ამბები

16:38 | 27.03.2013 | ნანახია 1010 - ჯერ

გიორგი ნიჟარაძე: “ჩვენი ბიჭების პროგრესს და კარგ თამაშს ყველა ერთსულოვნად აღნიშნავს”

როგორც უკვე ვიუწყებოდით, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში მოთამაშე საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალიელ თანატოლებს ზედიზედ მეორედ აჯობა (პირველად შარშან) და მე-5 ადგილისთვის თამაშის უფლება მოიპოვა. საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გასული შეხვედრის შესახებ კომენტარები გამოქვეყნდა, რომელთა გაცნობაც ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

”თამაში მოვიგეთ, მაგრამ გაგვიჭირდა ბურთის შენარჩუნებაზე მუშაობა და შეტევისას რამდენიმეჯერ ბურთიც დაგვივარდა წინ. დაცვას რაც შეეხება, ნაკლებ შეცდომას ჰქონდა ადგილი და იტალიელება პირველი ლელოს დადება მხოლოდ ინდივიდუალური ბოჭვის გაცუდების გამო მოახერხეს.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბიჭებმა ძალის მაქსიმუმი ირალნადიასთან პირველ მატჩს შეალიეს და სრულფასოვანი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გაუჭირდათ.

მიუხედავად ყველაფრისა, ხასგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ბიჭებს ერთი წამითაც არ დაუხევიათ უკან, მოახდინეს არსებული ძალების სრული კონცენტრირება და მოიგეს მატჩი! მე ვამაყობ ჩვენი ბიჭებით და როგორც მწვრთნელი, კმაყოფილი ვარ!

მომდევნო და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში, მცირე ფინალში, უელსს ვეთამაშებით. განვიხილავთ უელსი-პორტუგალიის შეხვედრას, ვიმუშავებთ შეცდომების გამოსწორებაზე და ბურთის შენარჩუნებაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები შეძლებენ ძალების მოკრებას, გაიაზრებენ შეცდომებს და უფრო თავდაჯერებულად, ლაღად და თავისუფლად შეერკინებიან უელსს!“ – აღნიშნა საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

“უნდა ითქვას, რომ ბევრ შეცდომას ჰქონდა ადგილი, მართალია უკეთ დავიცავით თავი ვიდრე ირლანდიასთან, მაგრამ უშეცდომოდ ამჯერადაც არ გვითამაშია. ბურთის შენარჩუნება გვიჭირდა და შეტევაში ტექნიკურ წუნსაც ჰქონდა ადგილი, როდესაც რამოდენიმეჯერ წინ დაგვივარდა ბურთი. ეს ყველაფერი ალბათ იმით იყო გამოწვეული, რომ უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” მთლიანი ძალ-ღონე ირლანდიასთან მატჩში დახარჯეს და მოკლე დროში ვერ შეძლეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური რესურსის შევსება.

მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ავღნიშნო, რომ მოგება ტკბილია და ვერაფერი შეედრება ამ გრძნობას! თამაში მოვიგეთ, ზედიზედ მეორე ჩემპიონატზე დავამარცხეთ იტალია. ბიჭების სანაქებოდ მინდა ვთქვა, რომ მათ როგორც ყოველთვის, გამოავლინეს საოცარი ბრძოლის უნარი, თავდაუზოგავად იცავდნენ თავს და მოედანზე დომინირებდნენ კიდეც.

დარწმუნებული ვარ, რომ არა დაშვებული შეცდომები, თამაშს უფრო დიდი სხვაობითაც მოვიგებდით. არ შეიძლება, რომ კიდევ ერთხელ არ ვთქვა – ყველა ერთსულოვნად აღნიშნავს ჩვენი ბიჭების პროგრესს და მათ კარგ თამაშს იწონებს!

ახლა, მთავარია ბიჭებმა დაისვენონ და ფსიქოლოგიურად განეწყონ იმისათვის, რომ უელსს თავისუფლად, ლაღად და ღირსეულად შეებრძოლონ მცირე ფინალში გასამარჯვებლად!“ – განაცხადა საქარველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

“ყველას უზომოდ გაგვიხარდა გამარჯვება, მაგრამ კიდევ გვაქვს სამუშაო, ვინაიდან კიდევ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი და დასახვეწი. მე ვიტყოდი, რომ ჩვენს მიერ ჩატარებულ შეხვედრებს შორის ეს შედარებით ნაკლებად სანახაობრივი, მაგრამ აუცილებლად მოსაგები მატჩი იყო!

ბიჭებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს, როგორც ყოველთვის, ურყევი ხასიათი გამოავლინეს და შეძლეს დიდი ფიზიკური ძალის დემონსტრირება.

უელსთან გასამართი მატჩის შესახებ მინდა შემდეგი განვაცხადო. 18-წლამდელები ზომიერად თავდაჯერებულნი არიან და შეცდომების აღმოფხვრის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, მოწინააღმდეგეს მაგრად შევერკინებით.

მიმაჩნია, რომ ამ დივიზიონში ჩვენი ბიჭებისათვის ისეთი მეტოქე არ არსებობს, რომლისაც უნდა გვეშინოდეს. მოწინააღმდეგის ძალა დასაფასებელია, მაგრამ არაფერია საშიში!“ – ასეთი გახლდათ საქართველოს ეროვნული სარაგბო აკადემიის მენეჯერის დონ კასკის ნააზრევი.

ამრიგად, 18-წლამდელი “ბორჯღალოსნები” ელიტური დივიზიონის მცირე ფინალში (ქვედა ოთხეული) გავიდნენ, სადაც მე-5 ადგილისათვის მატჩში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 30 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

იმავე დღეს ელიტური დივიზიონის დიდ ფინალში (ზედა ოთხეული) ჩემპიონატის მასპინძელი საფრანგეთის 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებისთვის მატჩი ირლანდიასა და შოტლანდიას შორის გაიმართება. ქვედა ოთხეულის აუტსაიდერები იტალია და პორტუგალია დივიზიონის მეშვიდე-მერვე ადგილებისთვის იბრძოლებენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.119393