ამბები

12:26 | 24.09.2013 | ნანახია 2416 - ჯერ

ჩხაიძის პირველი ლელო “ტარბის” მაისურით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მორკინალმა გიორგი ჩხაიძემ, რომელიც საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონ Pro D2-ის “ტარბში” მეორე სეზონს ატარებს, ამ გუნდის მაისურით პირველი ლელო გაიტანა.

ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი”, IV ტურში ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბის” მასპინძლობდა. 32 წლის ჩხაიძე, რომელიც ბოლო დროს ნაკრებში შერკინების მეორე ხაზში გადაიყვანეს, ტრადიციულად “ტარბის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. შერკინების მესამე ხაზში 79 წუთი ითამაშა ნემსაძემ, ხოლო მირცხულავა შეცვლაზე, 55-ე წუთზე შევიდა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55 წუთი ფულბეკად (15 ნომერი) ითამაშა თოდუამ, ხოლო პირველხაზელი თეთრაშვილი, შესვენებისას შეცვალეს. მასპინძლებმა ხუთი ლელო გაიტანეს. მეორე ლელოს დროს, მოწინააღმდეგის წითელ ზოლში ჩხაიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და კონტაქტზე წასვლის ნაცვლად, ტრიალში გამთამაშებელს უპასა, რასაც ფლნაგზე ლელო მოჰყვა. 28-ე წუთზე, ის 5-მეტრა შერკინებას მოეხსნა, მანძილი რამდენიმე მეტოქესთან ჭიდილში დაფარა და ბურთი დაამიწა, ხოლო მეხუთე ლელოს დროს, 69-ე წუთზე, ასევე 5-მეტრა შერკინებისას ფეხით აკონტროლებდა ბურთს და ლელოსაც თავად გაიტანდა, მაგრამ უკვე საკუთარ ჩათვლის მოედანში ალბელები წამოიშალნენ და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ. “ტარბმა” 42:19 იმარჯვა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 11 ქულით მე-6 ადგილზეა. “ალბიმ” ყველა თამაში რომ წააგო, მხოლოდ ერთხელ აიღო პრემიალური ქულა და 1 ქულით ბოლო, მე-16 ადგილს იკავებს.

ოთხივე თამაში მოიგო და 18 ქულით პირველ ადგილზეა გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის “ლიონი”, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ავსტრალიელი ტიმ ლეინი წვრთნის. IV ტურში, ლიონელებმა ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “პოს” უმასპინძლეს და პრემიალური ქულით, 39:7 იმარჯვეს. კოლელიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 27-ე წუთზე მეტოქის დაცვის ხაზი გაგლიჯა, რასაც მეტოქის მხრიდან დაჯარიმება მოჰყვა, მაგრამ ვიტო დაშავდა და ტაიმის ბოლომდე დროებით შეცვალეს. ქართველი მესამეხაზელი მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან მოედანზე დაბრუნდა და 61-ე წუთამდე ითამაშა.

პირველხაზელი კავთიძე თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო. ლელო პირველმა “ლიონმა” გაუშვა, მაგრამ მანამდე გატანილ ჯარიმას ლელო, გარდასახვა და კიდევ ერთი ჯარიმა შემატა - 13:7. მეორე ტაიმში მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და კოლელიშვილის შეცვლამდე სამი ლელო გაიტანეს, მერე კიდევ ერთი და დიდი სხვაობით იმარჯვეს.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა”, თამაზ მჭედლიძის “ბურგ-ან-ბრესი” პრემიალური ქულით, 34:7 დაამარცხა. მატჩში მხოლოდ მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა. ორივე სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველხაზელი ნაცარაშვილი 47-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორეხაზელმა დათუნაშვილმა, საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე, ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. “ორიაკი” მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და ტაიმი 10:0 მოიგო, ხოლო მე-60 წუთისთვის 27:0 დაწინაურდა. სტუმრებმა ლელო რომ გაიტანეს, მასპინძლებმა ისევ მოინდომეს, მეოთხე ლელო მიითვალეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. “ორიაკმა” 10 ქულა მოაგროვა და მე-7 ადგილზეა, ხოლო “ბურგ-ან-ბრესი”, 6 ქულით, მე-14 პოზიციაზეა.

ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” “დაქსს” ეწვია და 13:27 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ 30-ე წუთისთვის, ანგარიში 13:13 იყო, ხუთ წუთში მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს და ამის შემდეგ, ანუ მთელი 45 წუთი, ანგარიში აღარ შეცვლილა. “ბეზიე” 9 ქულით მე-9 ადგილზეა.

ტარიელ რატიანიძის “აჟენმა” “ბურგონი” მიიღო და 39:12 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52 წუთი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები საწყის 10 წუთში 0:6 ჩამორჩნენ, შესვენებამდე მათ სამი ლელო გაიტანეს და ტაიმი 24:9 მოიგეს. მეორე ნახევარში კიდევ ორჯერ დაამიწეს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში და პრემიალური ქულაც აიღეს. “აჟენს” 14 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.

14 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”, რომელმაც განვლილ ტურში, თორნიკე ლომიძის “ოშს” სტუმრად 17:13 სძლია. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. “ოში” 6 ქულით მე-12 ადგილზეა. Pრო D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 28-29 სექტემბერს გაიმართება.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.108509