ამბები

9:37 | 29.06.2013 | ნანახია 3109 - ჯერ

ზელანდიასთან ბრძოლაში დავმარცხდით

 

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე 2013 წლის მსოფლიო თასის მეორე მატჩში, წლევანდელი სერიის გამარჯვებულ ახალ ზელანდიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საპატიო ანგარიშით დამარცხდა - 7:26.

გუშინ გამართულ პირველ შეხვედრაში კახა ალანიას შეგირდებმა აშშ-სგან ასევე 26 ქულა გაუშვეს, მაგრამ ყველა - პირველ ტაიმში, თავად 19 აიღეს და ლელო-გარდასახვით დამარცხდნენ. ბიჭებმა ამჯერადაც უდიდესი თავდადებით ითამაშეს და აგრესიული დაცვით მეტოქეს თითო ტაიმში მხოლოდ ორ-ორი ლელოს გატანა დაანებეს და თავად ერთი გაიტანეს, არადა, რომ არა შეცდომები, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა.

“ოლ ბლექსის” წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ზურაბ ძნელაძე, გიორგი ჯიმშელაძე, ბიძინა სამხარაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ალექსანდრე თოდუა, ბახვა კობახიძე, ირაკლი გეგენავა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მოედანზე რევაზ გიგაური, მერაბ შარიქაძე და გიორგი ფრუიძე გამოჩნდნენ, მოგვიანებით კი, თამაშში შავლეგ მახარაშვილი და ვიტო კოლელიშვილი ჩაერთნენ.

ზელანდიელებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს, ხშირად ჯარიმდებოდნენ და განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ბურთს უმეტესად ქართველები აკონტროლებდნენ, მაგრამ თამაში ძირითადად ჩვენს ნახევარზე მიდიოდა და გამოცდილმა “ოლ ბლექსმაც” სამი შანსიდან ორი ლელოდ აქცია და ერთი გარდასახვაც გაიტანა - 12:0. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შეძლო ცენტრის გადალახვა და ორჯერ 22-ის ხაზთანაც მივიდა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ თავი კარგად დაიცვა.

ბიჭებმა საკუთარი შესაძლებლობისა რომ ირწმუნეს, მეორე ტაიმში მოედანზე უფრო მონდომებულები გავიდნენ და პირველივე წუთებიდან კარგად შეუტიეს, მაგრამ 5-მეტრა ხაზამდე მისულებმა, მოულოდნელად ბურთი დაკარგეს და ლელო აქეთ მივიღეთ. მატჩის განახლებიდან მე-3 წუთზე ყველაფერი კარგად გამოვიდა. ცენტრალური ხაზის სიახლოვეს შარიქაძემ ფეხით ითამაშა, აგრესიულმა დაცვამ ზელანდიელს ბურთი თავისსავე ნახევარზე დაათმობინა, ფლანგზე მეტობა გაჩნდა და მერაბ კვირიკაშვილმა ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა.

თამაშს თითქოს ინტერესი დაუბრუნდა, მაგრამ მალევე ზელანდიელებმა სისწრაფე გამოიყენეს და მეოთხე ლელო გაიტანეს. იქვე იგივეს გამეორება სცადეს, მაგრამ მოიერიშე გვერდით ხაზს იქით გადავდენეთ. ბოლოს “ბორჯღალოსნებმა” კიდევ ერთი ლელოს გასატანად თამამად შეუტიეს, სამწუხაროდ, მიზანი მიუღწეველი დარჩა ზელანდიელებმაც 26:7 იმარჯვეს.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში კანადამ აშშ-ს დაძაბულ ბრძოლაში 15:14 აჯობა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ალანიას შეგირდები კანადასთან, თბილისის დროით 13:46 საათზე გამართავენ, ხვალიდან კი, პლეი ოფების დრო დადგება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088631