ამბები

19:47 | 23.12.2012 | ნანახია 2351 - ჯერ

მინუს გორგოძე, პლუს კოლელიშვილი

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის Top 14-ის XIII რაუნდში დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ. სამაგიეროდ, სასჯელის ვადა მოიხადა და მოედანს დაუბრუნდა ასევე მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილი.
23 წლის კოლელიშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატის X რაუნდში (1 ნოემბერს), “აჟენთან” დასრულებული მატჩის შემდეგ, მეტოქე გუნდის კაპიტანს გინება არ აპატია. მას შემდეგ ვიტომ სანაკრებო თამაშებში მიიღო მონაწილეობა და სადისციპლინო კომისიამ ქართველის ქმედება მოგვიანებით, ნოემბრის ბოლოსღა განიხილა. შედეგად, მწვრთნელს რომც მოენდომებინა, მას “ჰაინეკენის თასის” თამაშებში ვერ გამოიყენებდა, მაგრამ ახლა სასჯელის ვადა ამოიწურა და კოლელიშვილმა “ბორდოს” წინააღმდეგ დასკვნითი 23 წუთი ითამაშა.
განაცხადში არ იყო “კლერმონის” პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი. ეს იმიტომ, რომ მწვრთნელმა რთული საერთაშორისო მატჩების შემდეგ ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა და “ბორდოს” წინააღმდეგ სათამაშოდ მეორე შემადგენლობა გაიყვანა. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა მასპინძლები მაინც დაჯაბნეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს - 28:24.
თამაში დაძაბული გამოდგა და ქულა-ქულაში წარიმართა. თავიდან 2 ჯარიმით “ბორდო” დაწინაურდა, “კლერმონმა” 2 ჯარიმით უპასუხა. 27-ე წუთზე მასპინძლები ჯარიმითვე დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებისგან ერთ წუთში არეკნი მიიღეს, ტაიმის ბოლოს ჯარიმა გაუშვეს და “კლერმონი” შესვენებაზე ლიდერის რანგში გავიდა - 12:9.
“ბორდომ” არეკნითვე წონასწორობა მეორე ნახევრის დასაწყისში აღადგინა, მერე სტუმრები გააქტიურდნენ და 50-ე წუთზე ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი გარდასახვა, ხოლო კიდევ ხუთ წუთში მეორე არეკნი მოჰყვა - 12:22.
მასპინძლებმა ექვს წუთში მოახერხეს დაწინაურება. მათ 2 ლელო გაიტანეს, მხოლოდ მეორე გარდასახვა გამოიყენეს და 2 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ დასკვნით ათ წუთში კვლავ “კლერმონმა” იყოჩაღა და 73-ე და მე-80 წუთებზე გატანილი ჯარიმებით გამარჯვება მოიპოვა. ახლა “კლერმონს” 44 ქულა აქვს და მე-2 ადგილს ინარჩუნებს.
სამაგიეროდ, ამ ტურში მონაწილეობა ვერ მიიღო 2011 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა მამუკა გორგოძემ, რომელიც “ბაიონთან” მატჩში მეტოქეს წაეჩხუბა, მერე “კარდიფის” წინააღმდეგ ითამაშა და გუნდის კაპიტანიც იყო, მაგრამ 20-დღიანმა სასჯელმა შუა კვირაში მოუსწრო და ერთი კვირის წინ იმავე “კარდიფის” წინააღმდეგ ვეღარ ითამაშა.
“პერპინიანთან” სტუმრად 19:30 წაგებული მატჩის განაცხადში არ იყო გიორგი ჟღენტიც, რომელიც კარიერას სავარაუდოდ სწორედ “პერპინიანში” გააგრძელებს. სამაგიეროდ, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს მიხეილ ნარიაშვილი. მას ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე დაბრუნება 68-ე წუთზე მოუწია და კიდევ 8 წუთი გაისარჯა.
საწყის ნახევარ საათში გუნდებმა სამ-სამი ჯარიმა გაცვალეს, მერე მასპინძლებმა ლელო-გარდასახვა გაიტანეს და ტაიმი 16:9 მოიგეს.
მე-2 ტაიმის დებიუტში “პერპინიანმა” ჯარიმით და მერე ლელოთი უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდა, “მონპელიემ” ჩამორჩენა 8 ქულამდე 55-ე წუთზე დაიყვანა (ლელო-გარდასახვა), მაგრამ ტაიმის ბოლომდე მასპინძლებმა ჯარიმა და არეკნი, ხოლო სტუმრებმა მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანეს და უქულოდ დარჩნენ.
“მონპელიეს” 36 ქულა დარჩა და მე-5 ადგილს ინარჩუნებს.
ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზა” სტუმრად “გრენობლთან” 6:15 დამარცხდა. ბრეგვაძემ ტრავმა კი მოიშუშა, მაგრამ მისი მოედანზე გამოჩენა ჯერ ნაადრევია, ხოლო კაკოვინი წინა მატჩის მსგავსად ამჯერადაც განაცხადში იყო და დასკვნითი 30 წუთი ითამაშა. გუნდებმა ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვეს, პირველი ტაიმის ბოლომდე ანგარიში 6:6 იყო, მაგრამ მერე მასპინძლები დაწინაურდნენ და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს. “ტულუზას” 42 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.
“ტულუზას” ქულებით გაუტოლდა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, რომელმაც დავით ხინჩაგიშვილის მომავალი გუნდი “რასინგ მეტრო” 31:10 დაამარცხა. ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო, მისი თანაგუნდელები კი, პირველივე წუთიდან დაუფლნენ უპირატესობას და 22-ე წუთისთვის 17:0 დაწინაურდნენ, ხოლო ტაიმი 24:3 მოიგეს.
მე-2 ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა მე-4 ლელო გაიტანეს და 31:3 დაწინაურდნენ, მერე საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და 31:10 მოიგეს, თანაც ერთის წილ 4 ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც მიითვალეს.
სატურნირო ცხრილს 51 ქულით ლიდერობს დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი”, რომელმაც “აჟენი” სტუმრად 15:9 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ქუბრიაშვილი იყო, მაგრამ მწვრთნელმა მისი მოედანზე შეშვება საჭიროდ არ ჩათვალა. სტუმრებმა მასპინძლები დასკვნით მეოთხედში გატეხეს, არეკნი და ჯარიმა გაიტანეს და 4 ქულა ჩაიწერეს.
ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” “ბიარიცს” უმასპინძლა, 36:23 იმარჯვა, 28 ქულით მე-8 ადგილამდე დაწინაურდა და პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა. ქართველი პირველხაზელი განაცხადში კი იყო, მაგრამ ქუბრიაშვილის მსგავსად მოედანზე გასვლა არ მოუწია. პარიზელებმა ტაიმი 17:10 მოიგეს, 68-ე წუთისთვის კი, ანგარიში 23:10 იყო. დასკვნითი წუთები შედეგიანი გამოდგა, მაგრამ “სტად ფრანსემ” მეტოქე 10 ქულაზე ახლოს არ გაიკარა და უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერა. ახლა მას და “ბიარიცს” თანაბარი ქულები აქვთ.
“ბაიონთან” 13:39 დამარცხდა თამაზ მჭედლიძის “მონ დე მარსანი” და 6 ქულით კვლავაც ბოლო ადგილზე რჩება. ქართველი შუამარბი “ამლინ ჩელენჯ ქაფის” შეხვედრებში რეგულარულად კი თამაშობს, მაგრამ Top 14-ში ჯერჯერობით განაცხადშიც ვერ ხვდება. საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები 30 დეკემბერსაა დანიშნული.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.111192