დღეს ნაშუაღამევს, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ ამერიკული ტურნეს პირველ მატჩს გამართავს არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებთან (პუმიტას). „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ ატლანტის ოკეანე 16 თებერვალს გადაკვეთეს და ბუენოს აირესში დაბინავდნენ. ლა-პლატაში თამაში თბილისის დროით 24 საათზე დაიწყება და ქართველ გულშემატკივარს მხოლოდ ტექსტური „ლაივით“ მოუწევს დაკმაყოფილება, ისიც მხოლოდ საქართველოსთვის არაპოპულარულ „თვითერზე“.
ქართველმა 20-წლამდელებმა შარშან მსოფლიოს ჩემპიონატის „ალაფა“ მოიგეს და 12-გუნდა ელიტარულ მსოფლიოს ჩემპიონატში თამაშის უფლება მოიპოვეს, რომელიც ივნისში ინგლისში გაიმართება. სწორედ გუნდის ამ ტურნირისთვის უკეთ მოსამზადებლად დაიგეგმა სამხრეთ ამერიკული ტურნე, რომლის ფარგლებშიც „ბორჯღალოსნები“ არგენტინასთან ორ (დღეს და 24 თებერვალს) და ურუგვაისთან ორ (28 თებერვალი და 4 მარტი) ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველთა მეტოქეები ახალი ზელანდიის, უელსისა და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ილია მაისურაძე ამბობს:
„ჩვენთვის დიდი პატივი, გამოწვევა და შესანიშნავი შესაძლებლობაა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა. მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან მოგვიწევს შეხვედრა და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რათა ღირსეულად ვითამაშოთ და ამისათვის, საუკეთესო შემადგენლობა უნდა შევკრიბოთ. თამაშის ხარისხი უნდა ავწიოთ და ამ ტურნეს მიზანიც სწორედ ესაა“.
არგენტინის ნაკრებთან ორი ჯახი ქართველ ახალგაზრდებს მართლაც წაადგებათ, რადგან „პუმიტასი“ 20-წლამდელთა ელიტურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი დაარსების დღიდან თამაშობს, საქართველოს ნაკრებს კი, ბოლო წლებში, ამ ასაკში ელიტის წარმომადგენელთან პირველად მოუწევს შეხვედრა.
20 თებერვალი. ბუენოს აირესი (არგენტინა). 24:00 საათი
არგენტინა U20 - საქართველო U20
არგენტინა: 15. ენრიკე კამერლიკქსი, 14. ხოსე ბაროს სოსა, 13. გონსალო მუნიეს ბულრიხი, 12. ტეო კასტილიონი, 11. ბაუტისტა დელგუე, 10. დომინგო მიოტი, 9. პატრისიო ბარონიო; 1. ხუან პაბლო ენრიკე, 2. გასპარ ბალდუნსიელი, 3. სანტიაგო მედრანო, 4. ფრანკო მოლინა, 5. უგნასიო კალასი, 6. ბენიტო პაოლუჩი (კაპ.), 7. ვისენტე ბორონატი, 8. მარკოს კრემერი.
სათადარიგოები: 16. რომან პრეტცი, 17. ხერემი ტარტერი, 18. რუბენ რიხო, 19. მარიანო რომანინი, 20. კონრადო როურა, 21. ლაუტარო ბაძანი, 22. მარტინ ელიასი, 23. ფელიპე ფრეირე.
საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. დავით მესხი, 10. რატი შანიძე, 9. გელა აფრასიძე; 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ნიკა ნეფარიძე (კაპ.), 4. მიხეილ ბუბუნეიშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ირაკლი ცხადაძე, 8. მიხეილ გორგასლიძე.
სათადარიგოები: 16. გოგა ხურიშვილი, 17. უშანგი ჭეიშვილი, 18. გიორგი უშხვანი, 19. გაგა არაბული, 20. სანდრო ილურიძე, 21. ლაშა მამუჩარაშვილი, 22. დავით მოძღვრიშვილი, 23. სანდრო მერკვილიშვილი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია