ამბები

17:13 | 18.06.2012 | ნანახია 3162 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” მე-15 ადგილს დაუბრუნდნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, აშშ-სთან 16-ქულიანი სხვაობით მარცხი 1,74 სარეიტინგო ქულად და რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითებად დაუჯდა. შეგახსენებთ, ჩრდილოამერიკულ ტურნეზე მყოფი “ბორჯღალოსნები” “არწივებთან” 20:36 დამარცხდნენ. მილტონ ჰეიგის შეგირდებს ბოლოში ლელო რომ არ გაეშვათ, დანაკლისი დაახლოებით 0.6 ქულით ნაკლები იქნებოდა, მაგრამ ფიჯი, რომელიც თავის მხრივ, შოტლანდიასთან 25:37 დამარცხდა, მაინც გაგვასწრებდა. ფიჯელებმა წაგების შედეგად 0,7 ქულა დაკარგეს, მაგრამ ქართველთა დანაკარგი იმხელა იყო, ერთი საფეხურით მაინც დაწინაურდნენ. აშშ-მა ქულათა მარაგი კი შეივსო, მაგრამ მაინც მე-17 საფეხურზე დარჩა, თუმცა, იაპონიას მიუახლოვდა.

გასულ უქმეებზე სარეიტინგო მატჩები მრავლად გაიმართა და მოწინავე გუნდებში კიდევ არაერთი ცვლილება განხორციელდა. მანუელ მონტეროს მიერ დასკვნით წუთებზე გატანილმა ლელომ არგენტინას საფრანგეთთან 23:20 მოაგებინა და “პუმები” მე-6 საფეხურამდე აღზევდნენ, საფრანგეთი კი, მე-7 ადგილამდე დაეშვა. გამარჯვებები მოიპოვეს რეიტინგლიდერებმა ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკამ და მოწინავე პოზიციები შეინარჩუნეს. უელსელებისთვის, რომლებიც ავსტრალიასთან ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით დამარცხდნენ, ოდნავი შვება ის თუ იქნება, რომ მათ ინგლისის მარცხით რეიტინგში იხეირეს და ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან ყველაზე მაღალ, მე-4 ადგილზე აინაცვლეს.
შეგახსენებთ, რომ წლის ბოლოს, როდესაც 2015 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრა შედგება, რეიტინგის მოწინავე ოთხეული პირველ ნომრად იქნება განთესილი და სხვადასხვა ჯგუფებში მოხვდება. 
 
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 18 ივნისისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 91,43
2 (2). ავსტრალია 86,77
3 (3). სამხრეთ აფრიკა 85,47 
4 (5). უელსი 82,54
5 (4). ინგლისი 82,49 
6 (7). არგენტინა 81,22 
7 (6). საფრანგეთი 81,06
8 (8). ირლანდია 79,85
9 (9). სამოა 77,64
10 (11). შოტლანდია 76,56
11 (10). ტონგა 76,19
12 (12). იტალია 75,26
13 (13). კანადა 71,74 
14 (15). ფიჯი 69,21
15 (14). საქართველო 68,52
16 (16). იაპონია 67,93
17 (17). აშშ 67,38 
18 (18). რუმინეთი 64,54
19 (21). რუსეთი 62,05
20 (19). ესპანეთი 61,63 
21 (20). ნამიბია 61,24
22 (22). ურუგვაი 61,13 
23 (23). ბელგია 59,17 
24 (24). ჩილე 58,32
25 (26). კორეა 56,72
26 (25). პორტუგალია 56,58
27 (27). მაროკო 56,13
28 (28). ჰონკონგი 55,49
29 (29). პოლონეთი 55,19
30 (30). უკრაინა 53,95
31 (31). გერმანია 53,33
32 (32). ზიმბაბვე 52,40
33 ...
 
ზურა ქსოვრელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080705