ამბები

17:44 | 27.01.2013 | ნანახია 3942 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” ინგლისისკენ სვლას კანიდან იწყებენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, დღეიდან, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანში ოთხდღიან შეკრებას გაივლიან, 31 იანვარს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაფრინდებიან, სადაც 2 თებერვალს, ერთა თასის დებიუტანტს, მასპინძელთა ეროვნულ გუნდს გაეჯიბრებიან.
ბელგიის ნაკრებს ამ დონეზე ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ეს გუნდი სულაც არაა ხელწამოსაკრავი და ეს, მათი ახალგაზრდული გუნდების წარმატებული თამაშიდანაც ჩანს. ამ ქვეყნის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ, გეზი ფრანგი მოთამაშეების ნატურალიზაციისკენ აიღო და სწორედ ამის დამსახურებაა მის შემადგენლობაში საფრანგეთის ელიტარული და ფედერალ დივიზიონის კლუბებიდან მორაგბეები მრავლად რომ არიან.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, შეკრებაზე 29 მორაგბეს უხმო, თუმცა, პირვანდელ შემადგენლობაში ორი ცვლილების განხორციელება მოუწია. პირველხაზელები დავით ზირაქაშვილი და ვასილ კაკოვინი დაშავდნენ და ზელანდიელმაც, მათ ნაცვლად, ზურაბ ჟვანიასა და ლევან ჩილაჩავას უხმო. აღსანიშნავია, რომ გამოძახებულთა შორის არაა “ბორჯღალოსანთა” უცვლელი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და 9 ნომრად, გიორგი ბეგაძე, ან ვაჟა ხუციშვილი ითამაშებენ.
მომავალ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ ირაკლი ნატრიაშვილი, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ნემსაძე და ლაშა მალაღურაძე, რომელთა გამოძახებაც მწვრთნელმა, ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად ჩათვალა. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ჯაბა ბრეგვაძე და გიორგი ჟღენტი.
“ეიზელის” სტადიონზე მაყურებლის მისაზიდად, ბელგიის რაგბის კავშირმა რიგი ღონისძიებები დაგეგმა. ადგილობრივი დროით 13 საათზე შეკრებილებს დიჯეი ლეგრანდი გაახურებს, 15 საათზე თამაში დაიწყება, მისი დასრულების შემდეგ კი, ცოცხალი ბენდის შესრულებით კონცერტი გაიმართება. საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრას იტალიელი მსაჯები მოემსახურებიან.
რადგან ერთა თასზე პრემიალური ქულების დარიცხვის სისტემა დაინერგა, საქართველოს ნაკრების მიზანი უბრალოდ მოგება არ იქნება. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებისთვის გუნდი 4 ქულას იღებს, ფრე 2 ქულად ფასობს, 4 და მეტი ლელოს გატანისთვის, ასევე 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის კი, 1 პრემიალური ქულა იწერება. 2013 წლის გათამაშების დასრულების შემდეგ, პირველადგილოსანი, ერთა თასის გამარჯვებულად გამოცხადდება, თუმცა, აქ დაგროვილი ქულები გუნდებს 2014 წლის სეზონზეც გადაჰყვებათ და მომავალ წელს გამარჯვებული, უკვე ორი წლის ჯამური ქულებით გაირკვევა.
ერთა თასის 2013-2014 წლების სეზონი, ამავდროულად, 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. ინგლისის საგზურს ერთა თასის ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს, მესამე კი, რეპეშაჟში გადაერთვება და მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლას იქ გააგრძელებს. ბელგიასთან მატჩის დასრულების შემდეგ, “ბორჯღალოსნები” თბილისში დაბრუნდებიან და 9 თებერვალს, ვაკეში, “მიხეილ მესხზე”, უკვე პორტუგალიის ნაკრებს დაუხვდებიან.
საქართველოს ნაკრები
შერკინება: დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა (ორივე “ტულონი”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი), რეზო ბელქანია (“ლელო”, თბილისი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე (“ალბი”, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), ლაშა ლომიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი).
უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”, ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი), დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), ალექსანდრე თოდუა (“ალბი”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“მონ დე მარსანი”, საფრანგეთი), გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე

2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
საქართველო
რუმინეთი
ესპანეთი
რუსეთი
პორტუგალია
ბელგია

2 თებერვალი
პორტუგალია - რუმინეთი
რუსეთი - ესპანეთი
ბელგია - საქართველო
9 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია
რუმინეთი - რუსეთი
ბელგია - ესპანეთი
23 თებერვალი
რუსეთი - საქართველო
ესპანეთი - რუმინეთი
პორტუგალია - ბელგია
9 მარტი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი
16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090343