ამბები

15:26 | 7.10.2012 | ნანახია 2222 - ჯერ

აფრიკამ მხოლოდ ტაიმი გაძლო, არგენტინამ კი, მოუგებლად ჩაამთავრა

“ოთხი ერის” პირველი გათამაშება ტრიუმფალური სვლით დაასრულა ახალი ზელანდიის ნაკრებმა. მასპინძელმა სამხრეთ აფრიკამ, უკვე ჩემპიონის რანგში ნასტუმრებ “ოლ ბლექსს” მხოლოდ ტაიმი გაუძლო და მერე დანებდა, მამაც არგენტინას კი, გამოცდილება არ ეყო და შესუსტებულ ავსტრალიასაც ვერ აჯობა.
ახალი ზელანდიის ნაკრებმა სოუეტოში ჩემპიონის დარი თამაში აჩვენა, ადრეულ შტურმს გაუძლო, ჩამორჩენა შესვენებამდევე აღმოფხვრა და მე-2 ტაიმში სასურველი ანგარიშით იმარჯვა. ეს “ოლ ბლექსის” ზედიზედ მე-16 გამარჯვება იყო და ერთი მოგებაღა დარჩა წინა რეკორდის (17) გამეორებამდე.
ზელანდიელებმა “ბოკეს” 4 ლელო გაუტანეს და აწ უკვე დასრულებულ “ოთხ ერზე” მეორედ ჩაიწერეს პრემიალური ქულა.
ეს მოგება იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ “ოლ ბლექსის” კაპიტანმა, რიჩი მაკქოუმ მე-100 სანაკრებო მატჩი მოიგო და გახდა პირველი მორაგბე, რომელმაც გამარჯვებებით ასიანთა ზღვარი გადალახა.
სამხრეთ აფრიკამ თამაში აქტიურად დაიწყო და მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში დომინირებდა, შესვენებაზე ოთხქულიანი უპირატესობით კი გავიდა - 16:12, მაგრამ მეორეში ქულაც ვერ აიღო და 16:32 დამარცხდა.
დებიუტში ზელანდიელები ორჯერ დამარცხდნენ, მაგრამ გუსენმა ჯერ 40, ხოლო მერე 36 მეტრიდან ააცილა ჯარიმები. მე-13 წუთზე, დერეფნიდან მოწოდებული ბურთი ვერავინ დაიმორჩილა, მერე ის ჟან დე ვილერსის ნადავლი გახდა, მარჯვნივ ბრაიან ჰაბანას უპასა და მანაც ძელებსშუა უპრობლემოდ დაამიწა, ხოლო გუსენმა რეალიზაცია ორ ქულად აქცია. მანვე, 21-ე წუთზე, ჯარიმიდანაც იხეირა და მასპინძლები 10:0 დააწინაურა.
მთელი ეს პერიოდი ზელანდიას პრაქტიკულად არაფერი გამოსდიოდა და მეტოქის ნახევარზე შეყოვნებას ვერ ახერხებდა, მაგრამ 26-ე წუთზე, ჩვეულ სტილში, კონტრშეტევისას, არეულ თამაშში ლელო გაიტანა.
ორ წუთში, გუნდებმა ორ-ორჯერ დაკარგეს ბურთი, შედეგად, ზელანდიელებმა ცენტრალურ ხაზთან მარჯვენა ფლანგზე გაშალეს შეტევა, ჰოსეა გიარის და კიარან რიდის კარგი თამაშის წყალობით, კიდეზე სემ ვაიტლოკი გაიქცა, ორ მცველზე მივიდა და მათთან ჭიდილში ბურთი დაამიწა. დენ კარტერს რთული პოზიციიდან გარდასახვა გაუფუჭდა.
33-ე წუთზე, “ოლ ბლექსმა” კიდევ ერთხელ გაშალა მარცხენა ფლანგზე ბურთი, ბრაიან ჰაბანამ ჩაჭრა მოინდომა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და დაცვის ხაზი დაირღვა, კარტერმა გიარს უპასა, რომელმაც რამდენიმე მეტრი ირბინა და აარონ სმიტს ლელო ძელებსშუა გაატანინა, ხოლო კარტერმა გარდასახვით სტუმრები დააწინაურა.
39-ე წუთამდე, ფეხმტკივანი გუსენის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ელტონ ჯენტისმა, 2 ჯარიმით, “სპრინგბოკს” ოთხქულიანი უპირატესობა მოუტანა (მე-2 ზედ ცენტრალური ხაზიდან გაიტანა) და ტაიმიც ლოგიკური შედეგით დასრულდა.
