ამბები

23:03 | 31.10.2012 | ნანახია 2343 - ჯერ

19-წლამდელები ფინალში არიან

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში მეორე თამაშიც მოიგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ესპანეთის 31:13 განადგურების შემდეგ, რუმინეთთან ჯახი მძიმე გამოდგა. არადა, “ბორჯღალოსნებისგან” ძლეულმა ესპანეთმა ორი დღის წინათ რუმინეთს 16:10 აჯობა. ამასთან, განვლილ მატჩამდე ქართველებს დასასვენებლად და მოსამზადებლად 4 დღე ჰქონდათ, მაშინ, როდესაც რუმინელებმა მხოლოდ 2 დღე დაისვენეს და თითქოს მატჩიც შედარებით იოლი უნდა გამომდგარიყო.
მაგრამ ასე არ მოხდა, რუმინელებმა მედგრად იბრძოლეს, თუმცა, უფრო ძლიერმა ქართველებმა მეტოქე მაინც გატეხეს და ტაიმი 13:6 მოიგეს. მე-2 ნახევარში კი, ლელო-გარდასახვით, უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, მერე ერთი ლელო თავადაც მიიღეს და ჯამში 20:11 იმარჯვეს.
შესაძლოა, განვლილ მატჩს ქართველი მორაგბეები სათანადო განწყობით ვერ შეხვდნენ და მცირე სხვაობაც ამის ბრალია, ან გადამწყვეტი შეხვედრის წინ, უბრალოდ, ძალები დაზოგეს, რადგან “ბორჯღალოსნები”, ფინალში, მცირე სხვაობით მარცხის შემთხვევაშიც კი გადიოდნენ და ამ დროს ფინალამდე 3 დღით ადრე სრული ძალებით თამაში, ცოტა არ იყოს რთულია.
ფინალში ქართველთა მეტოქე, სავარაუდოდ, მასპინძელი პორტუგალია იქნება, რომელიც ამ წუთებში ბელგიას ეთამაშება და თუ არ დამარცხდა, მე-2 ჯგუფიდან ფინალის საგზური მისი იქნება. შეგახსენებთ, წლეულს ევროპის შესარჩევი ჯგუფიდან “ალაფის” საგზურს მხოლოდ ერთი გუნდი იღებს.
რუმინეთთან განვლილი მატჩის შესახებ დამატებით ინფორმაციას, შემადგენლობებსა და მელელოვეებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080366