ამბები

21:19 | 5.05.2012 | ნანახია 3106 - ჯერ

“ლელომ” ჩემპიონი ბოლოში დაალელოვა

შეხვედრის დასრულებამდე ორი-სამი წუთი რჩებოდა, როდესაც “ლელოს” მეტოქის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ბურთი წინ დაუვარდა. ისე ჩანდა, საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი “არმია”, სიტუაციას განმუხტავდა, საქმეს გამარჯვებამდე მიიყვანდა და I ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებდა, მაგრამ მათ საკუთარ შერკინებაში ბურთი დაკარგეს, ის გიორგი კაჭარავას ნადავლი გახდა და გიორგი ჭინჭარაულმა ხაზი გაჭრა. არმიელებმა მიძალება ჩათვლის მოედნიდან რამდენიმე სანტიმეტრში კი შეაჩერეს, მაგრამ კაჭარავამ რაქიდან გამოტანილი ბურთი ლელოს ხაზს მიაწვდინა და თითქმის კარის გასწვრიდან გატანილი გარდასახვით, ირაკლი ყიასაშვილმა საკუთარ გუნდს მინიმალური სხვაობით მოაგებინა.
2012 წლის საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირის რეგულარული პირველობის ბოლო ტურში, მხოლოდ ის იყო გასარკვევი, თუ ვინ გავიდოდა პლეი ოფში პირველი და ვინ მეორე ადგილით, მაგრამ “ლელოსა” და “არმიას” დაპირისპირება უშეღავათო გამოდგა და ტრიბუნაზე შეკრებილმა 1000-მდე გულშემატკივარმა საინტერესო, დაძაბული, სწრაფი და ლამაზი ბრძოლა იხილა. ამჯერად, არმიელებს ტრიბუნიდან მხარს ჯარისკაცები არ უმაგრებდნენ და ქომაგთა უმეტესობაც “ლელოს” გულშემატკივარი იყო, მათმა შეძახილებმა კი, მორაგბეებს დამატებითი ენერგია შესძინა და ბოლო წუთებზე ისეთი სასწაული მოახდინეს, როგორითაც ორიდე წლის წინ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აშშ-ს ნაკრები დაამარცხა.
თამაში “ლელომ” არეულად დაიწყო, რითაც “არმიამ” ისარგებლა და ბახვა კობახიძემ 32 მეტრიდან ჯარიმით ანგარიში გახსნა. ინიციატივა კვლავ არმიელთა მხარეს იყო და გიორგი ელიზბარაშვილმა ბურთი ფეხით დაცვის ხაზს ზურგს უკან ჩაკიდა, იქ ლექსო გუგავამ პოზიცია დაკარგა და ალექსი ტუჩაშვილს თითქოს ლელო უნდა გაეტანა, მაგრამ ბურთი ვერც მან შეიმაგრა და მომენტი გამოუყენებელი დარჩა. მალე, “ლელო” კვლავ დაჯარიმდა, მაგრამ კობახიძეს, კარიდან მარჯვნივ, 22-ის ხაზიდან დარტყმა გაუცუდდა.
მე-7 წუთზე “ლელო” თავის ნახევარზე მესამედ დაჯარიმდა და კობახიძემ უპირატესობის გაზრდა კარის გასწვრივ 45 მეტრიდან სცადა, მაგრამ ისევ არაზუსტად. ეს უკვე სახიფათო ნიშანი იყო, რადგან კობახიძეს ათასში ერთხელ ისე ემართება, დარტყმები ვერ მისდის ხოლმე და ეს შედეგზე, ხშირ შემთხვევაში, უარყოფითად ისახება. ამას ისიც დაემატა, რომ ნელ-ნელა “ლელო” დალაგდა და ჯერ მოლით სცადა ფონს გასვლა, მერე ჯარიმა აუტში გაიტანა, მესამედ კი, ლექსო გუგავამ ფეხით გადაკიდებული ბურთი აიღო და ფინტებით “არმიის” ჩათვლის მოედნისკენ დაიძრა, მაგრამ ის შეაჩერეს და “ლელოს” ისღა დარჩენოდა, მე-15 წუთზე ყიასაშვილის ჯარიმით ანგარიში გაეთანაბრებინა.
