საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, ის 23 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 22 ივნისს, თბილისის დროით 23:10 საათზე, არგენტინის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
ზელანდიელმა შემადგენლობაში სამივე ის მორაგბე დააყენა (ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე და ლევან დათუნაშვილი), რომლებიც თბილისის თასის მსვლელობისას დაასვენა და პრინციპში, ამ ეტაპისთვის საუკეთესო შემადგენლობას მოუყარა თავი. მიზეზთა გამო, საქართველოს ნაკრებს მამუკა გორგოძე, დავით ქუბრიაშვილი, მერაბ კვირიკაშვილი, დიმიტრი ბასილაია, დავით ხინჩაგიშვილი, თედო ზიბზიბაძე, კოტე მიქაუტაძე და ირაკლი ნატრიაშვილი ვერ დაეხმარებიან და ეს, თავიდანვე იყო ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელები ძირითადი შემადგენლობის მორაგბეებს ოთხი ერისთვის დასვენების საშუალებას აძლევენ (ინგლისთან გამართულ ტესტ-მატჩში, მათ 21 მორაგბე მოისაკლისეს), ამ თამაშს მაინც ეროვნული გუნდის სტატუსით ატარებენ და მისი შედეგი რეიტინგზეც აისახება. მარცხი “ბორჯღალოსნებს” ვერაფერს დააკლებს, ფრის შემთხვევაში 1 ქულას მიიღებენ, გამარჯვება 2 ქულად დაფასდება, ხოლო 15-ქულიანი სხვაობით მოგება კი სამად.
საქართველოს ნაკრების წევრთა ნაწილი არგენტინაში 12 ივნისს გაემგზავრა, ძირითადი ბირთვი კი, ადგილზე ორშაბათს ჩავიდა. გუნდი ბუენოს აირესში ემზადებოდა. დღეს საღამოს, ქართველი მორაგბეები გეზს სან ხუანისკენ აიღებენ და ხვალ, “ბისენტენიალის” სტადიონზე, სადაც მომავალი დაპირისპირება გაიმართება, კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ.
სპეციალურად ამ თამაშისთვის, არგენტინელებმა ერთჯერადი – “ბაკარდის თასი” დააწესეს და იმედია, “ბორჯღალოსნები” მას თბილისში წამოიღებენ. მილტონ ჰეიგმა, არგენტინელებთან სათამაშოდ ასეთი შემადგენლობა შეარჩია:
საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ვასილ კაკოვინი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. გიორგი ჩხაიძე.
სათადარიგოები: 16. რევაზ ბელქანია, 17. ანტონ ფეიქრიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ბექა ბიწაძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ირაკლი ყიასაშვილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია