დღეს საქართველოს 17 წლამდე მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე 18 წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევ ეტაპზე თავის მეორე შეხვედრას გამართავს და თუ ბელგიას პრემიალური ქულით დაამარცხებს, გაისად მარტში ინგლისთან, ირლანდიასთან, საფრანგეთთან, უელსთან, შოტლანდიასა და იტალიასთან თამაში პრაქტიკულად განაღდებული ექნება.
გემახსოვრებათ, პირველ ტურში “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” გერმანია 50:13 გაანადგურეს და მეტოქეს 8 ლელო გაუტანეს. იოსებ კიკვაძემ და ზაზა ხარებავამ იმ თამაშში ჰეთ-თრიქი შეასრულეს, ხოლო თითო ლელო ჟორა მღებრიშვილის და დევი დევსურაშვილის ანგარიშზეა. პირველ ტურში საქართველოს მომავალ მეტოქესთან პრემიალური ქულით იმარჯვა პორტუგალიამაც, რომელმაც ბელგიას 38:10 აჯობა.
დღეს საღამოს თამაში თბილისის დროით 21 საათზე იწყება და ნაკრების ხელმძღვანელობამ გერმანიასთან გამარჯვებულ გუნდში ორი იძულებითი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებულ ნახევარცველ რევაზ ჯინჭველაშვილს პირველ მატჩში გერმანიასთან შეცვლაზე შესული იოსებ ტუკვაძე შეცვლის, ფულბეკად ირაკლი სვანიძის ნაცვლად წინა მატჩში ფრთაზე მოთამაშე იოსებ კიკვაძე დადგება, ხოლო მის ადგილს ბადრი ლიპარტელიანი დაიკავებს, რომელიც გერმანელებთან ასევე შეცვლაზე შევიდა.
დავით ჩავლეიშვილი (საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “გერმანიასთან მატჩის შემდეგ ბიჭებს დასვენების საშუალება მივეცით და შევეცადეთ, მათთვის განტვირთვის დღე მოგვეწყო. ქალაქი დავათვალიერეთ, შემდეგ აკვაპარკში ვიყავით, ბიჭები ძალიან კარგად გაერთნენ, უთუოდ კარგი განტვირთვის დღე გამოგვივიდა. გუშინ დილით პატარა მოთელვა გვქონდა, საღამოს კაპიტნის ვარჯიში იყო, კმაყოფილი ვარ. გუნდი ნელ-ნელა ლაგდება, რაც მთავარია, მონდომებულები არიან და ბელგიასთან კარგ თამაშს ველით. საღამოს თეორიული მეცადინეობა გვქონდა და ბელგიისა და პორტუგალიის თამაში გავარჩიეთ.
რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, მისი თამაში ვნახეთ და კარგი გუნდია. სწრაფი ბიჭები ჰყავთ და კარგადაც თამაშობენ, თუმცა, სუსტი წერტილებიც აქვთ და მათ გამოყენებას შევეცდებით. გუნდში ძალიან კარგი განწყობა და მოტივაციაა, ხვალ, ანგარიშის მიუხედავად, აუცილებლად ბოლო წუთამდე ბრძოლა იქნება. შარშანაც ასე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი დიდი ანგარიშით მოვიგეთ, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დარწმუნებული ვარ, დღესაც ასე იქნება.
ორი მოთამაშე შევცვალეთ - რეზო ჯინჭველაშვილი და ირაკლი სვანიძე. მათ გერმანიასთან მცირე ტრავმები მიიღეს და ბოლომდე მზად არ არიან. გუშინ არცერთს არ უვარჯიშია, თუმცა დღევანდელი მატჩის განაცხადში ორივე გვყავს და თუ დაგვჭირდნენ, ითამაშებენ კიდეც”.
ბელგიასთან მატჩის განაცხადში არიან: 15. იოსებ კიკვაძე, 14. დევი დევსურაშვილი, 13. სანდრო ილურიძე, 12. თემურ ირემაძე, 11. ბადრი ლიპარტელიანი, 10. იოსებ ტუკვაძე, 9. თემო თუთბერიძე; 1. ზაზა ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ), 3. ბექა კაკაბაძე, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. გუგა ხანთაძე, 6. დავით პაპავაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 8. ჟორა მღებრიშვილი.
სათადარიგოები: 16. გიორგი თორაძე; 17. დავით ფხაკაძე ; 18. გიორგი როყვა; 19. ბექა გორგაძე; 20. დავით გულიტაშვილი; 21. რევაზ ჯინჭველაშვილი; 22. ირაკლი სვანიძე; 23. დავით ლობჟანიძე
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელი: მამუკა ტყეშელაშვილი
ფიზიკური მომზადების მწვრთნელი: ირაკლი ჭყონია
მენეჯერი: ზურა ამონაშვილი
ექიმი: სერგო ბერიაშვილი
ექიმი: გიორგი მაისურაძე
18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
პორტუგალია. ლისაბონი
I რაუნდი. 27 ოქტომბერი
საქართველო - გერმანია 50:13 (33:6)
პორტუგალია - ბელგია 38:10
II რაუნდი. 30 ოქტომბერი
საქართველო - ბელგია
პორტუგალია - გერმანია
1 | საქართველო | 1 | 1 | 0 | 0 | 50-13 | 5 |
2 | პორტუგალია | 1 | 1 | 0 | 0 | 38-10 | 5 |
3 | ბელგია | 1 | 0 | 0 | 1 | 10-38 | 0 |
4 | გერმანია | 1 | 0 | 0 | 1 | 13-50 | 0 |
III რაუნდი. 2 ნოემბერი
ბელგია - გერმანია
საქართველო - პორტუგალია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია