საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ბათუმის “ბათუმს” თეორიული შანსიღა შერჩა იმისათვის, რომ საჩემპიონო პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვოს. ამისათვის მათ დარჩენილი ორივე მატჩის მოგება მართებთ და ამავდროულად, იმის იმედად უნდა იყვნენ, რომ მათი კონკურენტი თბილისის “ლოკომოტივი” ქულებს დაკარგავს.
XVII ტურში ზღვისპირელები თბილისს ეწვევიან და “შევარდენზე” “ჯიქებთან” პრემიალური ქულით მოგებას ეცდებიან. უნივერსიტეტელებმა პლეი ოფში თამაში უკვე დაიბევეს და ისიც ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე მათი მეტოქე “არმაზი” იქნება. ამიტომ, მათი მოტივაცია მეტოქისაზე ნაკლები იქნება და ალბათ, აქედანვე იზრუნებენ მომავალი, მნიშვნელოვანი ჯახისთვის უკეთ მოსამზადებლად.
“ბათუმს” ახლა ხომ თბილისში გამარჯვება მართებთ და დასკვნით ტურში საქართველოს ჩემპიონ და მიმდინარე გათამაშების ლიდერ “არმიასთანაც” მხოლოდ მოგება სჭირდებათ. ეს თამაში შაბათს, სხვებზე ნახევარი საათით გვიან, 15:30 საათზე დაიწყება. იმასაც შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში “ბათუმმა” 18:12 იმარჯვა.
15 საათზე რუსთავის ახალ სტადიონზე დაიწყება “ხარებისა” და “ლოკომოტივის” თამაში. თბილისელები მდევარს 5 ქულით რომ უწრებენ, ახლავე შეუძლიათ პლეი ოფში გასვლის საკითხი დადებითად გადაჭრან, მაგრამ რუსთაველებს თავისი სატკივარი აწუხებთ, მათ ჯერაც არ აქვთ გარანტირებული მე-8 ადგილის დაკავება და გამარჯვება სჭირდებათ, რათა გასავარდნ პლეი ოფში თამაში აირიდონ.
“ბათუმთან” შედარებით “ლოკომოტივს” ის უპირატესობაც აქვს, რომ დასკვნით ტურში ქვედა ოთხეულის კიდევ ერთ წარმომადგენელ “აკადემიას” ეთამაშება და მათთან ქულების აღება უფრო მარტივია, ვიდრე მოწინავე ექვსეულის გუნდებთან. პირველ წრეში “ლოკომოტივმა” ხარები 27:8 დაამარცხა, მაგრამ პრემიალური ქულა ვერ ჩაიწერა.
შაბათს 15 საათზე, “ავჭალაზე” იწყება აუტსაიდერ “ყოჩებისა” და ლიდერ “არმიას” შეხვედრა. არმიელებს რეგულარული პირველობის მოგება თუ უნდათ, მეტოქე აუცილებლად უნდა დაამარცხონ, ხოლო “ყოჩები” უკვე პირველი ლიგის გამარჯვებულთან ორრაუნდიანი ბრძოლისთვის ემზადება. პირველ წრეში “არმიამ” მეტოქე 34:19 დაამარცხა.
კვირას “შევარდენზე”, 15 საათზე “აკადემია” ქუთაისის “აიას” დაუხვდება. აკადემიელებს პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან გასავარდნი პლეი ოფის თავიდან არიდების შანსი რომ გაუჩნდა, აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება. ქუთაისელებმა მესამე ადგილი დაიბევეს და საჩემპიონო პლეი ოფის პირველ ორ ეტაპს საკუთარ მოედანზე გამართავენ, მაგრამ დანებდებიან თუ არა “აკადემიას” კვირას გამოჩნდება. პირველ წრეში “აიამ” მეტოქეს მიმდინარე გათამაშებაში სარეკორდო სხვაობით, 76:8 გაანადგურა.
15 საათზე “ავჭალაზე” დაიწყება “ლელოსა” და “არმაზის” შეხვედრა. ამ გუნდებს პლეი ოფში გასვლა უკვე დაბევებული აქვთ და მეტოქეებად ვინ ერგებიან ეგეც დიდწილად გადაწყვეტილია. ერთადერთი ისაა, რომ “ლოკომოტივს” არმაზელების ქუთაისში გასტუმრება თეორიულად ჯერ კიდევ შეუძლია და მათთვის მომავალ თამაშში ქულის აღებაც მნიშვნელოვანია, ხოლო “ლელო” დაკარგული ლიდერობის დასაბრუნებლად თუ იბრძოლებს. პირველ წრეში “ლელომ” 27:11 იმარჯვა.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XVII რაუნდი
30 მარტი. შაბათი
თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი
ყოჩები (თბილისი) - არმია (თბილისი)
რუსთავი. ახალი. 15:00 საათი
ხარები (რუსთავი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 15:30 საათი
ჯიქები (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
31 მარტი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”. 15:00 საათი
აკადემია (თბილისი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი
ლელო (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
1 | არმია | 16 | 14 | 0 | 2 | 431-248 | 65 |
2 | ლელო | 16 | 13 | 0 | 3 | 448-228 | 62 |
3 | აია |
16 | 11 | 2 | 3 | 418-230 | 54 |
4 | ჯიქები | 16 | 9 | 0 | 7 | 320-253 | 44 |
5 | არმაზი |
16 | 10 | 0 | 6 | 303-275 | 43 |
6 | ლოკომოტივი |
16 | 6 | 2 | 8 | 325-323 | 34 |
7 | ბათუმი | 16 | 6 | 0 | 10 | 314-348 | 29 |
8 | ხარები |
16 | 4 | 0 | 12 | 220-358 | 21 |
9 | აკადემია |
16 | 4 | 0 | 12 | 176-450 |
18 |
10 | ყოჩები |
16 | 1 | 0 | 15 | 223-465 | 7 |
მომდევნო ტური. 6-7 აპრილი
აია - ყოჩები, ლოკომოტივი - აკადემია, არმაზი - ჯიქები, ხარები - ლელო, ბათუმი - არმია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია