ნათქვამია - “ძალა აღმართს ხნავსო” და სწორედ ასე დამართეს ქართველმა 17-წლამდელებმა პორტუგალიელ თანატოლებს და იტალიელ რეფერის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში.
უკვე მიჩვეულები ვართ, რომ რეფერები რატომღაც ქართველ მორაგბეებს არ წყალობენ და ხელოვნურად უქმნიან დაბრკოლებებს. ლისაბონში პორტუგალიის ნაკრებთან მატჩშიც ასე იყო, მაგრამ ძალთა თანაფარდობა იმდენად დიდი იყო, რომ ამან საბოლოო სურათი ვერ შეცვალა, თუმცა, პირველ ტაიმში მორაგბეები, მათი ხელმძღვანელები და გულშემატკივრები კი ანერვიულა.
პირველი ორი ტურის შემდეგ ამ ტურნირის დანიშნულება უკვე ამოწურული იყო - საქართველომ და პორტუგალიამ ნაადრევად დაიბევეს ელიტრაუნდის საგზური და ურთიერთდაპირისპირებას მხოლოდ ისღა უნდა გაერკვია, ვინ შევიდოდა ელიტაში მოწინავის სახელით და ვინ - მეორეადგილოსნის. თამაში ქართველი მორაგბეების აქტიურობით დაიწყო და ეს ანგარიშზეც აისახა - პირველ წუთზე ლელო დევი დევსურაშვილმა გაიტანა და რევაზ ჯინჭველაშვილმა გარდასახვა გამოიყენა, ხოლო მე-9 წუთზე პორტუგალიელთა ჩათვლის მოედანზე ბურთი სანდრო ილურიძემ დაამიწა.
ამის შემდეგ საქმეში აქტიურად ჩაერთო მატჩის რეფერი და ყველაფერი გააკეთა თამაშში გარდატეხის შესატანად. თვითმხილველთა თქმით, მხოლოდ პირველ ტაიმში (ამ ასაკობრივ კატეგორიაში ტაიმი 35 წუთი გრძელდება) მან 12-ჯერ დააჯარიმა “ბორჯღალოსნები” - საშუალოდ სამ წუთში ერთხელ და ალბათ, მას მადლობა უნდა ვუთხრათ, არავინ რომ არ გაგვიგდო. შედეგად, მასპინძლებმა 25-ე წუთზე ჯერ ჯარიმით შეამცირეს სხვაობა, მერე ორი ლელო გაიტანეს, ორივე გარდასახვა გამოიყენეს და 17:12 დაწინაურდნენ.
და მაინც, ტაიმის ბოლოს ქართველმა მორაგბეებმა ბექა კაკაბაძის ლელოთი ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვით ქართველები შესვენებაზე ლიდერებად გაიყვანა - 19:17. მეორე ტაიმში “ბორჯღალოსნების” უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და რეფერიც ვეღარაფერს გახდა. 45-ე წუთზე კაკაბაძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა და საქართველოს პრემიალური ქულა დაუბევა, ხოლო 49-ე წუთზე იოსებ კიკვაძემ, რომელიც ჯამში 5 ლელოთი ტურნირის საუკეთესო მელელოვე გახდა, პორტუგალიელთა რბევა დაასრულა. ჯინჭველაშვილმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და თამაში 33:17 დასრულდა.
2013 წლის დასაწყისში ამ ბიჭებს ელიტრაუნდში ევროპის ბობოლა სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლებთან უწევთ თამაში და იმედია, იქ მსაჯობა უფრო ობიექტური იქნება. მიმდინარე წლის დასაწყისში, ევროპის ჩემპიონატზე იტალიასთან მატჩში მაგრად დაჩაგრეს მსაჯებმა ქართველი მორაგბეები და ერთი პერიოდი გუნდი 12 კაცის ამარა დატოვეს. მიუხედავად ამისა, მაშინ 13-მა ქართველმა ლელო გაიტანა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა, მაგრამ ასეთი უსამართლობა დაუშვებელია და ამაზე სერიოზული მუშაობა მართებს საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას.
ლისაბონში პირველი ადგილის დაკავებით კი, ქართველი 17-წლამდელები გაისად საფრანგეთში, გრენობლში მე-7 ნომრად იქნებიან განთესილები. თუ ტურნირი წინამორბედის მსგავსად, პლეი ოფის სისტემნით ჩატარდება, პირველ მატჩში “უმცროსი ბორჯღალოსნების” მეტოქე შარშანდელი ფინალისტი ირლანდია იქნება, ხოლო თუ გათამაშების საწყის ეტაპზე ორი ოთხგუნდიანი ჯგუფი გაკეთდება, საქართველო ირლანდიასთან, საფრანგეთთან და იტალიასთან მოხვდება. მეორე ჯგუფში ინგლისი, უელსი, შოტლანდია და პორტუგალია ითამაშებენ.
18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
პორტუგალია. ლისაბონი
I რაუნდი. 27 ოქტომბერი
საქართველო - გერმანია 50:13 (33:6)
პორტუგალია - ბელგია 38:10
II რაუნდი. 30 ოქტომბერი
საქართველო - ბელგია 55:6 (31:3)
პორტუგალია - გერმანია 34:3
III რაუნდი. 2 ნოემბერი
ბელგია - გერმანია 13:6
საქართველო - პორტუგალია 33:17
საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. დევი დევსურაშვილი, 13. სანდრო ილურიძე, 12. თემურ ირემაძე, 11. იოსებ კიკვაძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თემო თუთბერიძე; 1. ზაურ ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ.), 3. ბექა კაკაბაძე (17. დავით ფხაკაძე 50), 4. როლანდ კვაჭაძე, 5. გუგა ხანთაძე (18. გიორგი როყვა 35), 6. დავით პაპავაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი (25. ბადრი დანგაძე 70), 8. ჟორა მღებრიშვილი.
სათადარიგოები: 16. გიორგი თორაძე, 19. ბექა გორგაძე, 20. დავით გულიტაშვილი, 21. იოსებ ტუკვაძე, 22. ბადრი ლიპარტელიანი, 23. დავით ლობჟანიძე, 24. ვასილ ლობჟანიძე, 26. გიორგი ხვისტანი.
5 ლელო: დევსურაშვილი, ილურიძე, კაკაბაძე (2)კიკვაძე,
4 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელი: მამუკა ტყეშელაშვილი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ირაკლი ჭყონია
მენეჯერი: ზურა ამონაშვილი
ექიმი: სერგო ბერიაშვილი
ექიმი: გიორგი მაისურაძე
1 | საქართველო | 3 | 3 | 0 | 0 | 138-36 | 15 |
2 | პორტუგალია | 3 | 2 | 0 | 1 | 89-46 | 10 |
3 | ბელგია | 3 | 1 | 0 | 2 | 29-99 | 4 |
4 | გერმანია | 3 | 0 | 0 | 3 | 22-97 | 1 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია