ამბები

16:14 | 18.05.2012 | ნანახია 3900 - ჯერ

ფიჯი და იაპონია საბოლოოდ გადაწყდა

ამა წლის შემოდგომაზე, ნოემბერში, ქართული რაგბის ქომაგებს დიდი ხნის ნატვრა აუხდებათ და კარგ სარაგბო სანახაობას იხილავენ. საქართველოს “ბორჯღალოსნებთან” ტესტ-მატჩების გასამართად წყნარი ოკეანის ორი წარმომადგენელი - იაპონია და ფიჯი ესტუმრება.
ამ გუნდების თბილისში ჩამოსვლაზე დიდი ხანია მიდის საუბარი და ზელანდიაში დასრულებული მსოფლიო თასის შემდეგ, საშემოდგომო ტესტებზე მომავალი მეტოქეების ვინაობა არაოფიციალურად უკვე ცნობილი იყო. ახლა, საქართველოს რაგბის კავშირში, შემოდგომის ტესტ-მატჩების იაპონიასთან და ფიჯისთან ჩატარების შესახებ, რაგბის საერთაშორისო საბჭოდან (IRB) ოფიციალური თანხმობა მივიდა. “ბორჯღალოსნები” იაპონიასა და ფიჯისთან მატჩებს 17 და 24 ნოემბერს, თბილისში გამართავენ.
ორივე ნაკრები IRB-ს რეიტინგში ჩვენს მეზობლადაა. იაპონია მე-14 ადგილზეა და საქართველოს ერთი საფეხურით უსწრებს, ხოლო ფიჯი “ბორჯღალოსნებს” ერთი საფეხურით ჩამორჩება და მე-16 ადგილს იკავებს. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები სარეიტინგო მდგომარეობას გაიუმჯობესებს, თუმცა, ეს დიდწილად ივნისში, ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადასა და აშშ-სთან გასამართ მატჩებზეც იქნება დამოკიდებული.
იაპონიის ნაკრები რაგბის სამყაროში საკმაოდ ცნობილი და ანგარიშგასაწევი ძალაა. “საკურების” სიძლიერეზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ იაპონელებს დღემდე გამართულ შვიდივე მსოფლიო თასზე უასპარეზიათ. იაპონიას ბევრი ნატურალიზებული მორაგბე ჰყავს ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან და კუნძულებიდან (სამოა, ფიჯი, ტონგა). მას ავსტრალიელი სპეციალისტი ედი ჯოუნზი წვრთნის. “ამომავალი მზის” ქვეყანა 2019 წელს რიგით მეცხრე მსოფლიო თასს უმასპინძლებს.
“ბორჯღალოსნები” იაპონიას 2006 წელს, შესუსტებული შემადგენლობით ეწვივნენ და ამ ქვეყნის “ა” ნაკრებთან მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ, ხოლო ეროვნულ გუნდთან 7:32 წააგეს.  
ფიჯი მსოფლიოში უფრო შვიდკაცა რაგბით არის განთქმული, მაგრამ თხუთმეტკაცაშიც საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა. კუნძულელები გამართული შვიდი მსოფლიო თასიდან ექვსის მონაწილენი არიან და ქართველების მსგავსად, მათი ნაკრების ბირთვს ლეგიონერები წარმოადგენენ. იაპონიისა და ფიჯის კაცთა ნაკრებები საქართველოს პირველად ეწვევიან და ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება იხილოს კუნძულელთა საკმაოდ სანახაობრივი და ყველასაგან გამორჩეული სათამაშო სტილი.

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080997