ამბები

20:47 | 7.04.2013 | ნანახია 1305 - ჯერ

„აიამ“ პლეი-ოფისთვის რეპეტიცია გაიარა

ქუთაისში გამართულ ბოლო ტურის შეხვედრას მეტოქეთათვის არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. რიონისპირელებს მე-3 ადგილი განაღდებული აქვთ და ისინი პლეი-ოფის მატჩებში მასპინძლის სტატუსით ისარგებლებენ. რაც შეეხებათ თბილისელებს, მათი მიზანიც გარკვეულია. ისინი პირველლიგელთან ორრაუნდიანი დაპირისპირებისთვის ემზადებიან.

ვინაიდან ამ თამაშის ნებისმიერი შედეგი სატურნირო ცხრილზე გავლენას ვერ მოახდენდა, ამიტომ მეტოქე გუნდების ხელმძღვანელების შეთანხმების საფუძველზე მატჩი დანიშნულ დროზე 15 წუთით ადრე დაიწყო.

თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად შეხვედრის დებიუტში გაირკვა.

რიონისპირელებმა ანგარიში საწყის წუთებშივე გახსნეს. თხელიძემ მოედნის ცენტრში მეტოქეს ხაზი გაუჭრა, 22-მეტრიან ნიშნულამდე ირბინა და ფეხით ბურთი თბილისელთა ჩათვლის მოედანზე შეაგორა. აქ ყველაზე სწრაფი შაშიაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ბურთი მოედნის კიდესთან დაამიწა. საკმაოდ რთული მდგომარეობიდან ძნელაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

თითქმის მაშინვე ქუთათურებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და მარჯვენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს, რითაც ძნელაძემ კარგად ისარგებლა და ბურთიანად მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაღწია. რიონისპირელთა ფულბეკმა გარდასახვა თავად შეასრულა, თუმცა ამჯერად სამიზნემ უმტყუნა - 12:0.

მასპინძელთა მესამე ლელო კოლექტიურ მიძალებას მოჰყვა. თბილისელთა 22-მეტრიან ზონაში რიონისპირელებმა ბურთი მოიგეს, მოლი შეკრეს და მეტოქის ჩათვლის მოედნისკენ დაიძრნენ. სტუმრებმა ქუთათურთა მიძალებას ვეღარ გაუძლეს და ძაგნიძემ ბურთი კარის ძელთან ახლოს დაამიწა. ხელსაყრელი მდგომარეობიდან ძნელაძეს გარდასახვა გაუცუდდა - 17:0.

ამის შემდეგ მასპინძლებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და თავს ცოტა მოდუნების საშუალება მისცეს. ამით ,,ყოჩებმა“ მაშინვე ისარგებლეს და ჯაფარიძის აქტიურობის შემდეგ ანგარიშში სხვაობა შეამცირეს - 17:5. რეალიზაციას მალაღურაძე ასრულებდა, თუმცა ბურთის კარის ძელებს შორის გატარება ვერ მოახერხა.

ეს იყო და ეს. ამის შემდეგ ქუთათურთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და მასპინძლებს მატჩის სადავეები თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვიათ. ისინი მეტოქეს ყველა სათამაშო კომპონენტში აღემატებოდნენ, რაც საბოლოოდ ანგარიშშიც აისახა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი’’ გამარჯვებული გუნდის მწვრთნელს გაესაუბრა:

კობა გიორგაძე (,,აია’’): „ამ მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ამიტომ გვინდოდა ეს თამაში პლეი-ოფის სარეპეტიციოდ გამოგვეყენებინა და სხვადასხვა კომბინაციები დაგვემუშავებინა, თუმცა მიზანს სანახევროდ მივაღწიეთ, რადგან მეტოქე გუნდების კლასში საკმაოდ დიდი სხვაობა იყო  და პრაქტიკულად წინააღმდეგობაც არ შეგვხვედრია.“

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი.  XVIII რაუნდი.
7 აპრილი. კვირა.
ქუთაისი. ,,დინამო“. 14:45 საათი. 500 მაყურებელი.

,,აია“ (ქუთაისი) - ,,ყოჩები“ (თბილისი)  63:5 (36:5)

,,აია“: 15. ძნელაძე (ს. კვერნაძე), 14. გოშაძე (ფრუიძე), 13. კუხიანიძე, 12. გ. თუთბერიძე, 11. შაშიაშვილი, 10. ხამაშურიძე,  9. თ. თუთბერიძე, 1. რატიაშვილი, 2. ლომთაძე, 3. ლომიძე (მატკავა), 4. ჩიტეიშვილი, 5. ძაგნიძე (ყურაშვილი), 6. რევიშვილი, 7. დგებუაძე (სინაურიძე), 8. თხელიძე;

11 ლელო:  შაშიაშვილი, ძნელაძე, ძაგნიძე, გოშაძე, ლომიძე (2), კუხიანიძე, ფრუიძე, რატიაშვილი, თხელიძე, ლომთაძე;
4 გარდასახვა:  ძნელაძე (3), თხელიძე;
მწვრთნელი : კობა გიორგაძე

,,ყოჩები“:  15. ჯაფარიძე, 14. კობაური, 13. გარუჩავა, 12. ქუშაშვილი (ჯმუხაძე), 11. მელაძე (ნიკოლაშვილი), 10. კვარაცხელია, 9. გ. ხელაძე, 1. ესაკია, 2. ფირიაშვილი, 3.  შენგელია, 4. სინაურიძე, 5. დიდავა (მირზაშვილი, ჭიღლაძე), 6. გუგეშაშვილი, 7. თოდაძე 8. ჯ. მალაღურაძე;

ლელო: ჯაფარიძე;

მწვრთნელი: ალექსანდრე ესაკია; 

მთ. მსაჯი:  სულხან ჩიხლაძე;

თ/მ:  ილია მჟავანაძე, ანდრია მახვილაძე; 

ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.122903