ამბები

11:26 | 17.02.2013 | ნანახია 1104 - ჯერ

“ლოკომოტივი” და “აია” კვლავ ფრეზე შეთანხმდნენ

 პრევიუში ვწერდით, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის შემოდგომის ეტაპზე გამართულ 60 მატჩში ერთადერთი ფრე ქუთაისში, “აიასა” და თბილისის “ლოკომოტივის” შეხვედრაში დაფიქსირდა (25:25). ამ გუნდებმა ტრადიციას არც განმეორებით თამაშში უღალატეს და ამჯერად “ავჭალაზე” გაიყვეს ქულები - 13:13.

საქართველოს XXIII ჩემპიონატი შაბათს განახლდა და ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა შაბათს გაიმართა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ლოკომოტივი” “აიას” დაუხვდა. ალბათ სიცივის ბრალი უნდა იყოს, ტრიბუნაზე გულშემატკივართა საჭირო რაოდენობა რომ ვერ შეიკრიბა. ვინც სტადიონზე მაინც მივიდა, მათ უშეღავათო ბრძოლა იხილეს, თუმცა, ზამთრის შესვენების შემდეგ გუნდები სათანადო ფორმაში ვერ არიან და მრავლად იყო შეცდომები, რამაც თამაშს სანახაობრივი კუთხით დაღი დაასვა, თორემ მონდომება არცერთ გუნდს არ დაეწუნებოდა.

თბილისელები მეტოქეს ძალისმიერ თამაშში ჯაბნიდნენ, მაგრამ ქუთაისელები კარგად იცავდნენ თავს და სწრაფი უკანახაზელების ხარჯზე გეგმავდნენ უპირატესობის მოპოვებას. მატჩის დებიუტში ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა “ლოკომოტივს” ჰქონდა, მაგრამ ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულ ბობა კვინიხიძეს 40 მეტრიდან არეკნი გაუცუდდა. საპასუხო შეტევისას ახალგაზრდა გიორგი ფრუიძემ, რომელიც ბელგიასა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის სანაკრებო შეკრებაზეც იყო გამოძახებული, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაჭრა მეტოქის დაცვის ხაზი და ლელო ძელებსშუა გაიტანა, გაგა სინაურიძემ კი, გარდასახვით მე-6 წუთზე ანგარიში 7:0 გახადა.

მასპინძლებმა მე-14 წუთზე სცადეს პასუხის გაცემა, მაგრამ ბექა წიკლაურს ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა და “ლოკომოტივმა” 5-მეტრა შერკინება მიიღო. აქ თბილისელები აშკარა უპირატესობას ფლობდნენ და “აია” დაჯარიმდა. დარტყმა კვინიხიძემ ითავა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტრავმის შემდეგ ის სათანადო ფორმაში ვერაა და 22 მეტრიდან გასატანი ჯარიმა ძელებსშუა ვერ გააძვრინა.

ამის შემდეგ თემურ ბენდიაშვილის შეგირდებმა ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს და ლელოზე ითამაშეს. გარკვეული დროით “აიამ” საკუთარი ჩათვლის მოედნის ხელუხლებლად შენახვა მოახერხა, მაგრამ წნეხს ვერ გაუძლო და რამდენიმე დარტყმის შემდეგ ლევან გენებაშვილმა საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო გარდასახვის დარტყმა ვახტანგ კავთიძემ ითავა და წონასწორობა აღადგინა. ტაიმის ბოლოს “აია” გააქტიურდა, იერიში მარცხენა ფლანგზე გაიშალა, მაგრამ ჩათვლის მოედნიდან ორიოდე მეტრში ბაკურ გოშაძე აუტში გადაიყვანეს.

სამაგიეროდ, ქუთაისელებს ჯარიმის უპირატესობა ჰქონდათ და სინაურიძემ ის 3 ქულად აქცია - 10:7. სულ ბოლოს სტუმრები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, მსაჯმა თორნიკე ძაგნიძე გაასინბინა და “ლოკომოტივმაც” შეუტია. ქუთაისელებმა სიტუაციის განმუხტვა ფეხით სცადეს, მაგრამ დარტყმა არაფრად ვარგოდა, მერე “აია” თამაშგარისთვის დაჯარიმდა და კავთიძეს კარის გასწვრივ 25 მეტრიდან წონასწორობა უნდა აღედგინა, მაგრამ გასატანი ჯარიმა კარს ააცილა.

მეორე ტაიმი კვლავ “ლოკომოტივის” იერიშებით დაიწყო, რომელიც საგრძნობ უპირატესობას დაეუფლა და მისი ასახვა ლელოში სცადა. თბილისელებმა რამდენიმე დასარტყმელი ჯარიმა აუტში გადაიტანეს, მაგრამ ლელოს გატანა ვერ მოახერხას და 65-ე წუთზე კავთიძემ ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა. ამას კვლავ “აიას” გააქტიურება მოყვა და სინაურიძემ ქუთაისელები ჯარიმით ერთხელაც დააწინაურა, მაგრამ ბოლო სიტყვა კვლავ “ლოკომოტივის” იყოკავთიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 13:13.

შაბათს კიდევ ორი თამაში გაიმართა და მათში ფავორიტებად მიჩნეულმა გუნდებმა გაიმარჯვეს. თბილისის “არმაზმა” “ბათუმს” “შევარდენზე” უმასპინძლა და 23:16 იმარჯვა, რითაც სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესა. რუსთავის “ხარებმა” ახალ სტადიონზე თავისი პირველი შეხვედრა გამართა და გულშემატკივარი გამარჯვებით გაახარა. მათ აუტსაიდერ “ყოჩებს” უმასპინძლეს, 29:16 იმარჯვეს და საჩემპიონო პლეი ოფში, საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნეს.

რამდენად მყარი იქნება მათი შანსები დღეს გაირკვევა, როდესაც თბილისის “ილიუნის ჯიქი” “აკადემიას” დაუპირისპირდება. დღესვე XIII რაუნდის კიდევ ერთი ცენტრალური მატჩი შედგება. დედაქალაქურ დერბიში ერთმანეთის პირისპირ მიმდინარე გათამაშების ორი უპირობო ლიდერი - “ლელო” და “არმია” წარსდგება. თამაში “ავჭალის” სტადიონზე 15 საათზე დაიწყება.   

 

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XIII რაუნდი

16 თებერვალი. შაბათი

თბილისი. “ავჭალა”. 300 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 13:13 (7:10)

ლოკომოტივი (ძირითადი შემადგენლობა): 15. ბ. წიკლაური, 14. გ. ბიწაძე, 13. ს. ქავთარაძე, 12. ვ. კავთიძე, 11. დ. ჟამუტაშვილი, 10. ბ. კვინიხიძე, 9. ი. ღვინჯილია; 1. დ. გასვიანი, 2. ლ. გენებაშვილი, 3. ხ. ელოშვილი, 4. გ. გეგია, 5. გ. სულთანიშვილი, 6. გ. ხოლუაშვილი, 7. თ. ჩიტიძე, 8. ზ. მაისურაძე.

1 ლელო: გენებაშვილი

1 გარდასახვა: კავთიძე

2 ჯარიმა: კავთიძე

აია (ძირითადი შემადგენლობა): 15. ზ. ძნელაძე, 14. ბ. გოშაძე, 13. გ. ფრუიძე, 12. გ. კუხიანიძე, 11. ს. კვერნაძე, 10. გ. სინაურიძე, 9. გ. როხვაძე; 1. ი. ულუმბელაშვილი, 2. მ. მატკავა, 3. თ. ლომიძე, 4. გ. შალამბერიძე, 5. თ. ძაგნიძე, 6. ი. დგებუაძე, 7. ბ. ყურაშვილი, 8. ლ. თხელიძე.

1 ლელო: ფრუიძე

1 გარდასახვა: სინაურიძე

2 ჯარიმა: სინაურიძე

სინბინი: ძაგნიძე

 

თბილისი. “შევარდენი”.

არმაზი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 23:16

რუსთავი. ახალი სტადიონი.

ხარები (რუსთავი) - ყოჩები (თბილისი) 29:16

 

17 თებერვალი. კვირა

თბილისი. “შევარდენი”. 15:00

ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)

თბილისი. “ავჭალა”. 15:00

ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი)

 

1 ლელო 
12 11 0 1 353-146 52
2 არმია
12 11 0 1 312-176 50
3 აია
13 8 2 3 356-198 42
4 არმაზი
13 10 0 3 262-207
42
5 ლოკომოტივი 13 5 2 6 265-243 29
6 ჯიქები 12 5 0 7 210-222 26
7 ხარები 13 4 0 9 191-287
20
8 ბათუმი 13 3 0 10 207-320
15
9 აკადემია 12 3 0 9 111-320 14
10 ყოჩები 13 1 0 12 194-342 7

     

    მომდევნო ტური. 24 თებერვალი

    არმია - არმაზი, ჯიქები - ლოკომოტივი, აკადემია - ყოჩები, აია - ლელო, ბათუმი - ხარები

     

    ზურა ქსოვრელი

     

    თეგებილოკომოტივი

    კომენტარები (0)

    კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

    FB ავტორიზაცია
    0.089886