ამბები

23:51 | 10.06.2013 | ნანახია 3638 - ჯერ

ჰეიგის პრიორიტეტები – დისციპლინა და ბოლო პასი

გუნდები IRB თბილისის თასის II რაუნდისათვის ემზადებიან

ხვალ, ავჭალის სტადიონზე IRB თბილისის თასის II რაუნდის მატჩები ჩატარდება. 17:00 საათიდან თავდაპირველად სათამაშოდ მზარდი ირლანდიის და სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრებები გავლენ, 19:00 საათიდან კი ტურნირის მასპინძელი საქართველო ურუგვაის დაუხვდება და განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რადგანაც მომავალი შეხვედრის შედეგი რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რეიტინგშიც აისახება.

 

მზარდი ირლანდია სამხ. აფრიკის საპრეზიდენტო 15-ეულის წინააღმდეგ

სამხრეთი აფრიკის საპრეზიდენტო და მზარდი ირლანდიის ნაკრებები ხვალ, 17:00 საათზე IRB თბილისის თასის მეორე რაუნდის პირველ მატჩში ერთმანეთს ავჭალის სტადიონზე შეერკინებიან.

მეორე რაუნდის დაწყებამდე, ორივე გუნდს ზურგს გამარჯვებები უმაგრებს. სამხრეთ აფრიკამ ურუგვაელებს ექვსი ლელო დაუდო, ხოლო ირლანდიამ დაძაბულ ბრძოლაში მასპინძელი საქართველოს ნაკრები დაამარცხა.

გამარჯვების შემთხვევაში ორივე ნაკრები, IRB თბილისის თასის პირველი გათამაშების მოგების შესაძლებლობას განიმტკიცებს. ალენ ქლარქი (ირლანდია) და ჯიმი სთოუნჰაუსი (სამხ. აფრიკა) მაქსიმალურ კონცეტრირებას სწორედ ხვალინდელ შეხვედრაზე ახდენენ და სხვა თამაშებზე ჯერ არ ფიქრობენ.

ჯიმი სთოუნჰაუსი: “ირლანდიას საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავს და მოთამაშეებს თავ-თავიანთ პროვინციათა ნაკრებებში (ალსთერი, ლენსთერი, მანსთერი და ქონახთი) თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. ხვალინდელ თამაშში ორივე გუნდის მხრიდან დიდი ფიზიკური ძალის დემონსტრირება მოხდება. მათ საკმაოდ ძლიერი მორაგბეები ყავთ შერკინების უკანა ხაზში, რასაც ჩვენი ძალა და კარგი თამაში უნდა დავუპირისპიროთ.

ხვალინდელი თამაშისათვის ჩვენ რამოდენიმე ცვლილება განვახორციელეთ. შევცვალეთ პირველი ხაზი, რაც პრინციპში ადრინდელი გეგმის ნაწილი იყო. ასევე, იძულებულები ვიყავით ტრავმის გამო 8 ნომერი რენალდო ბოთმა სანდრე იორდანით ჩაგვენაცვლებინა“.

ალენ ქლარქი ძალზედ კმაყოფილია იმ ბრძოლისუნარიანობით, რომელიც მისმა შეგირდებმა საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირეს.

“რთული თამაში იყო. საქართველო თავის მოედანზე იყო და ზურგს გულშემატკივარი უმაგრებდა. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჩემი ბიჭებისთვის საკმაოდ მძიმე შეხვედრა გამოდგა და ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ მატჩი მოვიგეთ. რაც მთავარია, მოვახერხეთ ჩვენი მინუსების დანახვა, რომლებსაც შემდეგ მატჩში აუცილებლად გამოვასწორებთ.

მე-2 ტურში დაძაბული და საინტერესო მატჩი გველის. სამხრეთ აფრიკას საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. კარგი თამაშით მათთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა მოვახერხოთ და მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ“.

 

საქართველო ურუგვაის წინააღმდეგ

მეორე რაუნდის მეორე მატჩში 19:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

პირველი ტურის მატჩში, საქართველო ირლანდიელებს 15:14-ს უგებდა და თამაში ბოლო წუთებზე მიღებული ჯარიმების გამო დათმო – 15:20, ურუგვაელებმა კი სამხრეთ აფრიკელების წინააღმდეგ თამაში კარგად დაიწყეს, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და 9:37 დამარცხდნენ. 

“ბორჯღალოსნები” ეცდებიან პარასკევს გამართულ მატჩში დაშვებული შეცდომები გამოასწორონ, რაზეც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმაც ისაუბრა:

“გასულ მატჩში დისციპლინის ნაკლებობა თამაშის წაგებად დაგვიჯდა, ამიტომ აღნიშნულის გამოსწორება ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ირლანდიელებმა საკმაოდ დიდ წნეხში გაგავატარეს, რისი გადალახვაც მოვახერხეთ. ამის გამო, ბიჭებით კმაყოფილი ვარ. ოთხჯერ თუ ხუთჯერ შესანიშნავად გავჭერით ხაზი, მაგრამ ბოლო პასის გაშვება ვეღარ მოვახერხეთ. ეს ასპექტები უნდა გამოვასწოროთ”.

ურუგვაელებმა ნიკოლას კლაპენბაჰი ჰუკერის პოზიციაზე გადაიყვანეს და იგი გუნდს პირველი ხაზიდან უკაპიტნებს. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს – 9 და 10-მა ნომრებმა, შესაბამისად ალეჰო დურანმა და გერმან ალბენელმა ერთმანეთში სათამაშო პოზიციები გაცვალეს.

პაბლო ლემონეს (ურუგვაის მთავარი მწვრთნელი) კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუ მის გუნდს რა ძალასთან მოუწევს დაპირისპირება:

“ქართველებს შესანიშნავი გუნდი ყავთ. მათ ირლანდიის წინააღმდეგ საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩი გამართეს. როდესაც საქართველოს ნაკრებს ახსენებენ, გულისხმობენ ძლიერ შერკინებას, მაგრამ მე გავოცდი მათი უკანახაზელების მომზადებით და თამაშით ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში. მიმაჩნია, რომ აფრიკას ძალზედ შემჭიდროვებული თამაში დავუპირისპირეთ. ამიტომ ხვალ უნდა ვეცადოთ და შედარებით ღია რაგბი ვითამაშოთ. რაღა თქმა უნდა, დისციპლინასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ“.

საქართველო: 15. ბექა წიკლაური 11. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.) 14. სანდრო თოდუა – 13. თედო ზიბზიბაძე 12. მერაბ შარიქაძე – 10. ლაშა ხმალაძე 9. გიორგი ბეგაძე / 1. ირაკლი მირცხულავა 2. რევაზ ბელქანია 3. დავით ზირაქაშვილი – 4. ვახტანგ მაისურაძე 5. გიორგი ჩხაიძე – 6. შალვა სუთიაშვილი 7. ვიქტორ კოლელიშვილი 8. ბექა ბიწაძე.

16. სიმონ მაისურაძე 17. ლევან ჩილაჩავა 18. გიორგი ნემსაძე 19. გივი ბერიშვილი – 20. ვაჟა ხუციშვილი 21. ლაშა მალაღურაძე 22. დავით კაჭარავა 

ურუგვაი: 15. ხერონიმო ეჩებერი 14. მასიმილიანო გონსალესი 11. ლეანდრო ლეივასი – 13. ხოაკინ პრადა 12. ალბერტო რომანი – 10. ალეხო დურანი 9. ხერმან ალბანელი / 1. ალეხო კორალი 2. ნიკოლას კლაპენბახი (კაპ.) 3. მარიო საგარიო – 4. როდრიგო ესპიგა 5. ფრანკო ლამანა – 6. სებასტიან საგარიო 7. ფერნანდო ბასკოუ 8. ხუან გამინარა.

16. არტურო ავალო 17. ფრანსისკო ხიმენესი 18. როდოლფო დე მულა 19. ხუან დე ფრეიტასი 20. ხუან ტასისტრო – 21. აგუსტინ დელ კასტილიო 22. გასტონ ხიბერნაუ 
 

არბიტრი: ვლად იორდანესკუ (რუმ).

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.144624