მერაბ კვირიკაშვილის სამივე გამოყენებული ჯარიმის შედეგად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, პირველ ტაიმში, იაპონიას 9:0-ს უგებდა და თითქოსდა, ყველაფერი მასპინძელთა სცენარით მიმდინარეობდა, მაგრამ, ერთი ცნობილი ქართული ნაწარმოებისა არ იყოს – იაპონია, რაც ზევითაა, ორი იმდენია ქვევით...
მასპინძლებს მე-2 წუთზევე შეეძლოთ ლელოს გატანა, მაგრამ ლამის ჩათვლის ხაზთან მისულები შეცდნენ.
ზოგადად, პირველი 20 წუთი ქართველ მორაგბეთა უპირატესობა თვალსაჩინო იყო, თუმცა, შემდგომში იაპონიამ მოიპოვა უპირატესობა და ერთხელ საკმაოდ ახლოსაც მივიდნენ მასპინძელთა ჩათვლის მოედანთან, მაგრამ მხოლოდ მივიდნენ.
იაპონელებმა 26-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმით შეამცირეს ანგარიში - 9:3 (მანამდე საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყეს ჯარიმა).
კიდევ ათ წუთში, სტუმრებმა ისევ გამოიყენეს ჯარიმა და ქართველებს ანგარიშში ძალიან მიუახლოვდნენ – 9:6.
ამან, ეტყობა, მასპინძლები განსაკუთრებულად გააბრაზა და განახლდა თუ არა მოედნის ცენტრიდან თამაში საქართველოს ნაკრები მთელი ძალებით მიაწვა სტუმრებს.
მეტოქის ჩათვლის ხაზის სიახლოვეს დაახლოებით 5-6 მეტრში, თითქმის 5 წუთის განმავლობაში დიდი ჭიდაობა გაჩაღდა, მაგრამ შედეგი ვერც ამან გამოიღო.
სამაგიეროდ, იაპონელებმა საპასუხო შეტევაშივე შეძლეს ლელოს დადება და გარდასახვაც ზედ მიაყოლეს (არადა, 40 წუთი უკვე კარგა ხნის გასული იყო) – 9:13.
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია