ამბები

23:53 | 14.04.2013 | ნანახია 1362 - ჯერ

„აიამ“ მეორე ტაიმში იძალა

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნულ ჩემპიონატში გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო. 13 აპრილს გამართულ პლეი ოფის პირველ მატჩში, მეოთხე-მეხუთე საფეხურზე მდგომი გუნდების შეხვედრაში, თბილისის „არმაზმა“ დაძაბულ ბრძოლაში (23:18) შეძლო თანაქალაქელი „ჯიქების“ დამარცხება და გზა მომდევნო ეტაპზე გაიკვლია. მისი მეტოქე დღევანდელ ქუთაისურ მატჩს უნდა გამოევლინა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გასული „აია“ და მე-6-ადგილოსანი თბილისის „ლოკომოტივი“ ხვდებოდნენ.

ამ გუნდების დაპირისპირება, საბჭოთა კავშირის პირველობიდან მოყოლებული, ყოველთვის უშეღავათო ბრძოლით გამოირჩეოდა. მეტოქეებმა საკუთარ პრინციპს არც რეგულარულ გათამაშებაში უღალატეს. მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი რაგბისთვის ერთობ უჩვეულოდ - ფრედ დასრულდა. მარადიული მეტოქეების დაპირისპირებამ ამჯერადაც დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა.

შეხვედრა თბილისელთა შეტევებით დაიწყო და ტაიმის ნახევარი მათი უპირატესობით წარიმართა. ახალზელანდიელი არბიტრის სასტვენისთანავე ისინი მეტოქეს ეკვეთნენ და 22-მეტრიანი ზონიდან ბურთის გამოტანის საშუალება არ მისცეს. რკინიგზელთა მიძალებამ შედეგი მე-7 წუთზე გამოიღო. თბილისელებმა შერკინებაში ბურთი მოიგეს და წიკლაურს არეკნის დასარტყმელად სივრცე გაუთავისუფლეს. დედაქალაქელთა მგეზავმა თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და ზუსტი დარტყმით ბურთი კარის ძელებს შორის გააძვრინა - 0:3.

თბილისელებს შეტევები არც ამის შემდეგ შეუნელებიათ და მე-11 წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, თუმცა წიკლაურის დარტყმა უზუსტო გამოდგა. რკინიგზელთა მე-10 ნომერმა თავისი შეცდომა ორ წუთში გამოასწორა და არეკნით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა - 0:6. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქელებს ეს კომბინაცია კარგად ჰქონდათ დამუშავებული. სხვა და სხვა სტანდარტული სიტუაციიდან ბურთის მოგების შემდეგ ისინი თავიანთ მგეზავს არეკნის დასარტყმელად საჭირო სივრცეს უთავისუფლებდნენ და წიკლაურიც ამას სათავისოდ ძალიან კარგად იყენებდა.

ტაიმის შუაწელიდან მასპინძლებიც გამოცოცხლდნენ და მეტოქის ლელოზე იერიშიც მიიტანეს. თბილისელებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს და სინაურიძემ ჯარიმიდან ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 3:6.

ამის შემდეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. 23-ე წუთზე რკინიგზელებმა რამდენიმეფაზიანი შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც რიონისპირელები საკუთარი ჩათვლის მოედნის ხაზთან დაჯარიმდნენ. ძალიან კარგი პოზიციიდან წიკლაურმა ბურთი კარს ააცილა.

ეტყობა მეტოქე გუნდების დამრტყმელები ზედმეტად ნერვიულობდნენ. თითქმის მაშინვე სინაურიძესაც გაუცუდდა ხელსაყრელი მდგომარეობიდან დანიშნული საჯარიმო, თუმცა მან თავისი შეცდომა მალევე გამოასწორა და ზუსტი საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა - 6:6.

ამის შემდეგ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში თამაში მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. მორაგბეთა ერთგვარი გაელვება ტაიმის უკანასკნელ წუთზე ვიხილეთ. თბილისელებმა მორიგი იერიშის შემდეგ მოლი შეკრეს და წიკლაურს ბურთი არეკნის დასარტყმელად გამოუტანეს. რკინიგზელთა მგეზავმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ კომპონენტს იგი უნაკლოდ ასრულებს და ზუსტი დარტყმით მე-3(!) არეკნი მიითვალა - 6:9.

მოედნის ცენტრიდან ბურთის გათამაშებისთანავე, ქუთაისლები დიდებულად გაისარჯნენ. ხამაშურიძემ შეტევაში სინაურიძე ჩართო, რომელმაც ბურთი უმეთველყურეოდ დარჩენილ ზონაში, თბილისელთა ჩათვლის მოედნის კუთხეში ჩაჰკიდა. აქ სხვებზე მარდი ფრუიძე აღმოჩნდა. მან მეტოქეებს დაასწრო, ბურთი უკიდურეს წერტილში დაამიწა და თავისიანები წინ პირველად გაიყვანა - 11:9. რთული მდგომარეობიდან სინაურიძეს გარდასახვა გაუცუდდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი ქუთაურებისთვის საუკეთესოდ დაიწყო. პირველივე წუთზე რკინიგზელებმა დაცვაში მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, რაც რიონისპირელებმა მშვენივრად გამოიყენეს და შაშიაშვილმა მასპინძლები დააწინაურა - 16:9.

