20-წლამდელები

22:34 | 21.02.2016 | ნანახია 4608 - ჯერ

20-წლამდელები რევანშს გვპირდებიან

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთამერიკული ტურნეს პირველ მატჩში მასპინძელ არგენტინასთან 17:36 დამარცხდა, თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. 24 თებერვალს, ბუენოს-აირესში „უმცროს ბორჯღალოსნებს“ რევანშის შანსი ექნებათ.

არგენტინა საკმაოდ ძლიერი მეტოქეა, მაგრამ „პუმიტასებსაც“ აქვთ სუსტი მხარეები, რომლებიც ჩვენმა მორაგბეებმა კარგად შეისწავლეს და მომდევნო მატჩში გამარჯვების მოსაპოვებლად გამოიყენებენ.

ნიკა ნეფარიძე (კაპიტანი): „მატჩი თავიდან კარგად დავიწყეთ. ძირითადად თამაში დაცვაში გვიწევდა და ეს საკმაოდ წარმატებულად გამოგვდიოდა. ჩვენთვის თამაში რთული იყო, რადგან აკლიმატიზაცია ვერ გავიარეთ, ძალიან ცხელოდა და ეს მოქმედებდა. მართალია წავაგეთ, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ. შემდეგი თამაშისთვის უკეთ მოვემზადებით, ვიდეო ანალიზიც გვექნება და შევეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ. განწყობა კი, რა თქმა უნდა საბრძოლოა!“.

გელა აფრასიძე: „კარგი თამაში იყო. ბიჭები ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ შეცდომები გვქონდა, რაც 17:36 დამარცხების მიზეზი გახდა. მომავალი თამაშისთვის მეტი მოტივაციით ვართ. ვნახეთ მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები, ვიმუშავებთ და მწამს, ყველაფერი გამოგვივა“.

ლადო მიმინოშვილი: „ვერავინ იტყვის, რომ უბრძოლველად წავაგეთ, ან დავნებდით. უბრალოდ, მგზავრობამ და სიცხემ თავისი ქნა. ძალიან დავიღალეთ და ეს თამაშის ანგარიშზეც აისახა, მაგრამ ეგ არაფერი. შემდეგი თამაში წინ გვაქვს, რომელშიც სულ სხვანაირი სურათი იქნება“.

უჩა ჭეიშვილი: „ჩემი აზრით, ბიჭებმა კარგად ვითამაშეთ. მოწინააღმდეგეზე არაფერი ვიცოდით, როგორი გუნდი იყო და რა სისტემით თამაშობდა. გასათვალისწინებელია აკლიმატიზაცია და ამინდი, რაც ერთ-ერთი დიდი სირთულე იყო. ამ თამაშმა დიდი გამოცდილება მოგვცა. გუნდი უფრო შეგვკრა და უკეთესად გავიგეთ რა შეგვიძლია. ამ მატჩში კარგად გამოჩნდა მოწინააღმდეგის სუსტი თუ ძლიერი მხარეები, რაზეც ვიმუშავებთ ამ სამი დღის განმავლობაში“.

თორნიკე მატარაძე: „ძალიან კარგი თამაში იყო, უბრალოდ აკლიმატიზაციის გავლა ვერ მოვასწარით და ამინდსაც არ ვიყავით შეჩვეულნი. მეტოქის შესახებაც არაფერი ვიცოდით. შემდეგი თამაშისთვის კი უფრო დავლაგდებით. ახლა უკვე ვიცით, როგორ უნდა ვეთამაშოთ არგენტინელებს. მათ ჩვენი თამაშის სტილი უნდა შევთავაზოთ და აუცილებლად მოვიგებთ. რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რაც ლელოდ დაგვიჯდა, მაგრამ ამ შეცდომებს გამოვასწორებთ. არგენტინელებს სუსტი დაცვა აქვთ და ჩვენ ამას გამოვიყენებთ“.

ჩვენი მორაგბეების დამაიმედებელი კომენტარებიდან ჩანს, რომ „პუმიტასებთან“ დამარცხებას „უმცროსი ბორჯღალოსნების“ მოტივაციაზე არ უმოქმედია. ისღა დაგვრჩენია მათ მომდევნო მატჩისთვის წარმატებები ვუსურვოთ.20-წლამდელები ღირსეული გამარჯვების მოპოვებას 24 თებერვალს, ბუენოს-აირესში, საქართველოს დროით 22:30-ზე შეეცდებიან. ტურნეს ფარგლებში ქართველები კიდევ ორ მატჩს ურუგვაისთან, მონტევიდეოში 28 თებერვალს და 4 მარტს გამართავენ.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:38 | 21.02.2016
Alexandre74 (13)

წარმატებები!!

22:56 | 21.02.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით, მჯერა თქვენი

12:23 | 22.02.2016
GiorgiG83 (525)

ისევ შენ თუ გადმოქაჩავ სასტავს - "იქიდან"
საიტს პოპულარიზაცია სჭირდება

0.134487