მე-2 ტაიმში სურათი რადიკალურად შეიცვალა და “ოლ ბლექსი” ჩემპიონურად ათამაშდა, რისი შედეგიც ტაბლოზე სათანადოდ აისახა.
ზელანდიელენმა ტემპს უმატეს და მატჩის განახლებისთანავე დაიბრუნეს ლიდერობა. ბურთი თამაშში კარტერმა შეიყვანა და ახლოზე გადაკიდებული მისმა თანაგუნდელმა მოიგო, იაკო ტაუტეს იზრაელ დეგზე ბოჭვა გაუცუდდა, მან კიარან რიდი მოძებნა, რომელიც მასპინძელთა ჩათვლის მოედანს სამ მეტრამდე მიუახლოვდა და ლელო მაა ნონუს გაატანინა, ხოლო კარტერმა რეალიზაცია გამოიყენა.
მასპინძელთა არაორგანიზებულმა დაცვამ “ოლ ბლექსს” 52-ე წუთზე მე-4 ლელოს გატანის საშუალება მისცა, ოღონდ, მანამდე ჯენტისს 2 დარტყმა გაუფუჭდა და აქედან ერთი ძელმა აისხლიტა.
შემდგომში, სტუმრებმა ბურთაობით შეუტიეს და კონარდ სმიტმა თავისი გუნდის მე-4 ლელო გაიტანა, ხოლო კარტერმა გარდასახვით უპირატესობა ათ ქულამდე გაზარდა.
საათის თავზე, მასპინძლებმა სალელოვედ შეუტიეს და მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ჰაბანას ბურთი ჩათვლის მოედნიდან ორ მეტრში წინ გადაუვარდა, ხოლო 64-ე წუთზე, კარტერმა ცაციათი 35 მეტრიდან არეკნი ძელებსშუა გააძვრინა.
66-ე წუთზე, ზელანდია 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დარჩა და აფრიკამაც სალელოვედ შეუტია, მაგრამ სტუმრებმა ხაზზე თავი კარგად დაიცვეს.
71-ეზე კარტერმა 43 მეტრიდამ ჯარიმა გაიტანა, დარჩენილ დროში კი, ანგარიში აღარ შეცვლილა და ახალმა ზელანდიამ “ოთხი ერის” პირველი გათამაშება დამსახურებულად მოიგო.
არგენტინისა და ავსტრალიის ნაკრებების შეხვედრა არცთუ კარგი საყურებელი გამოდგა. ორივე გუნდი უამრავ შეცდომას უშვებდა და ძალიან ბევრი იყო ჯარიმები, რაც მხარეებს მაღალ ტემპში თამაშის საშუალებას არ აძლევდა. პირველ ტაიმში ხუან მარტინ ერნანდესის სამ ჯარიმას მაიკ ჰარისმა ხუთით უპასუხა და შესვენებაზე სტუმრები 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 9:15.
მე-2 ტაიმში თამაში უფრო გაიხსნა. მარსელო ბოსხიმ ჯარიმით ჩამორჩენა სამ ქულამდე 61-ე წუთზე დაიყვანა, ხოლო ორ წუთში ავსტრალიამ მატჩის პირველი ლელო გაიტანა.
შერკინებიდან გატანილი ბურთი 22-ის ხაზთან დიგბი იოანემ მიიღო, მარტივად გაჭრა ხაზი და ძელებსშუა უპრობლემოდ დაამიწა. ჰარისმა გარდასახვას ათ წუთში ჯარიმა მიაყოლა და ავსტრალია 25:12 დაწინაურდა.
74-ე წუთზე, ავსტრალია მოედანზე კაცნაკლული დარჩა, არგენტინამ ძალისმიერად შეუტია და ხუან იმჰოფმა ლელო გაიტანა, ხოლო ბოსხმა გარდასახვით ჩამორჩენა ექვს ქულამდე დაიყვანა და დასკვნით წუთებს ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ ავსტრალიელებმა მოახერხეს და დარჩენილი 4 წუთი შეტევაში გაატარეს. მართალია, ქერთლი ბილმა ჯარიმა ვერ გაიტანა, მაგრამ წუთები მოიგო და მისმა გუნდმა ტრავმებით გამოწვეულ ურთულეს სიტუაციაში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო არგენტინა ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა.

