ამბები

11:09 | 29.10.2012 | ნანახია 1913 - ჯერ

Top 14-ს ქართველთა ხუთეული ლიდერობს

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ს, რეგულარული პირველობის IX ტურის შემდეგ, ქართველ ლეგიონერთა გუნდების ხუთეული ლიდერობს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველა თუ არა, უმეტესობა მაინც, საჩემპიონო პლეი ოფში ითამაშებს და შესაბამისად, 2013 წელსაც დაიმშვენებს მკერდს ქართველი მორაგბე ფრანგული ოქროთი.
განვლილ ტურში ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” მოიპოვა, რომელმაც “ბაიონი” 59:0 გაანადგურა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ქუბრიაშვილი იყო, რომელიც თამაშში 48-ე წუთზე ჩაერთო. მას შემდეგ “ტულონმა” სამი ლელო გაიტანა, სულ მეტოქის ჩათვლის მოედანზე ბურთი რვაჯერ დაამიწა და პრემიალური ქულაც აიღო. “ტულონი” სატურნირო ცხრილს 37 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.
ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”, რომელმაც “ბიარიცს” 19:12 სძლია. ზირაქაშვილი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და გუნდს მანამდე მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაში დაეხმარა. მასპინძლებმა ტაიმი 16:6 მოიგეს და 47-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდეს, მაგრამ მე-60 წუთამდე ორი ჯარიმა თავად მიიღეს, დარჩენილი 20 წუთი კი, გუნდებმა უქულოდ ითამაშეს.
მესამე ადგილზეა ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზი”, რომელსაც ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” 28:24 სძლია და პრემიალურ ქულას დააჯერა. ქართველ ლეგიონერებს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. პარიზელებმა გამარჯვება 74-ე წუთზე გატანილი ლელოთი მოიპოვეს, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოყვა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. “ტულუზი” 29 ქულით მე-3 ადგილზეა, “სტად ფრანსე” კი, 19 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.
“მონპელიეს” სამივე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა “გრენობლის” 23:6 ძლევაში. ორივე ეს გუნდი საპლეიოფო ექვსეულისთვის იბრძვის და ამდენად, მათი შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევდა. “მონპელიე” თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და ლელო-გარდასახვით დაწინაურდა, შესვენებამდე გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს და ტაიმი “მონპელიემ” 13:6 მოიგო. მეორე ნახევარში მასპინძლებმა უპირატესობა ჯერ ჯარიმით გაზარდეს, 64-ე წუთზე საჯარიმო ლელო დაიმსახურეს და გარდასახვით 23:6 დაწინაურდნენ, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, მესამე პრემიალური ლელო ვეღარ გაიტანეს.
შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა გორგოძემ, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51 წუთი გაისარჯა ჟღენტი, ნარიაშვილთან დაკავშირებით კი, სიტუაცია ცოტა გაუგებარია. ის ტრავმირებული იყო და მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ. “მონპელიეს” ოფიციალური საიტის მიხედვით, ის თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო, ტურნირის ოფიციალური საიტის ცნობით კი, ქართველი პირველხაზელი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა და 71-ეზე შესაცვლელი გახდა... “მონპელიე” 27 ქულით მე-4 ადგილზეა.
“აჟენთან” სტუმრად 22:14 იმარჯვა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” და 24 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 59 წუთი გაატარა და სწორედ ამ პერიოდში მოაგროვა მისმა გუნდმა ყველა ქულა. შესვენებამდე მეტოქეებმა სამ-სამი ქულა გაცვალეს და ტაიმი 9:9 დასრულდა. მეორე ნახევრის საწყის 19 წუთში სტუმრებმა ჯერ ორი ჯარიმა გაიტანეს, მერე ლელო მიითვალეს და გარდასახვით 22:9 დაწინაურდნენ. “აჟენმა” საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე საპასუხო ლელო კი გაიტანა, მაგრამ გარდასახვით ვერ ისარგებლა და პრემიის გარეშე დარჩა.
Top 14-ში ზედიზედ მე-9, ხოლო “ჩელენჯ ქაფიანად” მე-11 თამაში წააგო თამაზ მჭედლიძის “მონ დე მარსანმა”. ახალგაზრდა ქართველი ტრავმირებულია და “ბორდოსთან” 12:17 წაგებულ მატჩში განაცხადში არ იყო. 58-ე წუთისთვის “ბორდო” 17:6 იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ორი ჯარიმის გატანა და სხვაობის 5 ქულამდე დაყვანა შეძლეს, რისთვისაც ბონუსი აიღეს. მიუხედავად ამისა, “მონ დე მარსანისთვის” ეს 9 მატჩში სულ რაღაც მეორე ქულაა, გუნდი ბოლო ადგილზეა და ელიტაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. მომდევნო ტურის თამაშები შუა კვირაში, 1 ნოემბერსაა დანიშნული.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.113205