ამბები

19:26 | 25.03.2013 | ნანახია 888 - ჯერ

“მასიმ” იმედი დაიბრუნა, პლეი ოფისთვის ბრძოლა მძაფრდება

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტურ დივიზიონ Pro D2-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე 5 ტური რჩება და Top 14-ის საგზურისთვის ბრძოლას ქართველი ლეგიონერების ხუთი გუნდი აგრძელებს. ამასთან, სიტუაცია დაიძაბა სატურნირო ცხრილის ფსკერზეც და ელიტაში დარჩენის იმედი ჯერ არავის დაუკარგავს.

31 ქულით აუტსაიდერი კვლავ შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას “მასია”, მაგრამ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მაგრაქველიძის “პოს” 44:20 რომ მოუგო, გადარჩენის იმედი შეინარჩუნა. სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ პირველხაზელი აშვეთია იყო, რომელმაც 58 წუთი ითამაშა. სუთიაშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ხოლო მაგრაქველიძე დასკვნითი 13 წუთი გაისარჯა. “მასი” 6:0 კი დაწინაურდა, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ, სამი ლელოთი და თითო ჯარიმა-გარდასახვით უკვე 9:20 აგებდა. მასპინძლებმა ლელო-გარდასახვის გატანა შესვენებამდე მოახერხეს და ტაიმი 4 ქულის სხვაობით დათმეს (16:20).

“მასი” თამაშის განახლებიდან 10 წუთში ლელო-გარდასახვით დაწინაურდა და 59-ე წუთზე კიდევ ლელო-გარდასახვა მიითვალა. 10 წუთში მათ მეოთხე, ხოლო 73-ე წუთზე - მეხუთე ლელო გაიტანეს და დიდი სხვაობით იმარჯვეს. მიუხედავად ამისა, პრემიალური ქულა ვერ აიღეს (ლელოებით - 5:3) და ჯამში 31 ქულით მე-16 საფეხურზე რჩებიან. “მასის” დარჩენილ 5 მატჩში ელიტაში დასარჩენად 7-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მართებს. “პოს” 75 ქულა დარჩა, მე-3 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის ერთ-ერთ კანდიდატად რჩება.

“პოს” 1 ქულით ჩამორჩება ირაკლი ნატრიაშვილის, გოდერძი შველიძისა და დავით ხინჩაგიშვილის “ბრივი”, რომელმაც ტარიელ რატიანიძის “დაქსი” 26:14 დაამარცხა, ლელოებით 4:1 აჯობა და პრემიაც ჩაიწერა. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ხინჩაგიშვილმა მიიღო, რომელიც პირველიდან 54-ე წუთამდე გაისარჯა. მასპინძელთა ორ ლელოს და 1 გარდასახვას სტუმრებმა შესვენებამდე ჯარიმით და არეკნით უპასუხეს - 12:6. 54-ე წუთამდე “ბრივმა” კიდევ ორი ლელო გაიტანა და ორივე გარდასახვა გამოიყენა, რაზეც “დაქსმა” 62-ე წუთზე ლელოთი, ხოლო 5 წუთში ჯარიმით უპასუხა. “ბრივი” მე-4 პოზიციაზე გამაგრდა და ჯერჯერობით დაქვეითება არ ემუქრება, ხოლო “დაქსი” 36 ქულით ბოლოსწინა მე-15 პოზიციაზეა.

65-65 ქულა აქვთ და V-VII ადგილებს ინაწილებენ “ტარბი”, “ლიონი” და “ორიაკი”. გასულ ტურში გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” ბექა შეყლაშვილის “ბეზიეს” ეწვია და 3:11 დამარცხდა, არადა, გამარჯვების გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ საკუთარი, ასპროცენტიანი სალელოვე შანსები ვერ გამოიყენა და კონტრშეტევებით დაისაჯა. შეყლაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და თითქმის ბოლომდე, 79-ე წუთამდე ითამაშა.

სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს შერკინების მეორე ხაზში ნემსაძემ და შერკინების შემკვრელად ჩხაიძემ, ოღონდ ნემსაძე 48-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და 10 წუთი უქმობა მოუწია. 65-ე წუთიდან ითამაშა პირველხაზელმა მირცხულავამ. სტუმრებმა ანგარიში მე-15 წუთზე ჯარიმით გახსნეს, მაგრამ მერე შეცდომები რომ დაუშვეს, ტაიმი 3:6 დათმეს. 74-ე წუთზე “ბეზიემ” ლელოც გაიტანა და სტუმრები უქულოდ დატოვა, თავად კი, 4 ჩაიწერა, ჯამში 39 ქულა გაუხდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. “ბეზიე” მე-13 ადგილზეა და სახიფათო ზონას 3 ქულითაა დაშორებული.

გურამ კავთიძის “ლიონმა” ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკს”, 33:6 დაამარცხა, პრემიალური ქულაც მიითვალა და ცხრილშიც გაუთანაბრდა. დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, სასტარტო შემადგენლობაში იყო ასეიშვილიც, რომელიც მე-60 წუთზე შეცვალეს, მაგრამ 68-ეზე გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე დაბრუნება მოუწია და კიდევ 10 წუთი ითამაშა. “ლიონმა” პირველი ტაიმი 23:6 მოიგო, მეორე ნახევარში უპირატესობა უფრო გაზარდა და რაც მთავარია, მესამე, პრემიალური ლელოც გაიტანა.

ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბიმ” “კარკასონი” 23:11 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ თეთრაშვილმა და ახობაძემ მიიღეს. ორივე 57-ე წუთზე შეცვალეს, ოღონდ თეთრაშვილს 33-იდან 37-ე წუთამდე მკურნალობა დასჭირდა და ეს პერიოდი მის ნაცვლად სხვა მორაგბე ირჯებოდა. “ალბი” 53 ქულით მე-11 ადგილზეა. Pro D2-ის მომდევნო ტური 6 აპრილსაა დანიშნული.

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082571