ამბები

15:51 | 19.03.2013 | ნანახია 867 - ჯერ

საგზურისთვის ბრძოლა მძაფრდება

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტურ დივიზიონ Pro D2-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ექვსი ტური რჩება და თოპ 14-ის საგზურისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. პირველი ადგილი და პირდაპირი საგზური “უაიონამ” უკვე პრაქტიკულად რომ გაინაღდა, გასარკვევი იმ ოთხი გუნდის ვინაობაღა დარჩა, რომლებიც II-V ადგილებს დაიკავებენ და მეორე საგზურისთვის პლეი ოფში იბრძოლებენ.

XXIV ტურის ცენტრალურ მატჩში მამუკა მაგრაქველიძის “პომ” ირაკლი ნატრიაშვილის, გოდერძი შველიძისა და დავით ხინჩაგიშვილის “ბრივს” უმასპინძლა და უმნიშვნელოვანეს ჯახში 12:9 იმარჯვა. მასპინძელთა პირველხაზელი მაგრაქველიძე განაცხადში არ იყო, ისევე, როგორც სტუმართა კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი, რომელმაც “ბორჯღალოსანთა” მაისურით ბუქარესტში რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ხინჩაგიშვილი, რომელიც მე-20 წუთზე მეტოქეს წაეჩხუბა და მასთან ერთად 10 წუთი სინბინში გაატარა. ის 64-ე წუთზე შეცვალეს და სწორედ 64-ე წუთზე ჩაერთო თამაშში შველიძე.

“ბრივი” 25-ე წუთზე 6:0 დაწინაურდა და ტაიმი 6:3 მოიგო, მეორე ნახევრის დებიუტში უპირატესობა ჯარიმით კვლავ 6 ქულამდე გაზარდა, მაგრამ სამი ჯარიმა მიიღო და საათის თავზე 9:12 აგებდა. 70-ე წუთზე “პო” წითელი ბარათით რომ დაისაჯა, დასკვნითი 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, მაგრამ “ბრივმა” ამით ვერ ისარგებლა და მხოლოდ ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა. “პო” 75 ქულით მეორე ადგილზეა და 18-ით ჩამორჩება ლიდერ “უაიონას”, ხოლო “ბრივი” 69 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” აუტსაიდერს, შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას “მასის” უმასპინძლა და 29:26 იმარჯვა. ჩხაიძე და სუთიაშვილი ნაკრებში იყვნენ გამოძახებულები. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო დანარჩენი სამი ქართველი ლეგიონერი. ნემსაძე მეორე ხაზში სრულად გაისარჯა, ხოლო პირველხაზელები მირცხულავა და დადუნაშვილი 51-ე წუთზე შეცვალეს. თამაშში 49-ე წუთზე ჩაერთო სტუმართა პირველხაზელი აშვეთია.

“მასი” ლელო-გარდასახვით დაწინაურდა, მაგრამ 30-ე წუთისთვის უკვე 7:13 აგებდა. შესვენებამდე, დასკვნით 5 წუთში სტუმრებმა სამი ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი 16:13 მოიგეს. მეორე ტაიმი “ტარბმა” ორი გატანილი ჯარიმით დაიწყო და დაწინაურდა, მერე ლელო, გარდასახვა და კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და 57-ე წუთზე ანგარიში 29:16 გახდა. “მასიმ” ორ წუთში შეძლო საპასუხო ლელო-გარდასახვის გატანა, 71-ეზე ჯარიმით ჩამორჩენა სარაგბო საზომით მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა და მხოლოდ 1 ქულას დაჯერდა. “მასი” 27 ქულით ბოლო ადგილზე რჩება, ხოლო “ტარბი” 65 ქულით საპლეიოფო, მე-5 პოზიციაზეა.

ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია ლიდერ “უაიონასთან” შეწყვიტა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” - 23:22. დათუნაშვილი ნაკრებში იყო გამოძახებული, პირველხაზელმა ნაცარაშვილმა პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ასევე პირველხაზელი ასეიშვილი ბრძოლაში 72-ე წუთზე ჩაერთო. “უაიონამ” ტაიმი 11:6 მოიგო და 55-ე წუთისთვის 19:9 დაწინაურდა. 5 წუთში “ორიაკმა” ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ კიდევ 5 წუთში სტუმრებმა ჯარიმა გაიტანეს. დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც მასპინძლებმა ლელოს გატანა მოახერხეს, გარდასახვაც გამოიყენეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. “ორიაკს” “ტარბის” მსგავსად 65 ქულა აქვს, მას დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება და მე-6 ადგილზეა.

60 ქულით მე-7 ადგილზეა გურამ კავთიძის “ლიონი”, რომელიც განვლილ ტურში “კოლომიეს” ქართველი ლეგიონერის გარეშე სტუმრად დაუზავდა - 19:19. ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” ერთ-ერთ ლიდერ “ლა როშელს” დაუხვდა და 31:25 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 58-ეზე შეცვალეს და ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანს 72-ე წუთზე დაუბრუნდა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და მასპინძლები მხოლოდ ჩამორჩენის შემცირებას ახერხებდნენ. “ბეზიემ” საქმე გამარჯვებამდე რომ მიიყვანა, 35 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილზეა და Pro D2-ში დასარჩენად დანარჩენ მატჩებშიც ბოლომდე ბრძოლა მოუწევს.

“ბეზიეს” უმთავრესი კონკურენტი ტარიელ რატიანიძის “დაქსია”, რომელმაც განვლილ ტურში “კარკასონი” 22:9 დაამარცხა და 36 ქულით მე-14 საფეხურზეა. ქართველმა პირველხაზელმა პირველი ტაიმი ითამაშა, რომელიც სტუმრებმა 9:6 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში ვეღარ დადგნენ და დასკვნით 15 წუთში საბოლოოდ გატყდნენ.

ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბი” “ოშთან” სტუმრად 10:22 დამარცხდა. თოდუამ გარემარბად სრულად ითამაშა, მეორეხაზელი მაისურაძე 53-ე წუთზე შეცვალეს, თეთრაშვილი მოედანზე 46-ე, ხოლო ახობაძე 79-ე წუთზე გამოჩნდა. 52-ე წუთისთვის მასპინძლები 22:0-ს იგებდნენ და “ალბიმ” ორი ლელოთი ბოლოსღა შეძლო ანგარიშის შელამაზება. “ალბი” 49 ქულით მე-11 ადგილზეა.

Pro D2-ის მომდევნო ტურის შეხვედრები 23 მარტსაა დანიშნული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093984