ამბები

15:08 | 19.04.2013 | ნანახია 1262 - ჯერ

ფინალისტი “ავჭალაზე” გაირკვევა, გავარდნილი - ქუთაისში

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულის გამოსავლენად ოთხი მატჩი დარჩა გასამართი. შაბათს, თბილისში, იმ ბედნიერი გუნდის ვინაობა უნდა გაირკვეს, რომელიც 25 მაისს ფინალში თამაშის უფლებას დაიბევებს.

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და საქართველოს მორაგბეთა რეგულარული პირველობის გამარჯვებული თბილისის “არმია” 20 აპრილს “ავჭალაზე” დედაქალაქურ დერბიში მეორეადგილოსან “ლელოს” დაუხვდება და რეგლამენტის თანახმად, წყვილის გამარჯვებული ფინალში თამაშის უფლებას მიიღებს, ხოლო დამარცხებულს ამ უფლების მისაღებად კიდევ ერთი ბარიერის გადალახვა მოუწევს. მას ერთი კვირის შემდეგ გასავარდნი პლეი ოფის გამარჯვებულთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

მომავალ ჯახს ორივე გუნდი დასვენებული ხვდება, რადგან გასულ უქმეებზე, როგორც რეგულარული პირველობის საუკეთესო გუნდებს, დასვენების საშუალება ჰქონდათ. უფრო მეტიც, მათ ვადაზე ადრე რომ დაიბევეს პირველ-მეორე ადგილები, რეგულარული პირველობის დასკვნით მატჩებში წამყვან მორაგბეებს დასვენების საშუალება მისცეს, უახლოესი რეზერვი გამოსცადეს და ექსპერიმენტები ჩაატარეს.

უკვე ვთქვით, რომ მოქმედმა ჩემპიონმა “არმიამ” ამ გათამაშების რეგულარული პირველობა მოიგო. მან 18 შეხვედრიდან მხოლოდ ორი წააგო - პირველი წრის მეორე ტურში “აიასთან” 15:16 და 2013 წლის პირველი მატჩი მომავალ მეტოქე “ლელოსთან” 13:16. აღსანიშნავია, რომ არმიელებმა ორივე მარცხი იმ “ავჭალის” სტადიონზე განიცადეს, სადაც ხვალ უნდა ითამაშონ. შესაძლოა, ეს ბევრ არაფერს ნიშნავდეს, რადგან თბილისური კლუბები უმეტესად სწორედ “ავჭალაზე” თამაშობენ და ამ სტადიონზე “არმიამ” “ლელოს” პირველ წრეში 30:23 აჯობა.

მთლიანობაში, “არმიამ” 75 ქულა მოაგროვა და 5-ით აჯობა “ლელოს”, რომელსაც 15 გამარჯვების წილ 3 მარცხი დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ “ლელო” “არმიას” მსგავსად ერთხელ “აიასთან” დამარცხდა (20:24), ქუთათურები კი, მცირე ფინალში ამ წყვილში დამარცხებული გუნდის პოტენციური მეტოქეები არიან. ფინალში გასასვლელი მატჩი შაბათს 15:30 საათზე დაიწყება.

მცირე ფინალში გასასვლელად “აია” თბილისის “არმაზს” ეთამაშება და რადგან ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა, პლეი ოფის პირველი ეტაპის მსგავსად, ამჯერადაც საკუთარი მოედნის უფლებით სარგებლობს. ქუთაისში, “დინამოზე”, თამაში 21 აპრილს 15:30 საათზე დაიწყება.

“აიამ” რეგულარულ ჩემპიონატში 13 თამაში მოიგო, ორი ფრედ დაასრულა, სამჯერ დამარცხდა და 64 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ფრედ ორივე შემთხვევაში თბილისის “ლოკომოტივთან” ითამაშა, რომელიც პლეი ოფის პირველ ეტაპზე მეორე ტაიმში გატეხა და 35:16 გამარჯვებით, თასისთვის ბრძოლაში დარჩა. ისიც სათქმელია, რომ ქუთაისელებს 2013 წელს თამაში არ წაუგიათ და რეგულარულ პირველობაში “ლოკომოტივთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ზედიზედ ექვსი შეხვედრა მოიგო.

“არმაზმა” პლეი ოფის პირველ ეტაპზე ის “ჯიქები” დაამარცხა (23:18), რომელთანაც ერთი კვირით ადრე რეგულარულ ჩემპიონატში არაფრისმომცემ მატჩში დამარცხდა. თუ რეგულარულ პირველობაში ამ გუნდების დაპირისპირებას გადავხედავთ, უპირატესობა აშკარად “აიას” მხარესაა, რომელმაც მომავალ მეტოქეს პირველ წრეში 28:20, ხოლო მეორეში, თვენახევრის წინ 19:7 მოუგო. მაგრამ ახლა ყველაფერს ერთი კონკრეტული თამაში წყვეტს და წინა მიღწევები ბევრს არაფერს ნიშნავს. ქუთაისელებს გულშემატკივრების გასახარად მაქსიმალური მობილიზება მოუწევთ.

და მაინც, პლეი ოფის წინ გარკვეული უპირატესობა “არმიასა” და “აიას” მხარესაა. რეგლამენტის თანახმად, თუ 80 წუთი ფრედ დასრულდება, გამარჯვებულის გამოსვლენად უწინარესად კონკრეტულად ამ თამაშში გატანილი ლელოების რაოდენობა დაითვლება და უპირატესობა იმ გუნდს მიენიჭება, რომელსაც მეტი ლელო ექნება გატანილი. თუ ეს მაჩვენებელი თანაბარი აღმოჩნდა, გამარჯვებულად ის გუნდი გამოცხადდება, რომელსაც კონკრეტულად ამ მატჩში ნაკლები დისციპლინარული სასჯელი ექნება (წითელი და ყვითელი ბარათები) და თუ ეს მაჩვენებელი თანაბარი აღმოჩნდება, მაშინ უპირატესობა რეგულარულ პირველობაში უფრო მაღალ ადგილზე გასულ გუნდს მიენიჭება, ასეთები კი, “ლელოსთან” მიმართებაში “არმიაა”, ხოლო “არმაზთან” - “აია”.

 საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი

პლეი ოფი. შესარჩევი და გასავარდნი

20 აპრილი. თბილისი. “ავჭალა”. 15:30 საათი

არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი)

21 აპრილი. ქუთაისი. “დინამო”. 15:30 საათი

აია (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი)

მცირე ფინალი. 27 ან 28 აპრილს

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.146361