მე-19 წუთზე “არმიამ” ჯარიმა კარში აღარ დაარტყა, ბურთი აუტში გაიტანა და არც შემცდერა. მათ კარგი მოლი ააგორეს და ბექა მეკოკიშვილმა მარჯვენა ალამთან შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, მაგრამ კობახიძის დარტყმა ამჯერადაც არაზუსტი იყო. ტაიმის შუაწელს, დაახლოებით 42 მეტრიდან, ჯარიმა ყიასაშვილსაც გაუცუდდა, მაგრამ ორიდე წუთში, უკვე 45 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა და სხვაობა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო 30-ე წუთზე, კვლავ შორეული ჯარიმით, “ლელო” 9:8 დააწინაურა.
შესვენებამდე დარჩენილი დრო, “არმიამ” “ლელოს” ნახევარზე გაატარა და კობახიძეს ერთი ჯარიმა ამჯერად ძელმა აისხლიტა, მერე არმიელებმა ბურთი აუტში გაიტანეს და ისე შეუტის, მაგრამ რომ არაფერი გამოვიდა, ზედ შესვენების წინ კობახიძემ კვლავ კარში დარტყმა გადაწყვიტა, 22 მეტრის ხაზიდან ზუსტად შეასრულა და “არმიამ” ტაიმი 11:9 მოიგო.
მეორე ნახევარი კვლავ არმიელთა შეტევებით დაიწყო და 43-ე წუთზე ლელო გავიდა. მათ კარგად გაშალეს ბურთი, თამაზ მჭედლიძემ გადაცემის იმიტირებით მეტოქე მოატყუა, სივრცით ისარგებლა და ლელო მიითვალა, კობახიძემ კი გარდასახვა გამოიყენა - 18:9. ამან თამაში კიდევ უფრო გამოაცოცხლა, “ლელომ” მარცხის საფრთხე იგრძნო და შეუტია. 47-ე წუთზე ყიასაშვილმა კარის გასწვრივ 32 მეტრიდან ჯარიმა ძალზედ არაზუსტად შეასრულა, მაგრამ ხუთიოდე წუთში 15 მეტრიდან უშეცდომოდ დაარტყა.
“არმია” ხელდახელ ცდილობდა წარმატების მიღწევას და ბიძინა სამხარაძემ კარგადაც გაჭრა მეტოქის ხაზი, მაგრამ ჩათვლის მოედნიდან რამდენიმე მეტრში შეაჩერეს. რადგან კობახიძეს დარტყმები არ მისდიოდა, “არმია” ლელოს გატანაზე ფიქრობდა, თუმცა, მიზანს რომ ვერ უწია, მე-60 წუთზე ჯარიმა უკვე კარში დაარტყეს და კობახიძემ 9 ქულიანი უპირატესობა აღადგინა. ახლა უკვე “ლელო” ცდილობდა ლელოს გატანას, ორჯერ გუგავამ წამოიწყო კარგი გარღვევა, მაგრამ მათაც რომ არაფერი გამოუვიდათ, 65-ე წუთზე ყიასაშვილმა ახლო ჯარიმით საკუთარ გუნდს ნაღდი 3 ქულა შემატა.
“არმია” სახიფათო კონტრშეტევებს ანხორციელებდა და 69-ე წუთზე კობახიძეს ჯარიმის გატანის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ 35 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა და მატჩს ინტრიგა შეუნარჩუნა. მერე კვლავ სამხარაძემ ითამაშა კარგად, მოულოდნელად ხაზი გაჭრა და ბურთი ფეხით რბილად შეაგორა მეტოქის ჩათვლის მოედნისკენ, იქ ვანო გაბროშვილს უნდა ეყოჩაღა, ხელს არავინ უშლიდა ბურთი დაემიწებინა, მაგრამ სისწრაფეში ოვალის დამორჩილება ვერ მოახერხა და წინ ვარდნის გამო მომენტი გააფუჭა.
სამაგიეროდ, ბოლოს “ლელომ” შეუტია მოკლე დარტყმებით, “არმია” კარგად იდგა დაცვაში და მეტოქეს ბურთი წინაც დააგდებინა. თამაშის დამთავრებამდე 2-3 წუთი რჩებოდა და თითქოს აღარაფერი მოხდებოდა, მაგრამ “ლელომ” ძალიან მოინდომა და გადამწყვეტი ლელო გაიტანა. ახლა, ეს გუნდები ხვალინდელ მატჩს დაელოდებიან, რომელშიც “აია” “ლოკომოტივს” ქუთაისში მასპინძლობს და ნახევარფინალის წყვილებიც მისი დასრულების შემდეგ გაირკვევა.
პირველი ჯგუფის დანარჩენ შეხვედრებში, “ბათუმი XV”-მა ქუთაისის “ბაგრატი” 50:19 დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ, პირველი გამარჯვება იზეიმა, თანაც პრემიალური ქულაც მიითვალა, “არმაზმა” კი”, “აკადემიას” 29:18 აჯობა და მე-3 საფეხური დაიკავა.   

2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
V რაუნდი
5 მაისი
თბილისი. “ავჭალა”. 1000 მაყურებელი

არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი) 21:22 (11:9)
არმია:
15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. მჭედლიძე, 12. ჩხიკვაძე, 11. გაბროშვილი, 10. ელიზბარაშვილი (ნინიძე 57), 9. სამხარაძე; 1. კაკოვინი (ქორიძე 51, კაკოვინი 70), 2. მეკოკიშვილი (მამუკაშვილი 66), 3. ხოსიტაშვილი, 4. არჩუაშვილი (თხილაიშვილი 66), 5. ჩიტიძე, 6. კალმახელიძე, 7. თავართქილაძე, 8. ბუჯიაშვილი.
2 ლელო: მეკოკიშვილი, მჭედლიძე
1 გარდასახვა: კობახიძე
3 ჯარიმა: კობახიძე
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. გეგენავა, 13. თოდუა, 12. ანდღულაძე, 11. გუგავა (ხუციშვილი 63), 10. ჭინჭარაული, 9. კაჭარავა; 1. გოგიშვილი (პატარაია 61), 2. ხიდეშელი (კვარნაძე 79), 3. სუჯაშვილი, 4. ჭეიშვილი, 5. აზალაძე, 6. ქოიავა, 7. სურგულაძე, 8. ჭყოიძე (ნიკოლეიშვილი 61).
1 ლელო: კაჭარავა
1 გარდასახვა: ყიასაშვილი
5 ჯარიმა: ყიასაშვილი  

ბათუმი. “ანგისა”.
ბათუმი XV (ბათუმი) - ბაგრატი (ქუთაისი) 50:19
თბილისი. “ვისოლი”.
არმაზი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 29:18
 

1  ლელო (თბილისი) 5 5 0 0 198-62 23
2   არმია (თბილისი) 5 4 0 1 188-68 19
3 არმაზი (თბილისი) 5 3 0 2 90-116 12
4   ბათუმი XV (ბათუმი) 5 1 0 4 115-103 9
5 აკადემია (თბილისი) 5 1 0 4 95-1459 5
6 ბაგრატი (ქუთაისი) 5 1 0 4 74-262 4



II ჯგუფი
V რაუნდი
6 მაისი

ქუთაისი. “დინამო”. 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “ვისოლი”. 16:00 საათი
თიბისი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
ყოჩები (თბილისი) - ხარები (რუსთავი)  
 

1 აია (ქუთაისი) 4 4 0 0 174-34 20
2  ლოკომოტივი (თბილისი) 4 4 0 0 149-52 18
3  ხარები (რუსთავი) 4 2 0 2 77-86 9
4 ილიაუნი ჯიქი (თბილისი) 4 1 0 3 67-75 6
5 ყოჩები (თბილისი) 4 1 0 3 49-116 4
6 თიბისი (თბილისი) 4 0 0 4 26-179 1


12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
I ჯგუფის გამარჯვებული - II ჯგუფის მეორეადგილოსანი
II ჯგუფის გამარჯვებული - I ჯგუფის მეორეადგილოსანი
26 ან 27 მაისს ფინალი
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.176321