შალვა მამუკაშვილის „გლაზგო უორიორსმა“ კელტების ლიგის მე-16 ტურში ნაკრებში გამოძახებული მორაგბეები მოისაკლისა, მათ შორის ქართველი კვაჭიც, მაგრამ უელსში „ნიუპორტს“ 18:15 მაინც სძლია და გამოტოვებული თამაშების გათვალისწინებით, საჩემპიონო ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
შოტლანდიელებს დისციპლინა არ უვარგიდათ და 50-ე წუთამდე ხუთი ჯარიმა მიიღეს, მაგრამ მასპინძლებს ორი ლელო გაუტანეს და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. ალექს დუნბარმა ბარძაყის ტრავმა მოიშუშა და გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება ლელოთი აღნიშნა, რომელიც დანკან ვეირიმ ზუსტად გარდასახა და სტუმრები 13:12 დააწინაურა. ანგუს ობრაიენმა მეხუთე ჯარიმით 4500 მაყურებელი გაახარა, მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, ვეირიმ 72-ე წუთზე ლელო დადო და „გლაზგოს“ მნიშვნელოვანი 4 ქულა მოუტანა.
ირლანდიურმა „კონახტმა“ უელსის „ოსპრეიზს“ 30:22 მოუგო და ლიდერობა შეინარჩუნა. გუნდევმა 55 წუთში სამ-სამი ლელო გაიტანეს. სტუმრები მხოლოდ ერთხელ, 25-ე წუთზე დაწინაურდნენ (15:14), დანარჩენ დროს ირლანდიელები ლიდერობდნენ, 55-ე წუთის შემდეგ კი, როდესაც ანგარიში 24:22 იყო, „კონახტმა“ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და სტუმრები უქულოდ გაისტუმრა.
მისმა მდევარმა, ასევე ირლანდიურმა „ლენსტერმა“ იტალიაში ძებრეს 27:10 აჯობა. სტუმრებმა თითო ტაიმში ორ-ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დენ ლეავის ლელო იყო, რადგან მან 78-ე წუთზე „ლენსტერს“ პრემიალური ქულა მოუტანა.
მეორე იტალიურმა კლუბმა „ბენეტონმა“ ასევე ირლანდიურ „მანსტერს“ დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ მხოლოდ პრემიას გამორჩა. პირველ ტაიმში გუნდებმა ლელოები გაცვალეს, მაგრამ ტრევიზოელებმა გარდასახვაც გამოიყენეს და 52-ე წუთზე გატანილი ჯარიმის შემდეგ 10:5 დაწინაურდნენ. „მანსტერმა“ წონასწორობა 5 წუთშილელოთი აღადგინა. „ბენეტონი“ 64-ე წუთზე ჯარიმით კიდევ ერთხელ დაწინაურდა, თუმცა მერე ორი ჯარიმა თავადაც გაუშვა. დასკვნით წუთებში ირლანდიელები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, თუმცა მასპინძლების იერიშის მოგერიება მაინც შეძლეს და 16:13 მოიგეს.
დაძაბული გამოდგა შოტლანდიური „ედინბურგისა“ და უელსის „სკარლეტის“ შეხვედრა. სტუმრებმა მეტოქეს ერთით მეტი ლელო გაუტანეს (3:2), მაგრამ საბოლოოდ 23:24 დამარცხდნენ. მატჩის პირველი ტაიმი უხვქულიანი აღმოჩნდა, 10 წუთის შემდეგ „ედინბურგი“ 11:3 იგებდა, მაგრამ ტაიმი 19:23 დათმო. მეორე ნახევარში ერთადერთი ლელო გავიდა და ისიც გადამწყვეტი აღმოჩნდა. 68-ე წუთზე უელსელების ჩათვლის მოედანს ბენ თულსმა უწია და შოტლანდიელებმა 24:23 მოიგეს.
უელსელთაგან მხოლოდ „კარდიფმა“ მოიგო, რომელმაც „ოლსტერს“ 23:13 აჯობა. ირლანდიელები 36 წუთის შემდეგ 6:0 იგებდნენ, მეორე ნახევრის დასაწყისში უელსელებმა წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ 45-ე წუთზე ლელო-გარდასახვა მიიღეს. დასკვნითი მეოთხედი „კარდიფის“ იყო, რომელმაც ჯერ ჯარიმით შეამცირა ჩამორჩენა, 72-ე და 77-ე წუთებზე კი, ორი ლელო გაიტანა და მეტოქე უქულოდ გაისტუმრა - 23:13.
გინეს პრო 12. XVI ტური
ნიუპორტი (უელსი) - გლაზგო (შოტლანდია) 15:18
კონახტი (ირლანდია) - ოსპრეიზი (უელსი) 30:22
ბენეტონი (იტალია) - მანსტერი (ირლანდია) 13:16
ედინბურგი (შოტლანდია) - სკარლეტსი (უელსი) 24:23
კარდიფი (უელსი) - ოლსტერი (ირლანდია) 23:13
ძებრე (იტალია) - ლენსტერი (ირლანდია) 10:27
1. | კონახტი (ირლანდია) | 16 | 11 | 0 | 5 | 392:316 | 54 |
|
2. | ლენსტერი (ირლანდია) | 15 | 12 | 0 | 3 | 325:170 | 53 |
|
3. | სკარლეტსი (უელსი) | 16 | 11 | 0 | 5 | 347:302 | 49 |
|
4. | ოლსტერი (ირლანდია) | 16 | 9 | 0 | 7 | 298:221 | 46 |
|
5. | მანსტერი (ირლანდია) | 15 | 9 | 0 | 6 | 273:290 | 42 |
|
6. | ედინბურგი (შოტლანდია) | 16 | 9 | 0 | 7 | 278:245 | 42 |
|
7. | გლაზგო (შოტლანდია) | 14 | 7 | 1 | 6 | 287:273 | 39 |
|
8. | ოსპრეიზი (უელსი) | 16 | 8 | 1 | 7 | 319:308 | 38 |
|
9. | კარდიფი (უელსი) | 15 | 6 | 0 | 9 | 325:311 | 33 |
|
10. | ნიუპორტი (უელსი) | 16 | 4 | 0 | 12 | 263:315 | 24 |
|
11. | ძებრე (იტალია) | 15 | 4 | 0 | 11 | 220:428 | 19 |
|
12. | ტრევიზო (იტალია) | 16 | 2 | 0 | 14 | 230:378 | 16 |
XVII ტური. 4-6 მარტი
სკარლეტსი - ბენეტონი, ედინბურგი - კონახტი, ოლსტერი - ძებრე, ლენსტერი - ოსპრეიზი, მანსტერი - ნიუპორტი, გლაზგო - კარდიფი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია