20-წლამდელები

1:14 | 25.02.2016 | ნანახია 1005 - ჯერ

არგენტინამ მეორედაც მოგვიგო

არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ ამერიკაში ტურნეზე მყოფი „უმცროსი ბორჯღალოსნები“ სერიის მეორე მატჩშიც დაამარცხა, ამჯერად 49:11.

თამაში ისეთ სიცხეში გაიმართა, რომ რეფერიმ ტაიმების შუაში 2-წუთიანი წყლის შესვენებები გამოიყენა. საქართველოს ნაკრებმა კვლავ უკეთ ჩაატარა პირველი ტაიმი და მეორეს დასაწყისი, მერე კი, დაღლილობამ იჩინა თავი. შეხვედრის დებიუტში „პუმიტასმა“ ორჯერ ისარგებლა სწრაფი კონტრშეტევით და 14:0 დაწინაურდა, რაზეც ქართველებმა გელა აფრასიძის ლელოთი უპასუხეს. მართალია მისი გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ მერე ჯარიმა გაიტანა და ჩამორჩენა 6 ქულამდე დავიდა.

შესვენებამდე მასპინძლებმა სისწრაფის ხარჯზე ერთხელაც შეძლეს ხაზის გაჭრა, მესამე ლელო გაიტანეს და ტაიმი 21:8 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში აფრასიძემ ჯარიმით ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა. ანგარიშში სხვაობის შემცირებას მოედანზე სიტუაციის დაძაბვა მოყვა და როცა ყველაფერი დასრულდა, არგენტინელებმა მოლით მეოთხე ლელო გაიტანეს. მერე სიცხემ 40 გრადუსს უწია, ბიჭები „დამძიმდნენ“ და არგენტინელებმა დასკვნით მეოთხედში კიდევ სამი ლელო გაიტანეს, რითაც საბოლოო ანგარიში, 49:11 დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ „პუმიტასთან“ გამართული პირველი მატჩი არგენტინელებმა 36:17 მოიგეს. ახლა გუნდი ურუგვაიში გადაინაცვლებს მონტევიდეოში ადგილობრივ 20-წლამდელებთან 28 თებერვალს და 4 მარტს ორ თამაშს გამართავს.

საქართველოს ნაკრებმა განვლილი შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: 15. ირაკლი სვანიძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. სანდრო ილურიძე, 11. დავით მესხი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. გელა აფრასიძე; 1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ლაშა საჯაია, 3. ნიკა ნეფარიძე (კაპ.), 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიშა ბაბუნაშვილი, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ირაკლი ცხადაძე, 8. მიხეილ გორგასლიძე.

სათადარიგოები: 16. თორნიკე მატარაძე, 17. ლუკა გოგინავა, 18. გურამ პაპიძე, 19. გაგა არაბული, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. ლაშა მამუჩარაშვილი, 22. გურამ ქანდაურაშვილი, 23. რატი შანიძე, 24. ვანო ფუტკარაძე, 25. ცისკარა ბერიაშვილი, 26. სანდრო მერკვილიშვილი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079288