ამბები

18:21 | 17.11.2014 | ნანახია 1439 - ჯერ

Pro D2 თავის გზით მიდის

ნოემბრის ტესტ-მატჩების პარალელურად, საფრანგეთში ჩემპიონატი თავის გზით მიდის და მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში მე-11 ტურის თამაშები გაიმართა, რომლებშიც იმ ქართველმა ლეგიონერებმაც მიიღეს მონაწილეობა, ვინც “ბორჯღალოსანთა” სიაში ვერ მოხვდნენ.

გიორგი ნაცარაშვილის “პო” “კოლომიესთან” სტუმრად 10:50 დამარცხდა, მაგრამ 40 ქულით ჯგუფის ლიდერად რჩება და მდევარსაც გვარიანად უსწრებს. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს.

ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბიმ” თამაზ მჭედლიძის, ტარიელ რატიანიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” 22:9 დაამარცხა და 31 ქულით მეორე ადგილზეა. მასპინძელთა რიგებში მაისურაძემ 56-ე, ხოლო შეყლაშვილმა 71-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშეს. მჭედლიძე ნაკრებთან ერთად დუბლინში იმყოფებოდა, რატიანიძე განაცხადში ვერ მოხვდა, ხოლო თეთრაშვილი პირველიდან 73-ე წუთამდე გაისარჯა. “აჟენს” 25 ქულა დარჩა და მე-9 პოზიციამდე დაეშვა.

დიმიტრი ბასილაია და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანმა” “ბურგონი” 42:0 გაანადგურა. ამ დროს ბასილაია დუბლინში ირლანდიელთა იერიშებს იგერიებდა, ხოლო მჭედლიშვილმა შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა. “პერპინიანმა” პრემიალური ქულაც მიითვალა და ჯამში 29 ქულით მე-4 ადგილზეა. ქართველების გარეშე ჩაიარა ლაშა ლომიძის “ბეზიესა” და ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკის” შეხვედრა. ამ ოთხეულიდან სამი (ლომიძე, დათუნაშვილი, შარიქაძე) ნაკრებთან ერთად იყო, ხატიაშვილი კი, განაცხადში ვერ მოხვდა. “ორიაკმა” მეტოქე სტუმრად 19:14 დაამარცხა 26 ქულით მე-7 ადგილამდე დაწინაურდა. “ბეზიემ” პრემიალური ქულა აიღო, სწორედ ამ ერთი ქულით უსწრებს მეტოქესდა “მონ-დე-მარსანთან” მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს.

კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და ირლანდიელთა ჩათვლის მოედანში ერთადერთი ლელოს გამტან გიორგი ნემსაძის “ტარბი” ქართველების გარეშე “მონტობანთან” 13:31 დამარცხდა. “ტარბი” 19 ქულით მე-13 ადგილზეა. 17 ქულით ბოლო საფეხურზეა ასტამურ იოსელიანის “ნარბონი”, რომელიც ასევე ქართველის გარეშე “დაქსთან” 3:12 დამარცხდა.

ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასის” “ბიარიცმა” 21:3 აჯობა. სუთიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, აშვეთია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 29-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა, ხოლო ახობაძე თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო. “მასი” 19 ქულით მე-12 ადგილზეა, Pრო D2-ის მომდევნო ტური კი, 22-23 ნოემბერს გაიმართება და მას ნაკრებში გამოძახებული ლეგიონერები კვლავ გამოაკლდებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088407