ამბები

15:40 | 15.06.2013 | ნანახია 5383 - ჯერ

აფრიკასთან მნიშვნელოვანი ცვლილებებით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, კვირას, 16 ივნისს, თბილისის თასის დასკვნით ტურში სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო XV-ს მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით ეთამაშება.

ქართული რაგბის გულშემატკვრისთვის ცნობილია, რომ 22 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად არგენტინის ეროვნულ გუნდს ეთამაშება და ამან “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობის გარდა, ცვლილებები მატჩების ჩატარების განრიგშიც გამოიწვია. უფრო კონკრეტულად, შეხვედრები შუადღისას - 14 და 16 საათებზე დაიწყება და პირველად მოედანზე ქართველი მორაგბეები გავლენ. ეს იმიტომ, რომ ნამატჩევს გუნდმა აეროპორტში მისვლა და არგენტინაში გამგზავრება მოასწროს. სხვანაირად შორეულ სამხრეთ ამერიკაში ჩვენი ბიჭების მგზავრობა არ გამოდიოდა.

არგენტინელებთან ღირსეულად თამაშის მიზნით, თბილისის თასის დასკვნითი ტურის მატჩს გუნდის რამდენიმე ლიდერი გამოტოვებს. დავით ზირაქაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ჩხაიძე, ვიტო კოლელიშვილი, ვასილ კაკოვინი, გიორგი ბეგაძე, შალვა სუთიაშვილი და ლევან დათუნაშვილი არგენტინაში 12 ივნისს გაემგზავრნენ, რათა კარგად დასვენება და მომავალი ჯახისთვის საუკეთესო ფორმაში შესვლა მოახერხონ.

აფრიკელთა წინააღმდეგ ვერ ითამაშებს “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი, რომელმაც ურუგვაისთან მატჩში ფეხის კუნთი დაიჭიმა და სამწვრთნელო შტაბმა მისი დასვენების გადაწყვეტილება მიიღო. მაჩხანელი ნაცვლად, აფრიკელებთან ნაკრებს დავით კაჭარავა უკაპიტნებს. სამხრეთში ნაადრევად გამგზავრებული ნაკრების წევრების ნაცვლად გუნდს დაემატნენ გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი”), გიორგი როხვაძე, ზურაბ ძნელაძე და რეზი ჯინჭველაშვილი (სამივე - „აია“). ამ უკანასკნელმა გულშემატკივარს ასაკობრივ ნაკრებებში შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა თავი “ბორჯღალოსანთა” ნამდვილი კვართის მორგებაც დაიმსახურება.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია სასტარტო შემადგენლობაშიც. ფულბეკის პოზიციაზე თბილისის თასზე პირველად ითამაშებს ირაკლი ყიასაშვილი, ხოლო ბექა წიკლაური გარემარბის პოზიციაზე გადაინაცვლებს. შუამარბის პოზიციაზე გამოჩნდა ახალგაზრდა თამაზ მჭედლიძე, რომელსაც აქამდე ნაკრებში გარემარბად უთამაშია, ხოლო მერაბ შარიქაძე და თედო ზიბზიბაძე ისვენებენ. ისვენებს ლაშა ხმალაძეც და 10 ნომრად თამაშს ლაშა მალაღურაძე იწყებს, რომელიც “მზარდ ირლანდიასთანაც” ძირითად 15-ეულში იყო. პირველადაა სასტარტო შემადგენლობაში ვაჟა ხუციშვილი. ის აქამდე სანაკრებო მატჩებში შეცვლებზე შედიოდა და სხვათა შორის, ურუგვაისთან საკმაოდ კარგადაც გაისარჯა.

დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ნაკრების პირველ ხაზში გამოჩნდა ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც აქამდე საფრანგეთის ჩემპიონ “კასტრში” ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოდა. თბილისის თასზე პირველად ითამაშებს შალვა მამუკაშვილი, ხოლო ლევან ჩილაჩავა ირლანდიელებთან მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა. მეორე ხაზში პირველი თამაშის მსგავსად ვახტანგ მაისურაძე და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდნენ, ხოლო მესამე ხაზში ძირითად შემადგენლობაში პირველად არიან გიორგი ნემსაძე და გივი ბერიშვილი, რომლებიც ბექა ბიწაძეს დაემატნენ. სათადარიგოთა შორის, შედარებით გამოცდილი მორაგბეები არიან პირველ ხაზელები, დანარჩენები კი, სანაკრებო დონეზე დებიუტანტები არიან, ან მხოლოდ თითოოტოლა თამაში აქვთ ჩატარებული.

ძნელია ასეთ პირობებში წარმატებაზე ფიქრი, მაგრამ მაინც უნდა ვთქათ, რომ “ბორჯღალოსნები” მეტოქის პრემიალური ქულით დამარცხების შემთხვევაში თასის მფლობელები გახდებიან, ამასთან, პრემიალური ქულა მეტოქემაც არ უნდა აიღოს. თუ აფრიკელებმა გამარჯვება მოიპოვეს, მაშინ 4 საათიან, დასკვნით მატჩში, ირლანდიას მხოლოდ მე-2 ადგილის დაკავებისთვის მოუწევს ბრძოლა.

მატჩებზე დასასწრები ბილეთები “ავჭალის” სტადიონზე გაიყიდება და და მათი ფასი 10 ლარია. თითო ბილეთით ორივე თამაშზე დასწრება არის შესაძლებელი.

თბილისის თასი. 2013 წელი. “ავჭალა”

16 ივნისი. კვირა. III რაუნდი

საქართველო - სამხ. აფრ. საპრეზიდენტო XV (14:00)

საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ბექა წიკლაური, 13. დავით კაჭარავა (კაპ.), 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. ანტონ ფეიქრიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი ნემსაძე, 7. გივი ბერიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

სათადარიგოები: 16. რევაზ ბელქანია, 17. გიორგი თეთრაშვილი, 18. სიმონ მაისურაძე, 19. გიორგი თხილაიშვილი, 20. გიორგი როხვაძე, 21. რევაზ ჯინჭველაშვილი, 22. ზურაბ ძნელაძე.

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

ურუგვაი - მზარდი ირლანდია (16:00)

1 აფრიკა 2 2 0 0 56-17 9
2 საქართველო 2 1 0 1 42-23 5
3 ირლანდია 2 1 0 1 28-34 4
4 ურუგვაი 2 0 0 2 12-64 0

    კომენტარები (0)

    კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

    FB ავტორიზაცია
    0.142604