-გარდასახვით სხვაობა კვლავ 4 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ ორიოდე წუთში ისევ გაუშვეს ლელო, გარდასახვაც ზუსტი იყო და ამის შემდეგ ანგარიში აღარც შეცვლილა. “კასტრი” 55 ქულით მე-5 ადგილზეა და “რასინგ მეტროს” ერთით, ხოლო “სტად ფრანსეს” 2 ქულით უსწრებს.
ჯერაც ბოლო ადგილზეა, თუმცა “ბორდოს” 24:13 დამარცხებით Top 14-ში დარჩენის შანსი შეინარჩუნა გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონმა”. მას ახლა 30 ქულა აქვს და 10-თ ჩამორჩება მეთორმეტეზე მყოფ “პერპინიანს”. ქართველ ლეგიონერებს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მომავალ უქმეებზე ევროთასების მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება, ხოლო საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის მომდევნო რაუნდის შეხვედრები 13-14 აპრილსაა დანიშნული.
სატურნირო მდგომარეობა XXII ტურის შემდეგ: 1. ტულუზა - 78, 2. კლერმონი - 74, 3. ტულონი - 63, 4. მონპელიე - 57, 5. კასტრი - 55, 6. რასინგ მეტრო - 54, 7. სტად ფრანსე - 53, 8. აჟენი - 44, 9. ბრივი - 42, 10. ბიარიცი - 42, 11. ბორდო - 41, 12. პერპინიანი - 40, 13. ბაიონი - 34, 14. ლიონი - 30.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია