ამბები

16:32 | 15.05.2012 | ნანახია 3199 - ჯერ

ქართული ლეგიონი რუსეთის ჩემპიონატში ჩაება

მართალია რუსულ კლუბებში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ-კანდიდატები ამ ეტაპზე ნაკლებად არიან, მაგრამ იქ ქართული წარმომავლობისა და რუსეთის პასპორტიანი, თუ უბრალოდ გალეგიონერებული ჩვენი თანამემამულეები მრავლად არიან და საჭიროდ ჩავთვალეთ, თქვენი ყურადღება ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნის შიდა ასპარეზზე შეგვეჩერებინა.
იმის გამო, რომ რუსული კლუბების ნაწილს მოსამზადებელი პერიოდი ჯერ არ დაუსრულებია, იქაური პირველობა არეულად დაიწყო, ზოგ გუნდს თავისი ძალა წელს არ უჩვენებია, ზოგმა მხოლოდ პირველი თამაში ჩაატარა, “ვვა-პოდმოსკოვიემ” კი, აგერ უკვე სამი თამაში მოილია. 12 მაისს რუსეთის ჩემპიონატში ერთბაშად სამი თამაში გაიმართა და ჩემპიონატში ჩაერთო რუსეთის ყველაზე “ქართული გუნდი” - მოსკოვის “სპარტაკი”.
ყველა ელოდა, რომ ეს თამაში დაძაბული გამოვიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და “სპარტაკი” აგროუნივერსიტეტთან 8:44 განადგურდა. სპარტაკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ კვანთიძე, შარაშენიძე, ძაგნიძე, მინაძე, კვერნაძე, დახუნდარიძე, გოგლიჩიძე და ჯოგლიძე. ამათგან ორმა - ჯოგლიძემ და მინაძემ პირველივე წუთებზე ტრავმა მიიღეს. ჯოგლიძემ მე-12, ხოლო მინაძემ 21-ე წუთზე ბარძაყის უკანა კუნთი გაიწყვიტეს. მინაძე 21-ე წუთზე კიკვაძემ შეცვალა, ხოლო თუთბერიძემ 47-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა. ზემოთ ნახსენები ორი ტრავმირებული ქართველის ნაცვლად, ყველა ჩვენებური სრულად გაისარჯა. “აგროუნივერსიტეტის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62 წუთი იბურთავა მაღლაკელიძემ.
რუსეთის ჩემპიონის, “ენისეი-სტმ”-ის სასტარტო შემადგენმლობაში იყვნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ურუშაძე და რუსეთის ნაკრებში მოთამაშე ცნობილაძე. პირველი მწვრთნელმა 63-ე წუთზე შეცვალა, ხოლო მეორე - 51-ეზე. “ენისეი” “ბულავას” ტაგანროგში ეწვია და 71:16 გაანადგურა. 7:71 განადგურდა “ვვა-პოდმოსკოვიესთან” ჩირგაძის “ნოვოკუზნეცკი”. ქართველი ლეგიონერი სრულად გაისარჯა.
რუსეთის ჩემპიონატში ოთხ ლელოზე პრემიალური ქულების დარიცხვის სისტემა მოქმედებს და სამი თამაშიდან ქულათა მაქსიმუმით (15) ცხრილს ვვა ლიდერობს, ერთი თამაშიდან 5 ქულა აქვს “ენისეის”. ამდენივე ქულა, ოღონდ 2 თამაშში მოაგროვა “აგროუნივერსიტეტმა”. “ნოვოკუზნეცკი” ორი, ხოლო “სპარტაკი” ერთი თამაშის შემდეგ უქულოდაა. 10-გუნდა ჩემპიონატში ჯერ არ ჩართულან “კრასნი იარი” და “იმპერია”.

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085569