საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა თბილისის “არმიამ”, რომელიც წინასასეზონო შეკრებაზე თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელეკში იმყოფებოდა, რუსულ კლუბებთან სამი საკონტროლო შეხვედრა გამართა და ერთში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ორ შემთხვევაში მარცხი განიცადა.
პრინციპში, პირველი ორი შეხვედრა უფრო თამაშთან მაქსიმალურად მიახლოვებული ვარჯიში იყო. რადგან ერთიდაიმავე ადგილას თავი “არმიამ”, რუსეთის ჩემპიონმა “ენისეიმ” და ასევე რუსულმა “აგროუნივერსიტეტმა” მოიყარეს, მათ ვარჯიში გამართეს და ნახევარსაათიანი სამი ტაიმი ითამაშეს. შეგახსენებთ, რომ იმავე ბელეკში საქართველოს ჩემპიონი (არმია) რუსეთისას (ენისეი) შარშანაც ეთამაშა და 10:7 იმარჯვა. მაშინ ქართველებმა მეტოქეს ერთის საპასუხოდ ორი ლელო გაუტანეს.
ამჯერად, ვარჯიშის რანგში მოცემულ მომენტში საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილზე მყოფმა “არმიამ”, რუსეთის პირველობაზე მე-6 საფეხურზე გასულ “აგროუნივერსიტეტთან” ნახევარსაათიანი ერთი ტაიმი გამართა. გუნდები ჯარიმებს და გარდასახვებს არ ურტყამდნენ, მხოლოდ ლელოზე თამაშობდნენ და არმიელებმა ორი უპასუხო ლელო გაიტანეს - 10:0.
შესვენების შემდეგ “არმიას” მეტოქე უკვე “ენისეი” იყო და გუნდებმა ორი ნახევარსაათიანი ტაიმი გამართეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს აკლდა ეროვნულ გუნდებში გამოძახებული მორაგბეები. რაოდენობის მხრივ თუ ავიღებთ, “ენისეის” ნაკრებში ბევრად მეტი მორაგბე ჰყავს მივლინებული, ვიდრე “არმიას”. საათიანი შეხვედრის მსვლელობისას არმიელებმა ოთხი ლელო გაიტანეს, მაგრამ ხუთი გაუშვეს და 20:25 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ “ენისეიმ” “აგროუნივერსიტეტთან” ნახევარსაათიანი თამაში უკვე ახალგაზრდული გუნდით გამართა და 0:10 დამარცხდა.
7 თებერვალს “ენისეისა” და “არმიას” შორის უკვე სრულფასოვანი შეხვედრა გაიმართა, სადაც გუნდები მაქსიმალურად ცდილობდნენ ქულების აღებას, თუმცა, ჯარიმებს მაინც არ ურტყამდნენ. წვიმიან ამინდში გამართულ მატჩში ქართველებმა ერთი ლელო გაიტანეს და გარდასახვაც გამოიყენეს, მაგრამ თავად ორი ლელო მიიღეს, ერთი გარდასახვა ზუსტი იყო და 7:12 დამარცხდნენ. ახლა “არმია” სამშობლოში დაბრუნდება და 17 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრეში ჩაებმება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია