ამბები

22:21 | 9.02.2013 | ნანახია 6203 - ჯერ

ეპიზოდური თამაშით სასურველი შედეგი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიისას აჯობა და წლევანდელი ერთა თასისა და 2015 წლის მოსფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მოგების ფავორიტად რჩება.
რაც ყველაზე კარგია, პერიოდულად, საქართველოს ნაკრებმა აჩვენა უნარი გაშლილი თამაშისა, ფაზების გადაბმისა და ეს არის ყველაზე კარგი ამ კონკრეტული განვლილი თამაშისა. მაგრამ ის იყო საწყისი 7-8 წუთის განმავლობაში, მერე გაგვიჭირდა და ბოლო წუთამდე დაგვჭირდა ნერვიულობა, რათა გამარჯვება გვეზეიმა. კარგია ის, რომ მთავარმა მწვრთნელმა, ექსპერიმენტების ფონზე სწორი დასკვნა გააკეთა და ნაკრებმა, ბელგიასთან შედარებით, უკეთესი თამაში აჩვენა, მაგრამ საკითხავია, თუ რამდენს გაუძლებს გულშემატკივრის გული, რომელმაც იმავე პორტუგალიასთან მატჩში, ბოლო წუთამდე ყველაფერი სრულად განიცადა.
მილტონ ჰეიგმა პირველად გაბედა სერიოზული გადაადგილება და მერაბ კვირიკაშვილი ფულბეკად გადაიყვანა, მის ნაცვლად კი, მგეზავად, ამჯერად, ლაშა ხმალაძე გაამწესა. მსგავს კომბინაციას, ოღონდ მგეზავად ლაშა მალაღურაძის დაყენებით, აქამდე მხოლოდ ტიმ ლეინი მიმართავდა და ვფიქრობ, ამ შეწყობამ ჰეიგიც უნდა დაარწმუნოს, რომ ასეთ კომბანიაციაში მეტი სარგებელია. ყოველ შემთხვევაში, პორტუგალიასთან ამან იმუშავა და ნამატჩევს, ეს მწვრთნელმაც აღნიშნა.
თამაშის მსვლობისას გამოჩნდა, რომ ძალიან კარგია თედო ზიბზიბაძე, რომელიც აქამდე იშვიათად ხვდებოდა შემადგნლონაში. მან შუამარბად საუცხოოდ ითამაშა, შეუდარებელი იყო ბოჭვებისას და ორ გატანილ ლელოზე რომ არაფერი ვთქვათ, ფრთაზეც იდეალურად გადაინაცვლა, რაც ლელოთიც დააგვირგვინა. მოკლედ, მუშა პროცესმა ნაკრებს დიდი შედეგი მისცა და იმედია, უპრინციპულეს მეტოქე რუსეთთან და უმთავრეს კონკურენტ რუმინეთთან, წელიწადახვრის განმავლობაში ჩატარებული ექსპერიმენტები უკვე შედეგში აისახება.
საქარველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან მატჩი საუცხოოდ დაიწყო. თავისი თანაგუნდელის გადაკიდებული ბურთი, ჯერ თამაზ მჭედლიძემ აიღო და უკან დაბრუნებულ გადაკიდებას ქართველთათვის იდეალური, ხელდახელ შეტევა მოჰყვა. 20-მდე ფაზის დროს, არცერთხელ არ დავარდა ბურთი წინ და შედეგად, “ბორჯღალოსნებმა” ლელო გაიტანეს. ეს მგეზავმა ლაშა ხმალაძემ გაჭრა ბოლო მომენტში, ხაზი სწორედ მან გადაკვეთა, მერაბ კვირიკაშვილმა კი, გარდასახვა შეასრულა.
თითქმის 10 წუთი ასე ლამაზად გაგრძელდა თამაში, მაგრამ სამწუხდაროდ, ის მალევე დაინგრა და ინიციატივა მეტოქის მხარეს გადავიდა, რომელმაც მე-8 წუთზე ჯარიმით შეამცირა ჩამორჩენა და მეორედაც მიეცა შანსი, მაგრამ პედრუ ლეალის მეორე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, თამაში გათანაბრდა, პორტუგალია თავადაც ცდილობდა ხიფათის შექმნას და კონტრშეტევაზე ჩვენსავე ნახევარზე ჯერ დიმიტრი ბასილაიამ ითამაშა კარგად, მერე იერიში თედო ზიბზიბაძემ გააგრძელა, რომელიც ბოჭვებისასაც საუკეთესო იყო, მაგრამ ხუთიოდე მეტრში შეტევა შეჩერდა და კვირიკაშვილმა ჯარიმით 3 ქულის აღება გადაწყვიტა.
“მეკოს” დარტყმული არაზუსტი იყო და მანვე უფრო გაგვაოცა, როდესაც რამდენიმე წუთში, კარის გასწვრივ 25 მეტრიდან ასპროცენტიანი შანსი გაანიავა, მაგრამ აბა, რას ვიზამდით და ქართველთა შერკინებაში სრული დომინირება, მხოლოდ პირველ 10 წუთში გაშლილ თამაშში მიღწეული წარმატების დამსახურებით აისახა ანგარიშში - 7:3.
დაიწყო მეორე ტაიმი და პორტუგალიამ უკეთ ორგანიზებული დაცვა დააყენა, რითაც ქართველებს პრობლემა შეუქმნა და ჯერ არეკნი ააცილა, მაგრამ მერე ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. ამაზე, ჰეიგმა ცვლილებებით უპასუხა და 58-ე წუთზე, უკვე კვირიკაშვილმა გაიტანა ჯარიმა, მაგრამ სამიოდე წუთში, სტუმრებისგან ასევე ჯარიმით დავისაჯეთ. სულ მალე, პორტუგალიამ დაწინაურების შანსი მიიღო, მაგრამ მათი ჯარიმა ძელმა აისხლიტა და მერე ფლანგზე გადასული ზიბზიბაძე ამუშავდა.
პირველ შემთხევაში, საქართველოს ნაკრებმა კარგი მოლით 15-იოდე მეტრით წინ წაიწია, წარმოქმნილი რაქიდან ბურთი მამუკა გორგოძემ საუცხოოდ გამოიტანა და ზიბზიბაძეს უპასა, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ლელო გაიტანა. კვირიკაშვილს გარდასახვა კი გაუფუჭდა, მაგრამ მეტროქის ზუსტ ჯარიმას ჯარიმითვე უპასუხა და დასკვნით წუთებში, 6 ქულიანი უპირატესობა შეგვინარჩუნა. უკანასკნელ წუთზე, ფლანგზე გადასულმა თედომ ზედ კიდის ხაზთან მიიღო ბურთი, დაზღვევაზე გადმოსული მცველები ჩამოიცილა და გარანტირებული გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა, რასაც კვირიკაშვილმა გარდასახვა მიაყოლა და მატჩიც დასრულდა - 25:12.
ოთხი ლელოს გატანა და პრემიალური ქულის აღება ვერ მოხერხდა, მაგრამ გულშემატკივარი შედეგით მაინც კმაყოფილი დარჩა. ახლა მთავარია, წითელი არმიის დაარსების დღეს, 23 თებერვალს, რუსები სოჭში დავამრცხოთ, თუნდაც არცთუ ლამაზი თამაშით და ინგლისის საგზური ძალიან ახლოს იქნება, ჰეიგის სამუშაოს შეფასება კი, მარტის ბოლოსთვის გადავდოთ.
და ერთიც, რადგან ფრანგ მსაჯთა ბრიგადა საქართველოში დროულად ვერ ჩამოვიდა, მატჩს ქართველი არბიტრები მოემსახურნენ, მაგრამ მათით კმაყოფილი დარჩნენ არა მხოლოდ კომისრები, არამედ თავად სტუმარი გუნდის წარმომადგენლები.
 
პრესკონფერენცია
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
“საწყის 10 წუთში ზუსტად ის თამაში ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. შესაძლოა, ყველფარის გამოსვლამ მეტი თავდაჯერებულობა შეგვმატა, მაგრამ ფაქტია: შესვენებამდე ბოლო 20 წუთი საშინლად ჩავატრეთ. მორაგბეებმა ინდივიდუალურად დაწყეს თამაში. სწორედ ამის დამსახურება იყო განხორციელებული ცვლილებები.
საწყის 10 წუთში ზუსტად ის ვაჩვენეთ, რაზეც ვარჯიშებისას ვმუშაობთ. ამ უწყვეტობას თუ დავუმატებთ დისციპლინას, მივიღებთ იმას, რაც ასე ძალიან გვსურს. სწორედ ასეთი თამაშით გვექნება დიდი წარმატებების შანსი. ახლა გარდამავალ პერიოდში ვართ და წყვეტაც ამითაა განპირობებული. ახალ სტილზე გადასვლას დრო სჭირდება, იმედია, ყველაფერი დალაგდება და ამიერიდან, მთელი 80 წუთი ასეთი თამაშით, მსოფლიოს გავაოცებთ.
თედო ზიბზიბაძის თამაშით აღფრთოვანებული დავრჩი. ნამატჩევს მას პირადად გადავეხვიე და მივულოცე საუკეთესო თამაში. ვუთხარი, რომ მან ახალი პოზიცია იპოვა _ შუამარბადაც და ფრთაზეც საუცხოოდ ითამაშა. ვფიქრობ, სამომავლოდ უფრო ფართო გამოყენებას მოვუძებნით მას. კმაყოფილი ვარ კვირიკაშვილის ფულბეკობით და ალბათ, ამ კომბინაციის გამოყენებაც შეიძლება. ხმალაძე და კვირიკაშვილი სხვადასხვა ფეხით თამაშობენ და ეს ძალიან კარგად გამოვიყენეთ. ლაშას ჩავარდნები ჰქონდა, მაგრამ ეგ არაფერია”.
ირაკლი მაჩხანელი (საქრთველოს ნაკრების კაპიტანი): “როგორც ნაკრების კაპიტანი, პასუხისმგებელი ვარ გუნდის ყველა გადაწყვეტილებაზე. ვფიქრობ, როდესაც ქულის აღების შანსი გეძლევა, ჯარიმა კარში უნდა დაარტყა. გუნდმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ეს გასაგებია, რადგან მრავლად გვყავდნენ ახალი მორაგბეები. ფაქტი ისაა, რომ გავაუმჯობესეთ ჩვენი თამაში იაპონიასთან და ფიჯის შემდეგ. ახალმა ტაქტიკამ იმუშავა და იმედია, წინსვლაც გვექნება. ჩვენ პორტუგალიის ხაზიდან პრობლემებს ველოდით, მაგრამ ერთი-ერთზე დუელი მოვუგეთ, მეტოქე ვერ დავჩაგრეთ, მაგრამ ვდომინირებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ”.
ეროლ ბრაიანი (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “გვსურდა, ბურთი გაგვეშალა და ქართველთა დაცვა ცენტრში გაგვერღვია, მაგრამ განდაგან ვუტიეთ და შეცდომა დავუშვით. მსაჯების აბსოლიტურად კმაყოფილი ვარ. ამ დონეზე მატჩის განსჯა ძალიან რთულია და ისინი, თითქმის უშეცდომოდ გაისარჯნენ. მათ ვერაფერს დავაბრალებ”.
პედრუ ლეალი: “ერთა თასის მონაწილე გუნდების დონე გათანაბრდა. რუმინეთთან წაგებულ მატჩში, შანსები 50-50-ზე იყო, ასევე იყო ამ შეხვრდრაშიც და წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ბოლო წუთებში კონცენტრაცია არ გვყოფნის. მომავალ მატჩებში გამოვსწორდებით და შედეგსაც გავაუმჯობესებთ”.

2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
9 თებერვალი. თბილისი. მიხეილ მესხი. 6 000 მაყურებელი
საქართველო - პორტუგალია 25:12 (7:3)
საქართველო:
15. ლაშა ხმალაძე (23. ირაკლი ყიასაშვილი 79), 14. თამაზ მჭედლიძე (22. დავით კაჭარავა 63), 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. დავით ხინჩაგიშვილი 57), 2. შალვა მამუკაშვილი (16. რევაზ ბელქანია 57), 3. დავით ზირაქაშვილი (18. ირაკლი მირცხულავა 63), 4. გიორგი ჩხაიძე (19. ვახტანგ მაისურაძე 48), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (20. ბექა ბიწაძე 71), 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 21. ვაჟა ხუციშვილი.
3 ლელო: ხმალაძე, ზიბზიბაძე (2)
2 გარდასახვა: კვირიკაშვილი
2 ჯარიმა: კვირიკაშვილი
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
პორტუგალია: 15. ნუნუ პენია-კოშტა, 14. ადერიტუ ეშტევეში, 13. ფრედერიკუ ოლივეირა, 12. კარლ მარი, 11. გონსალუ ფორუ, 10. პედრუ ლეალი, 9. ფრანსისკო მეგელიანში (23. ჟოზე ლიმა 71); 1. ენტონი ალვეში (17. ჟორჟ სეგურადუ 48), 2. ჟოაუ კორეა (კაპ.), 3. ჟუან მურე (18. ტონი მერტინში 48), 4. დევიდ დუშ-რეიში (19. ტიაგუ ჟირაუ 63), 5. გონსალო უვა, 6. ვაშკუ უვა (21. ლორან ბალანგი 71), 7. ჟულიან ბარდი, 8. ჟუან სევერიანუ.
სათადარიგოები: 16. მიგელ ვილასი, 20. რაფაელ სიმოეში, 22. ფრანსიშკუ აპლტონი.
4 ჯარიმა: ლეალი
მთავარი მწვრთნელი: ეროლ ბრაიანი (ახალი ზელანდია)
რეფერი: გია ამირხანაშვილი
ასისტენტები: უჩა ნარიმანიძე, ნოდარ რობიტაშვილი

რუმინეთი - რუსეთი 29:14
ბელგია - ესპანეთი 21:21

 

1 რუმინეთი 2 2 0 0 48-27 8
2 საქართველო 2 2 0 0 42-25 8
3 რუსეთი 2 1 0 1 27-38 4
4 ბელგია 2 0 1 1 34-38 3
5 ესპანეთი 2 0 1 1 30-34 3
6 პორტუგალია 2 0 0 2 25-44 1


23 თებერვალი
რუსეთი - საქართველო
ესპანეთი - რუმინეთი
პორტუგალია - ბელგია


9 მარტი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი


16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081363