ამბები

10:51 | 29.04.2013 | ნანახია 3120 - ჯერ

“ჰაინეკენის თასს” ქართველიც შემართავს

 

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” ფინალში ქართველი ლეგიონერების ფრანგული კლუბები ითამაშებენ. 18 მაისს, დუბლინში, მთავარ პრიზს დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” შეეცილება.

“კლერმონი” 31259 მაყურებლის წინაშე ირლანდიურ “მანსტერს” დაუხვდა, დაძაბულ ბრძოლაში 16:10 იმარჯვა და “ჰაინეკენის თასის” ფინალში თამაშის უფლება პირველად მოიპოვა. კოლელიშვილი მასპინძელთა განაცხადში არ იყო, ხოლო ზირაქაშვილი შერკინების პირველ ხაზში სრულად გაისარჯა და რაქებში დაუღალავად იმუშავა.

ანგარიში სტუმრებმა რონან ოგარას ჯარიმით მე-5 წუთზე გახსნეს, მაგრამ მასპინძლებმა მალევე ნაპოლეონ ნალაგას ლელოთი უპასუხეს და მორგან პარამ გარდასახვაც გამოიყენა. 9 წუთში ფრანგთა ბომბარდირმა კიდევ ორი ჯარიმა მიითვალა და 20 წუთიც არ იყო გასული, “კლერმონი” 13:3 რომ იგებდა. პარამ ერთი ჯარიმა 47-ე წუთზეც გაიტანა, რის შემდეგაც “მანსტერი” ინიციატივას დაეუფლა და 59-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 6 ქულამდეც დაიყავანა, მაგრამ “კლერმონმა” დასკვნით 20 წუთში მეტოქის იერიშების მოგერიება მოახერხა და საკუთარი გულშემატკივარი გაახარა.

“ტულონი” “სარასინსს” ინგლისში ეწვია და 25584 მაყურებლის წინაშე დაამწუხრა. ეს თამაში ინგლისის ეროვნული ნაკრების ახლანდელი და ძველი დამრტყმელის - ოუენ ფარელისა და ჯონი უილკინსონის დუელს დაემსგავსა. ვეტერანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის მიზანს ასაკმა ვერაფერი დააკლო და ფრანგებს 24:12 მოაგებინა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ქუბრიაშვილი იყო და მწვრთნელმა ის მხოლოდ დასკვნითი 3 წუთი ათამაშა.

პირველ ტაიმში უილკინსონმა ფარელის სამ ჯარიმას ოთხით უპასუხა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში 15:9 გახადა. მალევე სტუმრები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ და ფარელმა ჩამორჩენა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ 55-ე წუთზე ჯონიმ 6-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. 74-ე წუთზე უილკინსონმა არეკნი შეასრულა და მასპინძლებს წარმატებაზე ფიქრის საშუალება შეუმცირა, ხოლო 77-ე წუთზე გატანილი ჯარიმით მათ საქმე მოუმთავრა.

ამრიგად, 18 მაისს ქართველი აუცილებლად შემართავს “ჰაინეკენის თასს”, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, პრესტიჟული ჯილდო “კლერმონის” ქართველებს ერგებათ, თუ “ტულონისა”.

2012/2013 წლების ჰაინეკენის თასი.

ნახევარფინალები. 27-28 აპრილი

კლერმონი (საფრანგეთი) - მანსტერი (ირლანდია) 16:10

სარასინსი (ინგლისი) - ტულონი (საფრანგეთი) 12:24

 

ფინალი. 18 მაისი. დუბლინი

კლერმონი (საფრანგეთი) - ტულონი (საფრანგეთი) 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.173912