ჩემპიონატის სტარტზე ორი გამარჯვების შემდეგ, "აიას” კრიზისი დაუდგა: მომდევნო სამი შეხვედრიდან, გუნდმა ორი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა. დღეს, ქუთაისელ მორაგბეებს, თავიანთი ქომაგების წინაშე რეაბილიტაციის საუკეთესო შესაძლებლობა ეძლეოდათ. "აიას” მეტოქე "არმაზი” გახლდათ, რომელიც ერთობ დამაჯერებლად ირჯება გათამაშებაში და ერთადერთხელ, წინა ტურში, მოქმედ ჩემპიონ `არმიასთან” დამარცხდა. ერთი სიტყვით, ეს თამაში ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა და უშეღავათო დაპირისპირებას გვპირდებოდა. წინასწარ ვიტყვით, მოლოდინმა გაამართლა, "დინამოზე” მოსულმა რაგბის ქომაგებმა, ღირსეული მეტოქეების ღირსეული თამაში იხილეს.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა საკმაოდ დამაჯერებლად, 20:3 მოიგეს, არადა, დებიუტში დედაქალაქელები დაწინაურდნენ. დავით კიკნაძემ 40 მეტრიდან უნაკლოდ შეასრულა საჯარიმო. "არმაზმა” ამას რამდენიმე მძლავრი იერიშიც მიაყოლა, თუმც ხეირი ვერ ნახა. ქუთაისელები თანდათან დაეუფლნენ ინიციატივას და მე-20 წუთზე, კარიდან დაახლოებით 15 მეტრის დაშორებით, მათ სასარგებლოდ დანიშნული ფოლის გათამაშებას, პირდაპირ დარტყმა ამჯობინეს და გაგა სინაურიძემ ანგარიში გაათანაბრა. მალევე, მანვე საჯარიმოთივე წინ გაიყვანა თავისიანები. თამაში ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, თუმც მასპინძლები მეტოქეზე სწრაფად მიილტვოდნენ წინ და 32-ე წუთზე, გიორგი აბრამიძის გარღვევა ლელოთი გელა შელამბერიძემ დააგვირგვინა. ტაიმის მიწურულს, ქუთაისელებმა ერთხელაც იმძლავრეს და ლევან თხელიძემ ურთულეს ვითარებაში მოახერხა "არმაზის” ჩათვლის მოედანში ბურთის დაფიქსირება.
ანგარიშში სოლიდური სხვაობის მიუხედავად, შესვენების შემდეგ, სტუმრებმა შესაშური მონდომებით ითამაშეს და საპრემიოდ შემართულ ქუთაისელებს დიდი პრობლემები შეუქმნეს. გიორგი სოსელიას ორ ლელოზე კიკნაძესაც რომ ეყოჩაღა და ორჯერ რეალიზაცია არ გაცუდებოდა, მასპინძელთა უპირატესობა უმნიშვნელო დარჩებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, მეტოქის ნახევარზე აბრამიძის სწრაფ სოლო რეიდს, "აიას” მეოთხე ლელო მოჰყვა. მართალია, ოთარ მინაშვილი მერე ლელოთივე შეეწია თავის გუნდს და კიკნაძემაც გარდასახა, ოღონდ ამის შემდეგ, `არმაზს” თამაშის გადასარჩენად დრო აღარ ჰქონდა.
დავით ვართანიანი: "დავმარცხდით, მაგრამ თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. ორივე გუნდმა კარგი რაგბი აჩვენა მაყურებელს. "აიას” დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენც მხოლოდ მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლებთ. ერთადერთი, რაც არ შეეფერებოდა დღევანდელ თამაშს, ეს, დაბალი დონის მსაჯობა იყო. პრეტენზიები არბიტრის მიმართ ჩვენს მეტოქესაც ბევრი ჰქონდა.”
ბესარიონ ხამაშურიძე ("აიას” მოთამაშე მწვრთნელი): "თამაში ისე აგვეწყო, პრემიალური ქულის მოპოვება შეიძლებოდა, მაგრამ "არმაზმა” დაამტკიცა, რომ ძლიერი, მებრძოლი გუნდია. სამი მოუგებელი მატჩის შემდეგ გავიმარჯვეთ. გუნდის "ჩავარდნა” დროებითი იყო. ვფიქრობ, მომდევნო ტურებში არ შევრცხვებით.”
"აია” (ქუთაისი) - "არმაზი” – 28:20 (20:3)
ქუთაისი. "დინამო”. 6 ოქტომბერი. 16 საათი. 400 მაყურებელი
"აია”: 15. ხამაშურიძე, 14. აბრამიძე, 13. კვერნაძე, 12. კუხიანიძე, 11. გოშაძე (გ. ფრუიძე), 10. სინაურიძე (ზიბზიბაძე), 9. გოგია(როხვაძე), 1. რატიაშვილი, 2.მატკავა(ხელაძე), 3.ულუმბელაშვილი (წაქაძე), 4. რევიშვილი (კ), 5.შალამბერიძე, 6. ყურაშვილი, 7. შაშიაშვილი (დგებუაძე), 8. თხელიძე
მთავარი მწვრთნელი: კობა გიორგაძე
3 ლელო: შალამბერიძე, თხელიძე, აბრამიძე
3 ჯარიმა: სინაურიძე (3)
2 გარდასახვა: ხამაშურიძე (2)
1 სინბინი: როხვაძე
"არმაზი”: 15. ჩხაიძე (მაისურაძე), 14. ხუციშვლი, 13. მაჩხანელი, 12. კაიფაჯიანი, 11. პინაიშვილი (ბროძელი), 10. კიკნაძე, 9. მისრიაშვილი, 1. ესართია (ჯიბლაძე), 2. სოსელია, 3. ბუკია, 4. ბ. ჯიშკარიანი, 5. ჭელიძე, 6. კანდელაკი, 7. მინაშვილი (კ), 8. თიგიშვილი
მთავარი მწვრთნელი: დავით ვართანიანი
3 ლელო: სოსელია (2), მინაშვილი
1 ჯარიმა: კიკნაძე
1 გარდასახვა: კიკნაძე
მსაჯები: ნ. რობიტაშვილი, მ. მაისურაძე, ა. პოღოსიანი
იუზა კაციტაძე ქუთაისიდან
ავტორის ფოტოები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია