ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "აიამ“ თბილისის "ილიაუნი ჯიქს“ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში ქუთათურებმა პირველი დამარცხება სწორედ ჯიქებისგან იგემეს, ამიტომ ყველა უშეღავათო ბრძოლას მოელოდა. ანგარიშში დიდი სხვაობის მიუხედავად, შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მატჩზე დამსწრე გულშემატკივრებმა თვალსასეირო რაგბი იხილეს.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მათი პირველივე შეტევა შედეგიანი გამოდგა. ქუთათურები მთელი გუნდით მიეძალნენ, მეტოქის 22-მეტრიან ზონასთან მისულებმა კი, მარცხენა ფლანგიდან მარჯვნივ ,,მარაო“ გაშალეს, რომელიც კვერნაძემ ჩათვლის მოედანში შერბენით დაასრულა. ახალგაზრდა ჯინჭველაშვილს მახვილი კუთხიდან შესრულებული რეალიზაცია გაუცუდდა - 5:0.
ლელოს გაშვებამ სტუმართა რიგებში არეულობა გამოიწვია, რიონისპირელებმა კი პირიქით უფრო გაილაღეს. მათ მეტოქეს გონს მოსვლა არ აცალეს და მთელი გუნდით თბილისელთა ნახევარზე განლაგდნენ. მასპინძელთა ერთ-ერთი მორიგი შეტევისას ყურაშვილმა მეტოქეს ხაზი გაუჭრა, რამდენიმე მეტრი ირბინა და ნახტომით, ბურთი თბილისელთა ჩათვლის მოედანზე დაამიწა. ჯინჭველაშვილმა რეალიზაცია ამჯერად ზუსტად გარდასახა - 12:0.
შეხვედრა ამის შემდეგაც ქუთაისელთა უპირატესობით გაგრძელდა. ტაიმის შუაწელს მათ 22-მეტრიან ზონასთან დანიშნული აუტი მოიგეს. მეტოქეს მძლავრად მიაწვნენ და შერკინების შემკვრელმა თხელიძემ თბილისელები მესამედ დაალელოვა. ჯინჭველეიშვილმა ზუსტად გამოყენებული რეალიზაციით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 19:0.
ამის შემდეგ სტუმრები გონს მოეგენ. მათ თამაში დაალაგეს და ტაიმის დარჩენილი დრო თავიანთ სასარგებლოდ წარმართეს. აშკარად გამოჩნდა, რომ თბილისელები მეტოქეს შერკინებაში ჯაბნიდნენ და სტუმრებმაც აქცენტი შეტევის ასეთ განვითარებაზე გადაიტანეს.
მორიგი მცდელობისას დედაქალაქელები მეტოქეს მოლით მიაწვნენ და შეტევის მეოთხე ფაზაში ყაულაშვილის გარჯის შედეგად პირველი ლელოც მიითვალეს - 19:5 (ხარაზიშვილმა რეალიზაცია ვერ გამოიყენა).
იგრძნეს რა თამაშის სადავეების ხელში აღება, თბილისელები ფაქტობრივად მასპინძელთა ნახევარზე დასახლდნენ და თავდამსხმელთა მძლავრი ბიძგებით ზედიზედ რამდენიმე შეტევა განახორციელეს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ქუთათურები შერკინებაში მეტოქეს ბევრად ჩამოუვარდებოდნენ, ამიტომ მათ თავდაცვა ხშირად წესების დარღვევის ხარჯზე უხდებოდათ. დედაქალაქელები ჯარიმის კარში დარტყმის ნაცვლად კვლავ შერკინებას ითხოვდნენ და მასპინძლები საკუთარ 5-მეტრიან ხაზთან ჰყავდათ მიჯაჭვული.
ტაიმის უკანასკნელ წუთზე შერკინების ჩაშლის მცდელობისათვის მსაჯმა ჯერ ქუთათურთა კაპიტანი ყურაშვილი მოედნიდან 10 წუთით გააძევა, ხოლო რიონისპირელთა მორიგი წესის დარღვევა საჯარიმო ლელოთი შეაფასა. კარის წინ დანიშნული რეალიზაციის გარდასახვა ხარაზიშვილს არ გასჭირვებია - 19:12.
შეხვედრის მე-2 ნახევარში ერთგვარი უსისტემო თამაში ვიხილეთ. ატალახებულ მოედანზე მორაგბეებს სწრაფი სირბილი და კომბინაციების გათამაშება უჭირდათ. აშკარად ჩანდა, რომ გაიმარჯვებდა ის, ვისაც მატჩის ბოლოსთვის მეტი ძალა შერჩებოდა.
თავიდან სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა. ისინი მთელი გუნდით უტევდნენ, რამდენჯერმე მიზანთან ძალიან ახლოსაც იყვნენ, თუმცა ქუთათურთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ თბილისელთა ზეწოლა დიდი მონდომების ფასად გაანეიტრალეს და შეხვედრის დასვნით ნაწილში უპირატესობის დაბრუნებაც მოახერხეს.
მასპინძელთა ერთ-ერთი კონტრშეტევისას თბილისელები საკუთარ 22-თან დაჯარიმდნენ. ხელსაყრელი მდგომარეობიდან დარტყმა ჯინჭველაშვილმა შეასრულა, მაგრამ ბურთი კარის ძელებს შორის ვერ გააძვრინა. ქუთათურთა ახალგაზრდა ფულბეკმა თავისი შეცდომა მაშინვე გამოასწორა და თითქმის იმავე ადგილიდან დანიშნული საჯარიმო დარტყმა ზუსტად განახორციელა - 22:12.
ამის შემდეგ ,,აიამ“ თამაში დაალაგა და შეტევების ორგანიზებაც მოახერხა. მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე მასპინძლებმა მეტოქის ლელოსთან დანიშნული საჯარიმო აუტში გადაიტანეს და იქიდან მოგებული ბურთი მძლავრი ბიძგით მეტოქის ჩათვლის მოედანზე შეიტანეს. თხელიძემ თავისი მეორე ლელო მიითვალა, ხოლო გარდასახვა შეცვლაზე შესულმა სინაურიძემ შეასრულა - 29:12.
ცოტა ხანში თანაგუნდელებმა შეტევაში კუხიანიძე ჩართეს, რომელმაც სოლო-რეიდით რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და ბურთი თბილისელთა ჩათვლის მოედანზე დაამიწა. სინაურიძეს გარდასახვა გაუცუდდა - 34:12.
მატჩის ბოლოსკენ ,,აიამ“ ერთიც იმძლავრა და მოედანზე დაბრუნებული ლომიძის ლელოთი პრემიალური ქულაც გაინაღდა. სინაურიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 41:12.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XII რაუნდი.
9 დეკემბერი. კვირა.
"აია“ (ქუთაისი) - "ილიაუნი ჯიქები“ (თბილისი) 41:12 (19:12)
ქუთაისი. "დინამო“. 15:00 საათი. 500 მაყურებელი.
"აია“: 15. ძნელაძე, 14. ფრუიძე, 13. კვერნაძე, 12. კუხიანიძე, 11. გოშაძე (კიკვაძე) 10. ჯინჭველაშვილი (სინაურიძე), 9. გოგია, 1. ლომიძე (ულუმბელაშვილი), 2. მატკავა, 3. წაქაძე (რატიაშვილი, ლომიძე), 4. ხელაძე, 5. ჩიტეიშვილი (შაშიაშვილი), 6. შალამბერიძე, 7. ყურაშვილი, 8. თხელიძე;
6 ლელო: კვერნაძე, ყურაშვილი, თხელიძე (2), კუხიანიძე, ლომიძე;
4 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი (2), სინაურიძე (2);
ჯარიმა: ჯინჭველაშვილი;
სინბინი: ყურაშვილი
მწვრთნელი : კობა გიორგაძე
"ლოკომოტივი“: 15. კიკნაძე (შარმაზანაშვილი), 14. ტურაშვილი, 13. ბერძული, 12. კუპრეიშვილი (იობიძე), 11. ხარაზიშვილი, 10. ბიწაძე, 9. ზაბახიძე, 1. ოქრიაშვილი (ყაულაშვილი), 2. ოქრომელიძე, 3. ყაულაშვილი (გაგნიძე), 4. მჭედლიშვილი (ტრაპაიძე), 5. გოგოლიძე (ტალახაძე), 6. მამრიკიშვილი, 7. შენგელია, 8. კიკვიძე (ცირეკიძე);
2 ლელო: ყაულაშვილი, საჯარიმო;
გარდასახვა: ხარაზიშვილი
მწვრთნელი: გოჩა კვაჭანტირაძე
მთ. მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი
თ/მ: სულხან ჩიხლაძე, ილია მჟავანაძე
ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია