საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტურ დივიზიონ Pro D2-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ცნობილია, რომ თოპ 14-ის მეორე საგზურისთვის გასამართ პლეი ოფში გასული ოთხი გუნდიდან, სამი ქართველი ლეგიონერებისა იქნება.
შეგახსენებთ, Pro D2-ში გამარჯვება უკვე დაბევებული აქვს “უაიონას”, რომელმაც პირველი ელიტური დივიზიონის საგზური ავტომატურად მიიღო. მეორე საგზურისთვის რეგულარული გათამაშების მეორე-მეხუთეადგილოსნები ერთრაუნდიან პლეი ოფში ითამაშებენ და მის პირველ ეტაპზე მეორე-მესამეადგილოსნები მასპინძლის უპირატესობით ისარგებლებენ. ამ უფლებისთვის დასკვნით ტურში ქართველი ლეგიონერების ორ გუნდს მოუწევს ბრძოლა, ხოლო მეოთხე საგზურისთვის “ტარბს” “ორიაკთან” ხუთქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მართებს.
ირაკლი ნატრიაშვილის, გოდერძი შველიძისა და დავით ხინჩაგიშვილის “ბრივმა” პლეი ოფში თამაში გასულ ტურში დაიბევა და XXIX რაუნდში უშუალო კონკურენტ “ლა როშელს” მეორე ადგილს, ანუ მასპინძლობის უფლებას ეცილებოდა. ბრიველებმა წარმატებით გადაჭრეს ამოცანა, მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 31:10 იმარჯვეს, რის შემდეგაც 90 ქულით მეორე საფეხურზე აღზევდნენ. ახლა ის 2 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ “პოს”, 3-ით - “ლა როშელს” და თუ რეგულარული პირველობის დასკვნით მატჩში “ექს-ან-პროვანსს” სტუმრად სძლია, პლეი ოფში მასპინძლობა და შედარებით სუსტ მეხუთეადგილოსანთან თამაში გარანტირებული ექნება.
“ლა როშელთან” შეხვედრაში შველიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ოღონდ, 47-ე წუთში შერკინებაში ჩავარდნისთვის მეტოქესთან ერთად გაასინბინეს. 58-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ნატრიაშვილი. “ბრივმა” თამაში მძლავრად დაიწყო, საწყის 10 წუთში ორი ლელო გაიტანა და ტაიმი 23:3 მოიგო. მეტოქემ მეორე ტაიმის მიწურულს გაიბრძოლა და ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მალევე საპასუხო ლელო გაუშვა.
პლეი ოფის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა, მაგრამ გურამ კავთიძის “ლიონს” მისსავე მოედანზე გამარჯვება არ დაანება მამუკა მაგრაქველიძის “პომ”. ლიონელთათვის ეს საბედისწერო მარცხი აღმოჩნდა და ისინი თოპ 14-ში დაბრუნებაზე ფიქრს მინიმუმ ერთი წლით უნდა დაემშვიდობონ. კავთიძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, ოღონდ მანამდე, 22-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და 10 წუთი იუქმა. 50-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა მაგრაქველიძემ.
დასაწყისი “ლიონს” ცუდს არაფერს უქადდა - მე-20 წუთისთვის 16:0 დაწინაურდა, მაგრამ კავთიძე რომ გააგდეს, ლიონელები შერკინებაში ვერ დადგნენ და მალევე საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ. შესვენებამდე “პომ” არეკნი და ჯარიმაც გაიტანა, მათ შუაში ერთი ჯარიმა თავადაც გაუშვა და შესვენებაზე 6-ქულიანი დეფიციტით გავიდა (13:19). სტუმრებმა მეორე ლელო 49-ე წუთზე გაიტანეს და გარდასახვით დაწინაურდნენ, მერე კიდევ ორი ჯარიმა მიითვალეს და 26:19 იმარჯვეს. ახლა “პო” მესამე ადგილზეა (88 ქულა) და დასკვნით ტურში მის შენარჩუნებას ეცდება. “ლიონმა” ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა, ჯამში 72 გაუხდა, მე-7 საფეხურზეა და ხუთეულში ვეღარ მოხვდება.
81 ქულით საპლეიოფო მეხუთე ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი”, რომელმაც “ოშს” 12:6 სძლია. ეს ამ გუნდის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა და ის მდევარ “ტარბს” 5 ქულით უსწრებს. ახლა მთავარია, “ორიაკმა” დასკვნით ტურში “ბეზიესთან” ერთი პრემიალური ქულა მაინც აიღოს, ან “ტარბმა” ვერ მოიგოს პრემიალური ქულით, და ის პლეი ოფში იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, “ტარბი” ქართველთა სამეულის გუნდს უკან მოიტოვებს, რადგან მას ურთიერთშეხვედრებში სჯობნის.
დათუნაშვილმა შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა. ნაცარაშვილი მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა და 70-ე წუთზე სინბინით დაისაჯა. პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს, მეორე ნახევარში მასპინძლებმა ორი უპასუხო ჯარიმა მიითვალეს და მნიშვნელოვანი 4 ქულა მოიპოვეს.
გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” “კოლომიე” 41:14 გაანადგურა, პრემიალური ქულაც მიიღო და პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსი შეინარჩუნა. ამისთვის დასკვნით ტურში “ნარბონს” სტუმრად პრემიალური ქულით უნდა მოუგოს და თან იმის იმედი ჰქონდეს, რომ “ორიაკი” “ბეზიესთან” დიდი სხვაობით დამარცხდება. ახლა “ტარბს” 76 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.
განვლილ მატჩში მირცხულავას მონაწილეობა არ მიუღია. ჩხაიძემ შერკინების შემკვრელად სრულად ითამაშა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და მესამე ხაზში 76 წუთი ითამაშა ნემსაძემ, ხოლო პირველხაზელი დადუნაშვილი პირველიდან 56-ე წუთამდე გაისარჯა. “ტარბი” თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ტაიმი 20:9 მოიგო და მეორე ნახევარში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, 5 ლელო გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა.
ტარიელ რატიანიძის “დაქსი” ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბის” დაუხვდა, მეტოქისგან ორი ლელო გაუშვა, თავად ვერცერთი გაიტანა, მაგრამ სტუმართა უდისციპლინობით ისარგებლა და 30:18 იმარჯვა. რატიანიძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57 წუთი ითამაშა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ თეთრაშვილი და თოდუა, პირველი 47-ე, ხოლო მეორე მე-60 წუთზე შეცვალეს. “ალბი” 55 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო “დაქსი” 49 ქულით მეთორმეტეა.
ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” “უაიონას” ქართველი პირველხაზელის გარეშე ეწვია და 3:38 დამარცხდა. მას 43 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-15 ადგილი უკავია. სამაგიეროდ, “ბეზიეს” მეტოქეებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და თუ ამ გადადებულ შეხვედრაში “მასის” სძლია, ერთბაშად მე-13 ადგილამდე დაწინაურდება. “მასის” გარდა, ის დასკვნით ტურში “ორიაკს” უმასპინძლებს.
37 ქულით ბოლო ადგილზეა შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას “მასი”. მას “ბეზიესთან” მოგების შემთხვევაში დასკვნით ტურში “კოლომიესთან” მოუწევს თამაში და Pro D2-ში დასარჩენად იქაც გამარჯვება სჭირდება. განვლილ ტურში “მასიმ” “ნარბონი” 39:37 დაამარცხა. სუთიაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო აშვეთია თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო.
გუნდებმა 5-5 ლელო გაიტანეს. პირველი ტაიმი სტუმრებისა იყო, ისინი მე-6 წუთზე 10:0 დაწინაურდნენ, მერე 20:8 იგებდნენ და ტაიმი 9-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს. მეორე ნახევრის დებიუტში “ნარბონმა” კიდევ ორი ლელო გაიტანა, ერთი გარდასახვა გამოიყენა და 32:11 დაწინაურდა. მასპინძლებმა გაიბრძოლეს და 50-ე და 53-ე წუთებზე ორი ლელოთი უპასუხეს, თანაც ორივე გარდასახვა ზუსტი იყო. მე-60 წუთზე სტუმრებმა ლელოთი უპირატესობა ისევ გაზარდეს, მაგრამ 66-ე და 77-ე წუთებზე “მასიმ” კიდევ ორი ლელო მიითვალა, ორივე გარდასახვა გამოიყენა და 2 ქულით იმარჯვა - 39:37.
“ბეზიე” და “მასი” ერთმანეთს 1 მაისს დაუპირისპირდებიან და ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. Pro D2-ის რეგულარული გათამაშება 4-5 მაისს დასრულდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია