დიდი 10

18:09 | 20.02.2016 | ნანახია 1299 - ჯერ

„ლოკომოტივმა“ დაგეგმილი მოიგო
„არმაზმა“ პირველად გაიხარა

თბილისის „ლოკომოტივმა“ რუსთავის ხარებს აჯობა სტატიკაში, პირწმინდად მოუგო შერკინება და დერეფანი, მისმა უკანა ხაზმა დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს ჩემპიონატში და გუნდმაც დაგეგმილი გამარჯვება ჩაიწერა, მაგრამ სტუმრებმა იბრძოლეს და ამით თავად ვერაფერი მიიღეს, თუმცა მეტოქეს ბონუს-ქულის აღება არ დაანებეს.

საწყის წუთებში რუსთაველები დომინირებდნენ, მაგრამ ორჯერ წააგეს საკუთარი დერეფანი და ბურთი მეტოქეს გადაულოცეს. მიუხედავად ამისა, მათი წნეხის ქვეშ თბილისელებმა შეცდომა დაუშვეს და „ხარებს“ ლელოთი დაწინაურების შანსი მიეცა, თუმცა ამით ვერ ისარგებლა და შეტევაში დაჯარიმდა. მე-12 წუთზე „ლოკომოტივმა“ პირველად შეძლო მეტოქის ნახევარზე გადასვლა, დამუშავებული კომბინაცია გაითამაშა და ლამაზი ლელოც გავიდა. დერეფნის მოგების შემდეგ ვახტანგ კავთიძემ და ზურაბ ძნელაძემ გიორგი შკინინს ხაზი ზედ კარის წინ გააჭრევინეს, შეტევაში მარჯვნიდან დიმიტრი კალანდაძე ჩაერთო, რომელმაც ერთი-ერთზე ბოლო მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, რომელიც ბექა წიკლაურმა გარდასახა - 7:0.

მერე „ლოკომოტივის“ შერკინებამ უპირატესობა მოიპოვა, ჯარიმა გამოიმუშავა და მე-17 წუთზე წიკლაურმა კარის წინ 36 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და უკვე „ხარებმა“ გამოიმუშავა ჯარიმა, მაგრამ პირველ ჯერზე უჩა მჭედლიშვილმა არაზუსტად დაარტყა, ხოლო ტაიმების გასაყარზე ცენტრიდან გაიტანა - 10:3.

მეორე ტაიმის დებიუტში ძნელაძემ ხაზი გაჭრა და კარგი ოფლოუდი გაახერხა, ლელომდე ნახევარი მეტრიღა რჩებოდა, ვაჟა ხუციშვილმა რაქიდან სწრაფად გაიტანა ბურთი და კალანდაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო წიკლაურმა ანგარიში 17:3 გახადა. მჭედლიშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მეოთხე მეოთხედის დასაწყისში კი, სტუმრებმა ლელოზე თამაში ირჩიეს, მოულოდნელად დერეფანშიც იოლად მოიგეს ბურთი და მოლით 5 მეტრი სწრაფად დაფარეს. ბურთი ჟორა მღებრიშვილმა დაამიწა, მჭედლიშვილმა კი, სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა (17:13).

„ლოკომოტივი“ გამოფხიზლდა და 6 წუთში საპასუხო ლელო გაიტანა, როდესაც ძნელაძემ მარცხენა ფლანგზე გიორგი შკინინს უპასა და მანაც მაღალ სიჩქარეზე გაინავარდა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა - 24:13! ტაიმის ბოლოს „ხარებმა“ კვლავ მოინდომა და თბილისელთა ლელოსაც მიუახლოვდა, მაგრამ მიზანს ვერ უწია, პრემიალური ქულის მომტანი კონტრ-გარღვევა არც შკინინს გამოუვიდა და თამაშიც 24:13 დასრულდა.

„ავჭალაზე“ აუტსაიდერთა შორის დიდი ბრძოლა გაიმართა. „არმიამ“ ბექა ურჯუკაშვილის წყვილი ჯარიმით ტაიმი 6:0 მოიგო და თამაშის განახლების შემდეგ ლელოც გაიტანა, მაგრამ „არმაზმა“ ძალიან მოინდომა, სულ ბოლოს ლელო გაიტანა და წაგებული თამაში სათავისოდ შეამოაბრუნა - 21:18. „არმაზისთვის“ ეს პირველი გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში და მისი მდგომარეობა კვლავ რთული რჩება. ვაზისუბნელებს მინიმუმ ორი თამაშის მოგება და დანარჩენ ორში პრემიალური ქულების აღება მართებს, რათა უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნოს.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. დიდი 10. XIV ტური

20 თებერვალი

თბილისი. “შევარდენი”. 500 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 24:13 (10:3)

ლოკომოტივი: 15. ბ. წიკლაური, 14. შკინინი, 13. ძნელაძე, 12. გაგოშვილი, 11. კალანდაძე, 10. კავთიძე, 9. დავითაშვილი; 1. ელოშვილი, 2. გენებაშვილი, 3. ბურდული, 4. მიქაძე, 5. გეგია, 6. ფოფხაძე, 7. ჟღენტი, 8. მახარაძე.

სათადარიგოები: 16. ქავთარაძე, 17. გოგისვანიძე, 18. ჩომახაშვილი, 19. საბანაშვილი, 20. პაატაშვილი, 21. ხუციშვილი, 22. ნიკოლავა, 23. ბიწაძე.

3 ლელო: კალანდაძე (2), შკინინი

3 გარდასახვა: წიკლაური

1 ჯარიმა: წიკლაური

ხარები: 15. მჭედლიშვილი, 14. ბებიაშვილი, 13. ღამბაშიძე, 12. ნათელაშვილი, 11. მელიქიშვილი, 10. ბასილაია, 9. ბუჯიაშვილი; 1. ესართია, 2. აღაშვილი, 3. მ. წიკლაური, 4. ვერძეული, 5. ცხადაძე, 6. ლ. გოგიაშვილი, 7. ქვლივიძე, 8. მღებრიშვილი.

სათადარიგოები: 16. მაღრაძე, 17. თაგაური, 18. გოგოლაძე, 19. ხელია, 20. ღამბარაშვილი, 21. მისრიაშვილი, 22. ბეჟუაშვილი, 23. ბებიაშვილი.

1 ლელო: მღებრიშვილი

1 გარდასახვა: მჭედლიშვილი

2 ჯარიმა: მჭედლიშვილი

თბილისი. “ავჭალა”.

არმია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 18:21 (6:0)

გუნდები თ მ ფ წ +/- ქ ბ

ლელო-სარასენსი 13 10 1 2 250:178 45 3

ლოკომოტივი 14 9 1 4 261:197 43 5

ბათუმი 13 9 1 3 222:172 42 4

ჯიქი 13 7 1 5 205:148 36 6

ყოჩები 13 8 0 5 224:201 36 4

აია 13 7 2 4 210:182 35 3

აკადემია 13 5 0 8 130:189 24 4

ხარები 14 4 0 10 166:240 21 5

არმია 14 3 1 10 226:301 21 7

არმაზი 14 1 1 12 186:270 13 7

21 თებერვალი

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

აკადემია (თბილისი) - ჯიქი (გორი)

თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ბათუმი (ბათუმი)

თბილისი. “ლელო” (დიდი დიღომი). 16:00 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - აია (ქუთაისი)

ზურა ქსოვრელი

ლაშა ლორქიფანიძის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.199984