ამბები

17:22 | 9.09.2013 | ნანახია 2238 - ჯერ

Pro D2 ხურდება

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში მეორე ტურის თამაშები გაიმართა. მართალია ერთი კვირის წინანდელისგან განსხვავებით ამჟამად ქართველ ლეგიონერებს ლელოები არ გაუტანიათ, მაგრამ საკუთარი გუნდების წარმატებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა Top 14-იდან დაქვეითებულმა გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის “ლიონმა”, რომელმაც “ნარბონს” უმასპინძლა და მომხვდური 25:6 დაამარცხა. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და კოლელიშვილი შერკინების მესამე ხაზში სრულად გაისარჯა, ხოლო კავთიძე 53-ე წუთზე შეცვალეს. ლიონელებმა ორი გაშვებული ჯარიმის სანაცვლოდ ექვსი გაიტანეს, რასაც 70-ე წუთზე ლელო-გარდასახვაც მიაყოლეს და 9 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში გამაგრდნენ.

9 ქულა აქვს “პოსაც”, რომელიც მეორე ტურში თამაზ მჭედლიძის “ბრესანს” ეწვია და 25:21 იმარჯვა. ქართველი გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. მისმა გუნდმა შვიდი ჯარიმა გაიტანა და დაძაბულ ბრძოლაში ლიდერობას მთელი საათის განმავლობაში ინარჩუნებდა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში ორი უპასუხო ჯარიმა მიიღო და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. “ბრესანისთვის” ეს მეორე თამაშში აღებული მეორე ქულაა და ის მე-14 ადგილზეა.

მეორე გამარჯვება მოიპოვა ტარიელ რატიანიძის “აჟენმა” და 8 ქულით მეორე ადგილზეა. ვეტერანი ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში ამ სეზონში პირველად მოხვდა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს დაშავდა და 37-ე წუთზე შეცვალეს. “აჟენმა” “მონ-დე-მარსანთან” ტაიმი 8:3 მოიგო, 55-ე წუთისთვის მეტოქეს ჩამორჩა, მაგრამ შვიდ წუთში ორი ჯარიმა გაიტანა, 14:9 დაწინაურდა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” “დაქსს” პრემიალური ქულით, 33:12 აჯობა. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო, დათუნაშვილი შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნაცარაშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა ტაიმი 13:9 მოიგეს, შეხვედრის განახლებისთანავე სათამაშო უპირატესობა ქულებში ასახეს და ნაცარაშვილის შეცვლამდე 26:9 დაწინაურდნენ, ხოლო მესამე, პრემიალური ლელო 75-ე წუთზე მიითვალეს. “ორიაკს” 5 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.

ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელმა” Pro D2-ის ყველაზე ქართული გუნდი, ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბი” 41:9 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან მოედანზე მხოლოდ ორი გავიდა - მაისურაძემ შერკინების მეორე ხაზში თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ მე-14 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა, ხოლო პირველხაზელი თეთრაშვილი მოედანზე 52-ე წუთიდან გამოჩნდა. “ლა როშელი” 6 ქულით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო “ალბი” 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” “კარკასონს” დაძაბულ ბრძოლაში 20:15 სძლია. მასპინძლები ადრეული ჯარიმით და ლელოთი 8:0 კი დაწინაურდნენ, მაგრამ მერე 5 ჯარიმა გაუშვეს და 55-ე წუთისთვის 8:15 ჩამორჩნენ. სამაგიეროდ, დასკვნით 25 წუთში მათ 4 უპასუხო ჯარიმა გაიტანეს და წლეულს პირველი გამარჯვება მოიპოვეს. ამ წარმატებაში წვლილი სამივე ჩვენებურს მიუძღვის. ჩხაიძე შერკინების შემკვრელად და ნემსაძე მეორე ხაზში სრულას გაისარჯნენ, ხოლო პირველხაზელი მირცხულავა თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო. “ტარბი” 5 ქულით მე-7 ადგილზეა.

თორნიკე ლომიძის “ოშმა” ბექა შეყლაშვილის “ბეზიეს” უმასპინძლა და 23:16 იმარჯვა. ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ შეყლაშვილმა ითამაშა, რომელიც შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 11:20 აგებდა. ამის შემდეგ “ბეზიემ” ჯერ ჯარიმა გაუშვა, მერე კი, ლელო გაიტანა, მაგრამ ეს მხოლოდ პრემიალური ქულის ასაღებად ეყო და 5 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო “ოშს” 4 ქულით მე-11 ადგილი უკავია. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 14-15 სექტემბერს გაიმართება.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078527