ამის შემდეგ ქუთაისელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ისინი შეტევას შეტევაზე ავითარებდნენ და მეტოქეს შეცდომების დაშვებას აიძულებდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეცდომა კარგად გამოიყენა გამოცდილმა ხამაშურიძემ, რომელმაც ზუსტი დარტყმით ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე შეაცურა. აქ სხვებს თხელიძემ დაასწრო და ანგარიში უფრო გაზარდა - 21:9. სინაურიძეს გარდასახვა ამჯერადაც გაუცუდდა.

ქუთაისლებს შეტევები არც ამის შემდეგ შეუწყვეტიათ. 74-ე წუთზე შერკინებიდან ბურთის მოგების შემდეგ დიდებულად ითამაშა ყურაშვილმა. მან მეტოქეს ცრუმოძრაობა აჩვენა და ზუსტი პასით როხვაძე კარგ პოზიციაში გაიყვანა. შერკინების ნახევარმცველმა მეტოქეები სისწრაფეში დაჯაბნა და ბურთიანად თბილისელთა ლელოში შეირბინა - 28:9.

მატჩიც პრაქტიკულად აქ დამთავრდა, თუმცა თბილისელებმა ერთიც გაიბრძოლეს. ქავთარაძემ მეტოქეს ხაზი გაუჭრა და პრესტიჟის ლელო დადო.

სულ ბოლოს მაინც „აიამ“ იძალა. შალამბერიძის ზუსტი გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შესულმა გოშაძემ სოლორეიდი განახორციელა და ბურთი კარის ძელებს შორის დაამიწა. გარდასახვა თხელიძემ ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 35:16.

მატჩის შემდეგ „მსოფლიო სპორტი“ ორივე გუნდის მწვრთნელებს გაესაუბრა:

კობა გიორგაძე (აია): „მთელი კვირა ამ თამაშისთვის ვემზადებოდით და საკმაოდ ნაყოფიერი მომზადებაც გამოგვივიდა. „ლოკომოტივთან“ თამაში ყოველთვის სპეციფიკურია და მუდამ დაძაბულობით გამოირჩევა. თამაშის დასაწყისში ვერ ავეწყვეთ და მეტოქის უპირატესობა იგრძნობოდა, თუმცა შემდეგ დავლაგდით და მეორე ტაიმი ჩვენი კარნახით წარიმართა. ვფიქრობ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ და ახლა მთლიანად მომდევნო შეხვედრაზე უნდა გადავერთოთ.“

თემურ ბენდიაშვილი („ლოკომოტივი“): ,,პირველ ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ, თუმცა ჩვენი შანსები ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში ქუთაისელთა უპირატესობა იგრძნობოდა, რაც მათ კარგად გამოიყენეს. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ მომავალში.“

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი 
შესარჩევი პლეი ოფები. თითო მატჩი
1
4 აპრილი. კვირა. ქუთაისი. „დინამო“. 15:30 საათი. 2000 მაყურებელი

„აია“ (ქუთაისი) – „ლოკომოტივი“ (თბილისი)  35:16 (11:9)

„აია“: 15. ძნელაძე, 14. ს. კვერნაძე, 13. კუხიანიძე (გ. თუთბერიძე), 12. ხამაშურიძე, 11. ფრუიძე, 10. სინაურიძე (გოშაძე),  9. როხვაძე; 1. რატიაშვილი (ლომიძე), 2. თხელიძე, 3. ლომიძე (მატკავა), 4. შალამბერიძე, 5. ძაგნიძე (ჩიტეიშვილი), 6. რევიშვილი (კ), 7. ყურაშვილი (დგებუაძე), 8. შაშიაშვილი;

5 ლელო:  ფრუიძე, შაშიაშვილი, თხელიძე, როხვაძე, გოშაძე;
2 გარდასახვა:  ხამაშურიძე, თხელიძე;
2 ჯარიმა:  სინაურიძე (2);
სინბინი: ხამაშურიძე;
მწვრთნელი : კობა გიორგაძე

„ლოკომოტივი“:  15. ბიწაძე, 14. ქავთარაძე, 13. ჭურღულია, 12. კავთიძე, 11. რ. ხუციშვილი, 10. წიკლაური, 9. ღვინჯილია; 1. გასვიანი, 2. გენებაშვილი (ბეკოშვილი), 3. ბალიაშვილი, 4. გეგია, 5. ცუხიშვილი (ფოფხაძე) 6. ახვლედიანი (გ. ხუციშვილი) 7. ჩიტიძე 8. ზვ. მაისურაძე (კ);

ლელო: ქავთარაძე;

გარდასახვა:  წიკლაური;

3 არეკნი: წიკლაური (3);

მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი;

მთ. მსაჯი:  რიჩარდ კელი (ახალი ზელანდია);

თ/მ:  ნიკა ამაშუკელი, შოთა თევზაძე; 

 

ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.200577