საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა, დიმიტრი ბასილაიამ შოტლანდიურ გრანდ “ედინბურგის” შემადგენლობაში თავისი პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
“კელტების ლიგის” პირველ ტურში სქოთები 4050 გულშემატკივრის თვალწინ, ირლანდიურ “მანსტერს” მასპინძლობდნენ და ლელოებით მეტოქეს აჯობეს კიდეც, მაგრამ საბოლოოდ 18:23 დამარცხდნენ და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ.
ქართველი ლეგიონერი საქმეში 61-ე წუთიდან ჩაერთო და დასკვნითი 20 წუთი ითამაშა. მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა ბასილაიას თანაგუნდელმა ტიმ ვიზერმა, მაგრამ კარში დარტყმის ხარისხი ძალიან ცუდი იყო და მარცხიც უმთავრესად სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა.
ვიზერმა პირველ ნახევარ საათში 2 ლელო გაიტანა (მე-13 და 30-ე წუთებზე), მაგრამ არცერთმა გარდასახვამ ივარგა. მის ლელოებს შორის სტუმრებმა ჯარიმა გაიტანეს, ზედ შესვენების წინ კი, ერთი საპასუხო ლელო მიითვალეს, მათი რეალიზაცია უნაკლო იყო და ტაიმი 10:10 დასრულდა.
მე-2 ტაიმის დებიუტში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 58-ე წუთზე კი, “მანსტერი” ლელო-გარდასახვით დაწინაურდა - 20:13.
მაიკლ ბრედლიმ სიტუაციის გამოსასწორებლად ერთბაშად 5 ცვლილება განახორციელა და მოედანზე 26 წლის ბასილაიაც შეუშვა. საფინალო სასტვენამდე 11 წუთით ადრე, სტუმრებმა ჯარიმით უპირატესობა ათ ქულამდე გაზარდეს, რაზეც 74-ე წუთზე, “ედინბურგმა” ვიზერის მესამე ლელოთი უპასუხა.
სამწუხაროდ, გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო, რამაც მასპინძლები კვლავ ლელოზე თამაში აიძულა. მისი გატანა ვეღარ მოხერხდა, “ედინბურგი” 18:23 დამარცხდა და მცირე სხვაობით მარცხისთვის მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა.
მე-2 ტურში ედინბურგელები უელსს ეწვევიან და 7 სექტემბერს “კარდიფს” დაუპირისპირდებიან, რომელმაც პირველ ტურში “კონაჩტი” ირლანდიაში 13:9 დაამარცხა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია