ამბები

15:21 | 7.07.2012 | ნანახია 2531 - ჯერ

გაძლიერებული 7-კაცა დანიაში რუსეთთან მცირედით დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ ევროპის გრან პრის მესამე, ოდენსეს (დანიის) ეტაპზე გაძლიერებული შემადგენლობა წაიყვანა, მაგრამ პირველ მატჩში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგობის დასაძლევად საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა.
პირველ ორ ეტაპზე, ლიონსა და მოსკოვში ნაჩვენები არცთუ სახარბიელო თამაშების და შედეგების შემდეგ, მწვრთნელებს საშუალება მიეცათ, დანიაში ის მორაგბეები წაეყვანათ, რომლებიც მანამდე ეროვნულ გუნდს ჩრდილოამერიკულ ტურნეზე ახლდნენ. ოდენსეს ეტაპზე 12-ის ნაცვლად 16 გუნდი მონაწილეობს - 12 მოწინავე ევროპულ ნაკრებს ქვედა დივიზიონიდან ოთხი დაემატა: რუმინეთი, ბელგია და ლიტვა - როგორც “ა” დივიზიონის მოწინაავები და მასპინძელი დანია. შედეგად, 16 გუნდი ოთხ ოთხგუნდა ჯგუფში გადანაწილდა. დღეს ჯგუფური ეტაპის სამ-სამი მატჩია, ხვალიდან კი, ადგილების მიხედვით ბრძოლები მეოთხედფინალებიდან გაგრძელდება, ანუ რვა საუკეთესო I-VIII, ხოლო ქვედა რვა IX-XVI ადგილებისთვის ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრები C ჯგუფში რუსეთთან, უკრაინასთან და ბელგიასთან მოხვდა. ალანიას შეგირდებს პირველი მატჩი რუსეთის წინააღმდეგ ჰქონდათ. პირველი ტაიმი უქულოდ დასრულდა, მეორე ნახევრის დასაწყისში რუსები ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ, ქართველებმა ანგარიშის გათანაბრება სცადეს, ეს არ გამოუვიდათ და ზედ მატჩის მიწურულს მეორე ლელოც გაუშვეს - 0:12. მიუხედავად ამისა, მათ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების და თასისთვის ბრძოლის გაგრძელების კარგი შანსი აქვთ. ამისათვის დღეს ჯერ უკრაინა, ხოლო შემდეგ ბელგია უნდა დაამარცხონ.
საქართველოს ნაკრები ოდენსეს ეტაპზე ასეთი შემადგენლობით თამაშობს: ბექა ბიწაძე, მერაბ შარიქაძე, დავით ჩიტიძე, ირაკლი ღვინჯილია, ივანე დავითაშვილი, ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე ნიჟარაძე, გიორგი კალმახელიძე, თედო ზიბზიბაძე, შალვა მახარაშვილი, გიორგი ფრუიძე, გიორგი კაჭარავა.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074355