6 ოქტომბერი. “ოთხი ერი”. VI რაუნდი
სამხრეთ აფრიკა. სოუეტო. “სოკერ სიტი”
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 16:32 (16:19)
სამხრეთ აფრიკა:
15. ზეინ კერშნერი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. იაკო ტაუტე, 12. ჟან დე ვილერსი, 11. ფრანსუა ჰუგარდი, 10. იოჰან გუსენი, 9. რუან პიენაარი; 1. ტენდაი (ბესტ) მტავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. იბენ ეცებეთი, 5. ანდრის ბეკერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. ვილემ ალბერტცი, 8. დუაინ ვერმულენი.
სათადარიგოები: 16. ტიან ლიბენბერგი, 17. კუინ უსტჰეიზენი, 18. ფლიპ ვან დერ მერვე, 19. მარსელ კოტცე, 20. ელტონ ჯენტისი, 21. იოან დე იონგი, 22. პეტ ლამბიე.
1 ლელო: ჰაბანა
გარდასახვა: გუსენი
3 ჯარიმა: გუსენი, ჯენტისი (2)
ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. კონარდ სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. ჰოსეა გიარი, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმიტი; 1. ტონი ვუდკოკი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ბროდ რეთალიქი, 5. სემ ვაიტლოკი, 6. ლაიემ მესამი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. კევინ მეალამუ, 17. ბენ ფრენკსი 18. ლუკ რომანო, 19. ადამ ტომსონი, 20. პირი ვეეპუ, 21. აარონ კრუდენი, 22. ტამატი ელისონი.
4 ლელო: ვაიტლოკი, ა. სმიტი, ნონუ, კ. სმიტი
3 გარდასახვა: კარტერი
1 ჯარიმა: კარტერი
1 არეკნი: კარტერი
1 სინბინი: დეგი

7 ოქტომბერი
არგენტინა. როსარიო. “ხიგანტე დე აროჯიტო”
არგენტინა - ავსტრალია 19:25 (9:15)
არგენტინა:
15. ლუკას გონსალეს-ამოროსინო, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ჰორაციო აგულა, 10. ხუან მარტინ ერნანდესი, 9. მარტინ ლანდახო; 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გინიასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო ფარიას კაბელო, 7. ხუან მანუელ ლეგიზამონი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
სათადარიგოები: 16. აგუსტინ კრევი, 17. ხუან პაბლო ორლანდი, 18. ლეონარდო სენატორე, 19. ტომას ლეონარდი, 20. ნიკოლას ვერგალო, 21. ნიკოლას სანჩესი, 22. ხუან იმჰოფი.
1 ლელო: იმჰოფი
1 გარდასახვა: ბოსხი
4 ჯარიმა: ხ. ერნანდესი (3), ბოსხი
1 სინბინი: ალბასეტე
ავსტრალია: 15. მაიკ ჰარისი, 14. ნიკ ქამინსი, 13. ბენ ტაპუაი, 12. პეტ მაკქეიბი, 11. დიგბი იოანე, 10. ქერთლი ბილი, 9. ნიკ ფიპსი; 1. ჯეიმს სლიპერი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. ბენ ალექსანდერი, 4. კეინ დუგლასი, 5. ნეითან შარპი, 6. სიტალეკი ტიმანი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. რადიკ სამო.
სათადარიგოები: 16. საია ფაინგა, 17. ბენ რობინსონი, 18. დეივ დენისი, 19. სკოტ ჰიგინბოთამი, 20. ლიამ გილი, 21. ბრეტ შიანი, 22. დომინიკ შიპერლი.
1 ლელო: იოანე
1 გარდასახვა: ჰარისი
6 ჯარიმა: ჰარისი
1 სინბინი: შიანი

  

 

      თ. მ. ფ. წ. სხვ. ლ.პ. წ.პ. ქ.
1    ახალი ზელანდია 6 6 0 0 177-66 (2) (0) 26
2   სამხრეთ აფრიკა 6 2 1 3 102-109 (1) (1) 12
3    ავსტრალია 6 3 0 3 101-137 (0) (0) 12
4   არგენტინა 6 0 1 5 80-166 (0) (2) 4

          


P.S. მოგებაზე იწერება 4 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 0; 4 და მეტი ლელოს გატანა ფასობს ერთ პრემიალურ ქულად (ლ.პ.), 7 და ნაკლები ქულით მარცხზე იწერება 1 პრემიალური ქულა (წ.პ.)
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.246845