20-წლამდელები

12:20 | 21.02.2016 | ნანახია 1241 - ჯერ

აკლიმატიზაცია ვერ გავიარეთ

20 თებერვალს „უმცროსი ბორჯღალოსნები“ სამხრეთ ამერიკული ტურნეს პირველ მატჩში „პუმიტასს“, არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდნენ და ვოიაჟის პირველი რკენა 17:36 დათმეს.

შეხვედრა საქართველოს დროით ღამის 12 საათზე დაიწყო და მისთვის თვალყურის დევნება ტექსტური ლაივის სახით, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური თვითერის არხით იყო შესაძლებელი. გულშემატკივარს ამ მატჩის და ტურნეს მომდევნო 3 მატჩის ვიდეო-ჩანაწერის წილვის საშუალება ივნისამდე არ ექნება, ვინაიდან ეს შეხვედრები 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს, რომელიც ივნისში ინგლისში გაიმართება და მწვრთნელებს არ სურთ ჩვენი გუნდის დადებითი და უარყოფითი მხარეების კონკურენტებისთვის გაზიარება.

სიცხეში კარგი დაცვით

„შეიძლება ითქვას, რომ აკლიმატიზაციის სრულად გასავლელად 4 დღე არ გვეყო. ფაქტიურად, ზამთრიდან ზაფხულის მაგარ სიცხეში ჩამოვედით და დროის სარტყელსაც ბოლომდე ვერ მოვერგეთ. მიუხედავად ამისა, ზოგადად გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მიღებული ლელოების მიუხედავად დაცვა კარგად გაისარჯა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დაცვაში ვიდექით და თავსაც კარგად ვართმევდით. რამდენიმე კარგი შეტევაც გვქონდა, მაგრამ წუნიც იყო და რამდენიმე უაზრო შეცდომა დავუშვით, რომლებსაც ლელოები მოყვა. შეიძლება იმის თქმაც, რომ ფეხით თამაში შედარებით არ გამოგვივიდა. თუმცა შემიძლია ავღნიშნო, რომ შეკრებებს უშედეგოდ არ ჩაუვლია, რაც ნაკრების ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობასაც შეეტყო.

ამ თამაშიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და შემდეგი თამაშისთვის ბევრად უკეთ მოვემზადებით. ხვალ დავისვენებთ და მთელ დღეს აღდგენას დავუთმობთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიჭებმა გუნდურად და ინდივიდუალურად გაიარონ ვიდეო ანალიზი და გავითვალისწინოთ შეცდომები“ - განაცხადა 20-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

პირველი ტაიმი

მატჩის დაწყებიდან მე-3 წუთზე ანგარიში „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ გახსნეს, მას შემდეგ, რაც აქტიურად დაიწყეს თამაში და მეტოქე შერკინებაში დააჯარიმეს. პირველივე შესაძლებლობა გელა აფრასიძემ გამოიყენა - 3:0. მე-8 წუთზე არგენტინელებმა ჩვენი 22-დან შერკინებიდან შემოგვიტიეს, ბურთი შეიგორეს და ფრთაზე მატჩის პირველი ლელო დადეს - 3:5. ამის შემდეგ კარგა ხანი თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ დაცვაში დავჯარიმდით. მასპინძლებმა ზუსტად დაარტყეს და - 3:8 მე-13 წუთზე.
თამაში რომ განახლდა ჩვენივე დაკიდებულ ბურთს დავეუფლეთ და შეტევაზე გადავედით. 5 წუთის განმავლობაში მოკლე მოკლე დარტყმებით ვუტევდით. ამასობაში მსაჯმა უპირატესობა მოგვცა. ბურთი მოწინააღმდეგის მოედანში აუტში გადავიტანეთ, მოვიგეთ დერეფანი და აკინძული ფაზებით წინ წინ მივიწევდით, მეტოქის ლელოსაც მივუახლოვდით და რაქიდან თორნიკე მატარაძემ ლელოში დაამიწა - 10:8. ტაიმის დასრულებამდე 20-წლამდე არგენტინელებმა ორი ლელოს დადება შეძლეს და მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 10:22 დასრულდა.

მეორე ტაიმი

თამაშის განახლებიდან კარგა ხანი მეტოქე გვიტევდა, მაგრამ ჩვენი ბიჭები ბოჭვებს არ აცუდებდნენ და თავს კარგად იცავდნენ. ტაიმის შუაწელში შეტევაში გადავედით. მოგებული შერკინებიდან რამდენიმე დარტყმით მეტოქის მოედანზე გადავედით, თუმცა არც მეტოქე იდგა უსაქმოდ. მასპინძლები დაცვაში დაჯარიმდნენ და აფრასიძემ ბურთი აუტში გადაიტანა. არგენტინელთა 5 მეტრიანიდან მოლი ავაგორეთ და ლელო უშანგი ჭეიშვილმა დაამიწა. აფრასიძემ გარდასახა - 17:22. თუმცა მატჩის ბოლომდე მეტოქემ ორი გარდასახული ლელოთი საბოლოო ანგარიში 17:36 დააფიქსირა.

წინ ვოიაჟის სამი მატჩია


ამრიგად, დასრულდა სამხრეთ ამერიკული ტურნეს პირველი შეხვედრა. ტურნეს დასრულებამდე „უმცროსი ბორჯღალოსნები“ არგენტინელ თანატოლებს კიდევ ერთხელ, 24 თებერვლას შეხვდებიან, ხოლო დარჩენილ 2 რკენაში - 28 თებერვალსა და 4 მარტს ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან.

20 წლამდელების სამატჩო რაზმი პუმიტასის წინააღმდეგ

20/02/2016, 24:00, ბუენოს აირესი, არგენტინა

უკანა ხაზი

15 ირაკლი სვანიძე, 14 ლადო მიმინოშვილი, 13 გიორგი კოშაძე, 12 გურამ ქანდაურაშვილი, 11 დავით მესხი, 10 რატი შანიძე, 9 გელა აფრასიძე

შერკინება

1 თორნიკე მატარაძე, 2 ლაშა საჯაია, 3 ნიკა ნეფარიძე (კაპ), 4 მიხეილ ბაბუნაშვილი, 5 დემურ ეფრემიძე, 6 გიორგი ცუცქირიძე, 7 ირაკლი ცხადაძე, 8 მიხეილ გორგასლიძე

მარქაფა

16 გოგა ხურიშვილი, 17 უშანგი ჭეიშვილი, 18 გიორგი უშხვანი, 19 გაგა არაბული, 20 სანდრო ილურიძე, 21 ლაშა მამუჩარაშვილი, 22 ილია სპანდერაშვილი, 23 სანდრო მერკვილიშვილი

დარჩენილი მატჩების განრიგი


არგენტინა - საქართველო
24 თებერვალი, ბუენოს აირესი - 15:30 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 22:30 სთ)


ურუგვაი - საქართველო
28 თებერვალი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ)
4 მარტი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ)

rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:30 | 21.02.2016
Gela Chitidze (2)

სასპარინგოთ და ძალების შესამოწმებლად არგენტინელი თანატოლები ძალიან კარგია. მშვენიერი ტურნეა დაგეგმილი და იმედია ნაყოფიერად გამოვიყენებთ.

0.093757