ბოლოს, როდესაც საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდა რაგბიში, გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთის პირისპირ თბილისის “არმია” და ქუთაისის “აია” წარსდგნენ. ეს 2011 წლის ნოემბერში მოხდა. მერე ჩემპიონატის ჩატარების ვადები შეიცვალა, ის დანარჩენი ევროპის მსგავსად შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადავიდა და ახლა ზემოთნახსენები გუნდები ერთმანეთს მცირე ფინალში, გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლების მისაღებად შეერკინებიან.
ჩემპიონატის ჩატარების სისტემის ცვლილებასთან ერთად, გაიზარდა უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდების რაოდენობაც და პლეი ოფმაც სახე იცვალა. 10-გუნდა რეგულარული პირველობის მოწინავე ექვსეულმა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა გააგრძელა და მის პირველ ეტაპზე მესამე-მეექვსეადგილოსნები ჩაებნენ. “აიამ”, რომელმაც რეგულარული გათამაშება მესამე საფეხურზე დაასრულა, მასპინძლის უფლებით ისარგებლა და “ლოკომოტივი” მეორე ტაიმში საბოლოოდ გატეხა - 35:16. ქუთაისელები მეორე ეტაპზეც მასპინძლები იყვნენ და “არმაზსაც” საკმაოდ იოლად, 32:12 აჯობეს, ოღონდ, ამ მატჩში “აიამ” თავიდანვე მოიპოვა მნიშვნელოვანი უპირატესობა და მცირე ფინალში გამსვლელის ვინაობა პირველსავე ტაიმში გაარკვია.
მთლიანობაში, 2013 წელს “აია” საუცხოო ფორმაში შეხვდა. მან ამა წლის პირველი მატჩი “ლოკომოტივთან” ფრედ დაასრულა (13:13) და ამას 7-მატჩიანი მოგებათა სერია მიაყოლა. გასულ წელსაც თუ ავიღებთ სათვალავში, ქუთაისელებს 9 თამაშია მარცხი არ უწვნევიათ. მანამდე ისინი ქუთაისში მომავალ მეტოქე თბილისის “არმიას” დაუხვდნენ და 25:29 დამარცხდნენ. სამაგიეროდ, “აიამ” რეგულარული პირველობის პირველ წრეში “არმია” თბილისში, მომავალი ჯახის ადგილას, “ავჭალაზე” 16:15 დაამარცხა. ამ შედეგებიდანაც ჩანს, რომ “არმია”-“აიას” დაპირისპირება მუდამ დაძაბულ ბრძოლებში მიმდინარეობდა და მომავალი ჯახის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მაყურებელს კიდევ უფრო საინტერესო თამაშის ხილვის საშუალება მიეცემა.
მცირე ფინალამდე “აიას” განვლილ გზაზე ვისაუბრეთ და ახლა “არმიაზეც” მოგახსენებთ. საქართველოს 2011 წლის ჩემპიონმა, რომელმაც 2012 წელს გარდამავალი, საგაზაფხულო ტურნირიც მოიგო, წლევანდელი რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა (18 თამაშიდან მხოლოდ ორი წააგო - “აიასთან” და “ლელოსთან”). ამიტომ, მან პლეი ოფის პირველ ეტაპზე დაისვენა და ერთი კვირის უკან მეორეადგილოსან “ლელოს” ფინალის პირდაპირი საგზურისთვის შეერკინა, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქემ დაჯაბნა და “ლელომ” 24:16 იმარჯვა. ახლა არმიელებს ძალების მობილიზება მართებთ, რათა ტიტულის შენარჩუნების და “ლელოსთან” რევანშის აღების შანსი შეინარჩუნონ.
ამრიგად, “ლელო” 25 მაისს გასამართ ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც “არმია”-“აიას” შორის გამარჯვებული იქნება. თამაში “ავჭალაზე” შაბათს, 27 აპრილს 15:30 საათზე დაიწყება. დამარცხებულს მესამე ადგილით მოუწევს დაკმაყოფილება, ხოლო გამარჯვებულს თასისთვის საბრძოლველად თითქმის მთელი თვე ექნება მოსამზადებლად. მცირე და დიდ ფინალს შორის დროში ამხელა სხვაობა იმის გამოა, რომ საქართველოს 7-კაცა ნაკრებს 11-12 მაისს ლონდონის ეტაპზე მოუწევს მომავალი სერიების საგზურისთვის ბრძოლა და მოწინავე სამეულიდან კახა ალანიას რჩეულთა შორის რამდენიმე მორაგბე მოხვდა.
ორიოდე სიტყვით რეგლამენტზეც უნდა ვთქვათ. მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, უპირატესობა იმ გუნდს მიენიჭება, რომელსაც კონკრეტულად ამ თამაშში მეტი ლელო ექნება გატანილი. თუ ეს მაჩვენებელი თანაბარი აღმოჩნდა, მაშინ ფინალში ის გუნდი გავა, რომელსაც კონკრეტულად ამ თამაშში ნაკლები დისციპლინარული სასჯელი ექნება (წითელ-ყვითელი ბარათები) და თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარი იქნება, მაშინ ფინალში რეიტინგით უკეთესი მაჩვენებელის მქონე “არმია” ითამაშებს, რადგან მან რეგულარულ გათამაშებაში “აიაზე” უკეთესი ადგილი დაიკავა.
“არმიასა” და “აიას” ურთიერთშეხვედრების ისტორია 2011 წლიდან იღებს სათავეს. ამ წლის ჩემპიონატის რეგულარული პირველობის პირველ წრეში, ქუთაისელებმა 17:15 იმარჯვეს, მაგრამ მეორე წრეში 15:23 დამარცხდნენ, მერე ავსტრალიური პლეი ოფის პირველ ეტაპზე 16:24 და რევანშის აღება ვერც ფინალში მოახერხეს - 22:29. “აიას” რევანშის აღების შანსი საქართველოს თასის ნახევარფინალში ჰქონდა, მაგრამ “არმიამ” აქაც დაჯაბნა მეტოქე და ორივე თამაშში გამარჯვება მოიპოვა.
ეს საინტერესო დაპირისპირება 2012 წლის გარდამავალ, საგაზაფხულო ტურნირის ნახევარფინალშიც გაგრძელდა. პირველ მატჩში “არმიამ” თბილისში იოლად, 30:12 იმარჯვა და განმეორებით შეხვედრას აზრი დაეკარგა. მიუხედავად ამისა, ქუთაისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და დაძაბულ მატჩში დანავსული სერიაც შეწყვიტეს - 8:6. ამ წლის გათამაშების რეგულარულ პირველობაზე უკვე მოგიყევით და ხვალ “ავჭალაზე” მისული 2000 მაყურებელს წინ კიდევ ერთი დრამატული თამაში ელოდება.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
მცირე ფინალი. 27 აპრილი. თბილისი. “ავჭალა”. 15:30 საათი
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი)
ფინალი. 25 მაისი
ლელო (თბილისი) - მცირე ფინალის გამარჯვებული
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია