ამბები

17:52 | 3.12.2012 | ნანახია 3055 - ჯერ

ინგლისმა ზელანდია შეაჩერა, უელსი მესამე კალათაშია

გასულ შაბათს გამართულ ორად ორ ტესტ-მატჩში საიბტერესო შედეგები დაფიქსირდა. ავსტრალიასთან და სამხრეთ აფრიკასთან დამარცხების შემდეგ, ინგლისმა მსოფლიოს ჩემპიონის – ახალი ზელანდიის დაუმარცხებელი სვლა შეაჩერა, ხოლო უელსი ზედიზედ მეშვიდედ დამარცხდა და მსოფლიო თასის კენჭისყრას მე-3 კალათაში ხვდება.
“ოლ ბლექსმა” ინგლისელებთან გამართული მატჩის საწყისი 50 წუთი ძალიან ცუდად ჩაატარეს. ისინი ხშირად უშვებდნენ შეცდომებს და პრაქტიკულად უბურთოდ დარჩნენ, რითაც კარგად ისარგებლეს მასპინძლებმა ოუენ ფარელის ოთხი ჯარიმით და ერთი არეკნით 42-ე წუთისთვის 15:0 დაწინაურდნენ (ტაიმი 12:0 დასრულდა). 47-ე წუთზე ჯულიან სავეა მარცხენა ფლანგზე სამ მცველს დაუსხლტა, ლელო გაიტანა და სიტუაცია შეცვალა, ხოლო დამ წუთში ლელო კირან რიდმაც გაიტანა და რადგან დენ კარტერის ორივე გარდასახვა ზუსტი იყო, სხვაობა მინიმუმამდე დავიდა.
მაგრამ ინგლისელები დანებებას არ აპირებდნენ, მათ მომხდურს კვლავ უკან დაახევინეს და რვა წუთის ინტერვალით სამი ლელოთი უპასუხეს. თავი ბრედლი ბარიტმა, კრის ეშტონმა და მანუ ტუილაგიმ გამოიჩინეს. ფარელიმ მხოლოდ ერთი რეალიზაცია გამოიყენა, მაგრამ ინიციატივას უკვე მასპინძლები ფლობდნენ და ფრედ ბარნსმა ორი ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. სავეამ 74-ე წუთზე ლელოებით ანგარიში გაათანაბრა და აარონ კრუდენმაც გარდასახვა გაიტანა, მაგრამ ამან საერთო სურათი ვეღAრ შეცვალა და ინგლისმა შემოდგომის ტესტების ბოლოს ხასიათი მნიშვნელოვნად გამოიკეთა - 38:21.
ამ მოგებამ ინგლისს 2,83 სარეიტინგო ქულა შემატა, მაგრამ მანამდე იმდენი დაკარგა, რეიტინგში მე-4 ადგილი ვეღარ დაიბრუნა და დღეს გასამართ 2015 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრას მე-2 კალათაში ხვდება. რეიტინგში ამდენივე ქულა დაკარგა “ოლ ბლექსმას”, მაგრამ მას იმხელა უპირატესობა ჰქონდა, მაინც სათავეში რჩება, ოღონდ, მდევარ სამხრეთ აფრიკას 3 ქულაზე ოდნავ მეტითღა უსწრებს.
ექვსი ერის მოგების შემდეგ კვლავ მოგების გარეშეა უელსი, რომელიც უსიამოვნო ტრადიციის დარღვევასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ორი-სამი წუთი ვეღარ გაძლო. მან ავსტრალიასთან ტაიმი 6:9 დათმო, მერე ორი ჯარიმა გაიტანა და 79-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ ქერთლი ბილისგან ლელო მიიღო და 12:14 დამარცხდა.
ამით არგენტინამ იხეირა, რადგან უელსმა კიდევ 0,56 სარეიტინგო ქულა დაკარგა და ორი საფეხურით დაქვეითდა. ახლა მეორე კალათაში სამოასთან ერთად არგენტინა მოხვდა, ხოლო უელსი, რომელიც მე-9 ადგილამდე დაქვეითდა, მესამე კალათაში იქნება.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109201